Home Blog Page 1753

პარიზში ახალ საიმიგრაციო კანონს აპროტესტებენ

პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

მსვლელობაში ის უცხოელებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც საფრანგეთში სამუშაოდ საჭირო დოკუმენტები არ აქვთ.

ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი, რომელიც საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს და სოციალური დახმარების მიღებას ართულებს. ახალი წესებით ძნელდება მიგრანტების მიერ ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

“2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.5 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 090.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 9.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15 438.4 მლნ აშშ დოლარია და 14.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 979.3 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 2 401.5 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 2 046.3 მლნ აშშ დოლარით.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მიმართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს – კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ.

მათივე ცნობით, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის.

„2023 წელს, სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 6 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე, დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია – საავტომობილო საწვავის, მოცვის და თხილის ბაზრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

უამინდობის გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია შემდეგი საავტომობილო გზის მონაკვეთებზე:

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომისაჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39- კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდიჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ178 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო, კმ100-კმ178 (ლახამულა-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.

კვლევაში არსებული კითხვები, ზუსტად იმ ფაქტორებს ფარავს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნეს გარემოს შემაფერხებელი ფაქტორები.

საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.

კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 13-ე ადგილზე, ევროპაში კი 9 ადგილზე გავიდა.

გლობალურად, კორუფციის არსებობა ბიზნესგარემოზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 7%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -11%-ია.

ასევე, საუკეთესო მაჩვენებელია იმ სამთავრობო ინსტანციებზე, სადაც ზოგადად, ყველაზე დიდი ალბათობაა რომ დაფიქსირდეს ქრთამის მოთხოვნის/შეთავაზების ფაქტი (სამშენებლო ნებართვები, სამთავრობო კონტრაქტები და საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრები). საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევების შეფასებითი მაჩვენებელი სამშენებლო ნებართვებისათვის 2%-ს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9%-ს აღწევს, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 13%-ია.

0 ერთეულს (პროცენტს) შეადგენს კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები სამთავრობო კონტრაქტების მოსაპოვებლად. შესაბამისად 0-ის ტოლია საჩუქრის ღირებულებაც, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადაიხადონ, სამთავრობო კონტრაქტის შესანარჩუნებლად. ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის.

ასევე 0-ის ტოლია საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრისას საჩუქრის გაცემის სიხშირე და შესაბამისად საჩუქრის ღირებულების შეფასებითი მაჩვენებელიც. ამ ორი მაჩვენებლის მიხედვითაც, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის.

ცნობისთვის: 2013 წლამდე არსებული მონაცემებით საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელებისა 9.84% შეადგენდა. შესაბამისად 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.43% გახდა. ყველაზე საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-მდე გაუმჯობესდა (ფირმების %, რომლებსაც ქრთამის აღების მოთხოვნის ერთი ფაქტი მაინც შეემთხვათ).

2023 წელს საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა

2023 წელს, საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი 1 887 223-მა პირმა დატოვა.

დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ბოლო – მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, ვინც ქვეყნიდან გავიდა, 359 030 შეადგინა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული სამი კვარტლისაგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი არა რუსეთის ფედერაციამ, არამედ თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველი ექვსეული ბოლო კვარტალში ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.

შსს-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) ჯამში, 4 609 381-ჯერ განხორციელდა. განხორციელებული საზღვრის კვეთის 33% ქართველებზე, 67% კი უცხოელებზე მოდის.

უწყების ინფორმაციითვე, 2023 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 1 563 549 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, 1 533 655 კი გავიდა.

პოლიციამ თელავის მუნიციპალიტეტში სამი თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტში სამი თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.

„კიევის მერი შეშფოთებულია, რომ უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის დროს სულ უფრო ავტოკრატული ხდება“

Vitali Klitchko, the city mayor of Kyiv at his office in Kyiv, Ukraine. The picture made on 18 Jan 2024

კანადის გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“ (The Globe and Mail – ტორონტო) გამოქვეყნებულია ინტერვიუ სათაურით „კიევის მერი შეშფოთებულია, რომ უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის დროს სულ უფრო ავტოკრატული ხდება“, რომელშიც ჟურნალისტი მარკ მაკინონი ვიტალი კლიჩკოს ზოგიერთ საკითხზე ესაუბრება, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის არადემოკრატიულ სტილზე, უკრაინის მასმედიის შეზღუდვის მცდელობებზე და ა.შ.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:

„უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ კიევის მერმა იცის, რომ ყველა დარაზმული უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურისა და სახელმწიფოს დროშის ირგვლივ. მაგრამ ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ იგი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ვალდებულია თავისი პოზიცია გამოხატოს დემოკრატიული პრინციპებიდან უკრაინის გადახრის გამო – იმ პრინციპებიდან, რომლის დასაცავად მან უნდა იბრძოლოს.

კიევის მერის აზრით, მისი ქვეყანა უკრაინა სულ უფრო ავტოკრატული ხდება. ბოლო 23 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ინფორმაციის გავრცელებაზე მონოპოლია გამოაცხადა – უპირატესობა ეძლევა მთავრობის მიერ კონტროლირებულ პროგრამას „გაერთიანებული ახალი ამბების ტელემარათონს“ (United News), რომელშიც ხელისუფლების კრიტიკოსებს გამოსვლის უფლება არ აქვთ, იმავდროულად კი ის ჟურნალისტები, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გარემოცვას აკრიტიკებენ, ზეწოლასა და დევნას განიცდიან. ვიტალი კლიჩკო ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებად თვლის იმ ფაქტსაც, რომლის თანახმად, უკრაინის ქალაქების 200 მერი და ადგილობრივი საბჭოების არჩეული ხელმძღვანელები დანიშნულმა სამხედრო ადმინისტრატორებმა ჩაანაცვლეს.

ორივე გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამხედრო მდგომარეობის შესაბამისად, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გამოაცხადა. ამასტან კიევის მერი შიშობს, რომ იმ რეფორმების შედეგები და მოპოვებული თავისუფლებები, რომლებისთვისაც უკრაინელები ორი პროდასავლური რევოლუციის („მაიდნების“) დროს იბრძოდნენ, შეიძლება დაიკარგოს.

„იმას, რაც დღეს ხდება და რასაც ვხედავ, მე დემოკრატიას ვერ ვუწოდებ. ამ ყველაფერს ვერტიკალისა და ავტორიტარიზმის სუნი ასდის“, – განუცხადა ვიტალი კლიჩკომ Globe and Mail-ის კორესპონდენტს ინტერვიუში, კიევის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრისას, – „მომხდარი მოვლენების უკან ზოგიერთი ადამიანის სურვილი იმალება – გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებით – რომ ყველაფერი ცენტრალიზებული წესით მოქმედებდეს. მე ასევე ვხედავ სამთავრობო მედიის მცდელობას, რომ ინფორმაცია მათაც ცენტრალიზებულად, ვერტიკალის პრინციპით გაავრცელონ“. ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება ამ მხრივ რუსეთს დაემსგავსოს, სადაც აღარ არსებობენ არც ოპოზიციური პარტიები და მასმედია, რომლებიც ადრე ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ.

„კანონით ჩვენთან ქალაქების მერები და თემების ხელმძღვანელები ირჩევიან, მაგრამ დღეს არჩეული თანამდებობის მქონე პირები ზემოდან, ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ადამიანებმა შეცვალეს. აი, ამიტომ ვარ შეშფოთებული“, – ამბობს ვიტალი კლიჩკო, – თუ მე ვხედავ უკანონობას და მათზე არაფერს ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ მეც ვეთანხმები. არ მსურს, რომ [ვინმემ] ჩემზე ასე იფიქროს“.

ვიტალი კლიჩკომ, მსოფლიოს ექს- ჩემპიონმა კრივში, აღნიშნა, რომ თავის შეშფოთება კიევში მყოფ დასავლელ ელჩებსაც აცნობა. კითხვაზე, გაიზიარეს თუ არა უცხოელმა დიპლომატებმა მისი პოზიცია, კიევის მერმა უპასუხა, რომ „დიახ, გაიზიარეს“.

ვიტალი კლიჩკო უკრაინაში მზარდ ავტორიტარიზმის შესახებ პირველად გასულ თვეში განაცხადა შვეიცარიის ერთ-ერთი გამოცემისადმი საუბრის დროს. მისი ამჟამინდელი ინტერვიუ The Globe And Mail-ისადმი განაპირობა ინციდენტებმა, რომლებმაც ქვეყანაში ეჭვები გამოიწვიეს პრესის თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით

გასულ კვირას ჟურნალისტმა იური ნიკოლოვმა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკოსს წარმოადგენს, განაცხადა, რომ უცნობი პირები მივიდნენ მის ბინასთან და ყვირილი დაუწყეს, რომ ფრონტზე წასულიყო, თან კარზე მიაწერეს – „აქ ცხოვრობს უკრაინის მოღალატე“.

ამ ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფარული კამერით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახულია თუ როგორ სარგებლობენ ნარკოტიკებით საინფორმაციო ვებ-გვერდის Bihus.Info-ს თანამშრომლები. კაცმა რომ თქვას, ეს ფაქტი შეიძლებოდა ჩვეულებრივ ამბავად აღქმულიყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ჟურნალისტები მთავრობის კრიტიკოსები იყვნენ, ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. სააგენტო Bihus.Info-ს ხელმძღვანელმა დენის ბიგუსმა განაცხადა, რომ თანამშრომლებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა, მათზე ზეწოლის მოხდენისა და დისკრედიტაციისათვის მიზნით, რომ ჟურნალისტური გამოძიება შეეწყვიტათ. ჟურნალისტებს მხარი დაუჭირეს უკრაინის დამოუკიდებელმა მედიასოციაციამ, საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა და სხვებმა. სკანდალი იმდენად რეზონანსული გახდა, გახდა, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ტელემიმართვის დროს განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა დაუშვებელია და რომ ეს ფაქტი გამოძიებული იქნება.

ინტერვიუში ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ იგი მიესალმება პრეზიდენტის პოზიტიურ განცხადებას და რომ ქვეყნის მეთაურმა ყურადღება მიაქცია სპეცსამსახურების უკანონო მოქმედებას დამოუკიდებელი მასმედიის დათრგუნვის მიზნით.

კითხვაზე – „აგიკრძალეს თუ არა ოდესმე მთავრობის ტელემედიით გამოსვლა და თქვენი პოზიციის დაფიქსირება“ – ვიტალი კლიჩკომ მცირე ხნის პაუზის შემდეგ ასეთი ირიბი პასუხი გასცა: ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებიდან ზოგიერთები ცალმხრივი და კონტროლირებადი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნამდვილი, ობიექტური ინფორმაცია. დამეთანხმებით, რომ ინფორმაციაზე მონოპოლია დემოკრატიისათვის კარგი არ არის“.

კიევის მერის თქმით, მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი მასმედია აქებს და ადიდებს უკრაინის არმიის წარმატებებს, მაგრამ წარუმატებლობისა და მარცხის მნიშვნელობას ან ამცირებს, ან მატზე საერთოდ არაფერს ამბობს. „საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რა ცუდი ამბები ხდება სინამდვილეში ფრონტის წინა ხაზზე და ამიტომ ხალხი კრიტიკულად შეხვდა სამხედროების თხოვნას არმიაში 500 ათასი მოქალაქის გაწვევის შესახებ. არმიის დანაკარგების შევსება აუცილებელია, რომ რუსეთის შეტევა შევაჩეროთ. ამიტომ მთავრობამ, როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს, ხალხს სრული სიმართლე უნდა უთხრას: ფრონტზე უმძიმესი მდგომარეობაა და ამიტომ არმიას დამატებითი ცოცხალი ძალა ჭირდება“.

„გლოუბ ენდ მეილმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვიტალი კლიჩკოს ნათქვამზე კომენტარისთვის მიმართა, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიუღია.

როგორც კიევის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის დირექტორი პეტრე ბურაკოვსკი ამბობს, ვიტალი კლიჩკოს მიერ გამოთქმული კრიტიკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ იმის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ კონკურენტული პოლიტიკა დაბრუნდა. როგორც ცნობილია, ომის დაწყების დროიდან ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ ერთმანეთთან მეტოქეობა გადაავადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ერთად გამოსულიყვნენ, ახლა კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთმანეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება განახლდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა და რეიტინგი დაეცა, მაგრამ სხვებთან შედარებით მაინც ბევრად მაღალია (გამოკითხულთა 71% პრეზიდენტს ენდობა). მისი ასე თუ ისე სერიოზულ მეტოქედ შეიძლება ცაითვალონ ბიკოლევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი (მან თავის ისახელა ნიკოლაევის ოლქში მიმდინარე ბრძოლების დროს), აგრეთვე ფილანტროპი სერგეი პრიტულა, რომლის მიერ შექმნილი ფონდი არმიას ფულისა და სხვა სახსრების შეგროვებაში ეხმარება, იარაღის შესყიდვის მიზნით.

ვიტალი კლიჩკო, ისევე როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, როცა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის არმიის ქვედანაყოფები კიევს მიუახლოვდნენ, თავის სამუშაოზე დარჩა და არსად არ წასულა. გამოკითხვის მიხედვით, მას მხარს უჭერს მოსახლეობის 40%.

მიუხედავად იმისა, რომ კიევის მერმა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება დემოკრატიიდან გადახრაში დაადანაშაულა, იგი ინტერვიუში დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ ამჟამად უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს, შეუძლებელია – საომარი მდგომარეობის გამო: ასეულ ათასობით მოქალაქე ფრონტზე იბრძვის, მილიონობით უკრაინელი კი საზღვარგარეთ, იძულებით მიგრაციაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფება.

ვიტალი კლიჩკოს აზრით, მისი გამონათქვამები ხელისუფლებამ „თავდასხმად კი არ უნდა აღიქვას, არამედ როგორც კონსტრუქციულ კრიტიკად“. „ჩემი კრიტიკა აღქმული უნდა იყოს როგორც დახმარება, როგორც იმ პრობლემის ჩვენება, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. კრიტიკა აგრესიულ ქმედებად არ უნდა იქნეს შეფასებული. კრიტიკა გვეხმარება იმაში, რომ შეცდომა არ დავუშვათ და თუ დაშვებულია, დროულად უნდა გამოსწორდეს“, – ასეთი პასუხის გასცა კიევის მერმა „გლოუბ ენდ მეილის“ ჟურნალისტის კითხვას – ხომ არ ნიშნავს მისი პოზიცია იმას, რომ ქვეყნის მმართველ ელიტაში განხეთქილება შეიმჩნევა..

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ უნდა დავივიწყოთ, თუ რისთვის ვიბრძვით. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული დემოკრატიული ოჯახის, დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი“, – ამბობს კიევის მერი ინტერვიუს დასასრულს.

წყარო

“დოლარის არომატზე დაგეშილები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ “რუსული შემოდგომისთვის” – დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე

„გონებრივი, ინტელექტუალური დეგრადაციის ევოლუციას თუ გინდა დააკვირდე, დღეს საქართველოში ამისთვის ფართო ასპარეზი გვაქვს, სამწუხაროდ. როგორც მინიმუმ, ორი ძირითადი ბანაკი გამოიკვეთა და ერთმანეთთან ასპარეზი აქვთ გამოცხადებული, ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაყენებელი ზიანის ხარჯზე,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ვრცელ პოსტში საუბარია იმაზე, თუ როგორ ემზადებიან რევანშისტული ძალები „რუსული შემოდგომისთვის” თავისი „რუსული არჩევნებითა“ და „რუსული გაყალბებით“.

„ახალი წლის დადგომისთანავე აგუგუნდა ნაცსექტის „რუსული ლაბორატორია” – USAID-ის ხაზითაც ამბავი მოუვიდათ: „პრემია იქნება, თითო სტიგმა – სტოტიЩი” და „წავიდა ესემესები”: „რუსული შობა”, „რუსული ხატი”, „რუსული სარწმუნოება”, „რუსული ნათლისღება”. იანვრის თემის ათვისების შემდეგ წინ იქნება „რუსული მირქმა”, „რუსული დიდი მარხვა” და რაც მთავარია – „რუსული აღდგომა.” დოლარის არომატზე დაგეშილები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ „რუსული შემოდგომისთვის” თავისი „რუსული არჩევნებითა” და „რუსული გაყალბებით”. მაგრამ არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც „ტაივანურ დოლარზეც” კი თანახმაა, თავისი კომუნისტ-ყოფილი მეუღლის ვერშემდგარი საბჭოთა პენსიის ასანაზღაურებლად.

სულ რომ არ გინდოდეს ის კლასიკური ანეკდოტი გახსენდება, სკოლიდან სახლში ატირებული ბიჭუნა რომ ბრუნდება: „პაპ-ჯან, კლასში ბავშვები დამცინიანო: სომეხი ხარო!”. მერე შენც დასცინეო, მამამ: თქვე ქართველებოო! დავცინიო, პაპ-ჯან, განა არ დავცინიო, მაგრამ არა სწყინთო!

გონებრივი, ინტელექტუალური დეგრადაციის ევოლუციას თუ გინდა დააკვირდე, დღეს საქართველოში ამისთვის ფართო ასპარეზი გვაქვს, სამწუხაროდ. როგორც მინიმუმ, ორი ძირითადი ბანაკი გამოიკვეთა და ერთმანეთთან ასპარეზი აქვთ გამოცხადებული, ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად მისაყენებელი ზიანის ხარჯზე.

მაგრამ ამ სიჩლუნგეში ჩემი ფავორიტები – მაინც USAID-ის „ლეკვებია” თავისი „რუსული” ვარიაციებით, რომლებიც აღარც გვწყინს, უბრალოდ აზროვნებისაგან გამოშიგნული გონების დაქვეითებული შესაძლებლობების, ახალ „მწვერვალებზე” აყვანის სამეცნიერო დაკვირვებას ვაწარმოებთ. ხშირად გვიწევს იმის განმეორება, რომ ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს მოუწევს ურთულესი „რუსული დრაკონის” წელიწადთან გამკლავება. მაგრამ, ეს წელიწადიც გაივლის და თუ წლევანდელ დიდ მარხვას (აქ მხოლოდ „კულინარულ” ასპექტს არ ვგულისხმობ) ოდნავ უფრო გამძაფრებული „რუსული შემართებით” გავივლით, „რუსულ შემოდგომაზე” ვინ დაითვლის „ქართულ წიწილებს”, ამასაც დავანახებთ „რუსული ლაბორატორიის” მესვეურებს…“ – წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

ომის 698-ე დღე- უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

22 იანვრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.

„რვავე „შაჰედი“ განადგურდა უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების მიერ“, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს მიკოლაივის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.

 

დონეცკის გარეუბანში მდებარე ბაზარზე თავდასხმის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

რუსეთის მიერ კონტროლირებული ქალაქის მმართველობა ბაზრის ტერიტორიის დაბომბვაში უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის დაბომბვაში მონაწილეობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ.

გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის 9 რეგიონზე მიიტანეს იერიში. შეიარაღებული ძლების ცნობით, საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

„მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში რუსმა არაადამიანებმა უკრაინის 9 რეგიონში ასობით ქალაქი, სოფელი და დასახლება დაბომბეს. ჩერნიჰივიდან სუმამდე, ასევე მიკოლაევის, კიროვოგრადის და განსაკუთრებით, დონეცკის ოლქები. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 60-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ავდიივკის, ბახმუტის, მარიინკის, კუპიანსკის ოლქებში, ასევე ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ტრადიციული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს აძლიერებს, რათა მეტი საბრძოლო მასალა შეიძინოს” – „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების შესახებ მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთი აძლიერებს ურთიერთობას ჩრდილოეთ კორეასთან, რათა შეიძინოს მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალა საზღვარგარეთიდან რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტის ფონზე.

სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში უახლოეს მომავალში და რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების გაღრმავება არის რუსეთის მცდელობების ნაწილი, შეიძინოს საბრძოლო მასალა საზღვარგარეთიდან.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები ციტირებენ, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რამაც რუსეთს „ცოტა ამოსუნთქვის“ საშუალება მისცა.

ინფორმაციისთვის, 20 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩოი სონგ ჰესთან შეხვედრისას მზადყოფნა გამოთქვა, ეწვიოს ჩრდილოეთ კორეას.

მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს.

2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ გლობალურად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები თანდათანობით მცირდება. მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანიდან 1 მოიხმარს თამბაქოს, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 3-დან 1 იყო.

ანგარიშის მიხედვით, 150-მა ქვეყანამ წარმატებით შეამცირა თამბაქოს მოხმარება. ბრაზილიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს მოხმარებას შემცირდა მას შემდეგ, რაც მათ განახორციელეს MPOWER თამბაქოს კონტროლის ზომები, ბრაზილიაში თამბაქოს მოხმარება 2010 წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდები – 30%-იანი მიზნის მიღწევის ზღვარზეა.

„ბოლო წლებში თამბაქოს კონტროლის კუთხით პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ ახლა თვითკმაყოფილების დრო არ არის. გაოგნებული ვარ იმ მასშტაბით, რაზეც თამბაქოს ინდუსტრია წავა საკუთარი მოგების გასაზრდელად ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ მომენტში, როდესაც მთავრობა იფიქრებს, რომ მან მოიგო ბრძოლა, თამბაქოს ინდუსტრია ისარგებლებს შესაძლებლობით, მოახდინოს ჯანმრთელობის პოლიტიკის მანიპულირება და სასიკვდილო პროდუქტების გაყიდვა” – ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს გააგრძელონ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ პოლიტიკაში ჩარევის წინააღმდეგ.

ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს აქვს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი – 26,5%, მას ოდნავ ჩამორჩება ევროპის რეგიონი – 25,3%. ანგარიში აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ევროპის რეგიონში პროგნოზირებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები – 23%-ზე ოდნავ მეტი. ევროპის რეგიონში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ქალებში ორჯერ მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და გაცილებით ნელა მცირდება, ვიდრე ყველა სხვა რეგიონში.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები მცირდება, 2025 წლისთვის მსოფლიო თამბაქოს მოხმარების შემცირებას მხოლოდ 25%-ით მიაღწევს, რითაც შეუსრულებელი დარჩება ნებაყოფლობითი გლობალური მიზანი 2010 წელთან შედარებით 30%-იანი შემცირების შესახებ. გლობალურად მხოლოდ 56 ქვეყანა მიაღწევს ამ მიზანს, რაც 4 ქვეყნით ნაკლებია, 2021 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

2010 წლის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება ოდნავ შეიცვალა, მაშინ როცა 6 ქვეყანაში იგი კვლავ იზრდება. ეს ქვეყნებია კონგო, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ომანი და მოლდოვის რესპუბლიკა.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ თამბაქოს კონტროლში, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2023″, გამოქვეყნებული STOP-ისა და თამბაქოს კონტროლის კარგი მმართველობის გლობალური ცენტრის მიერ, აჩვენებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის დაცვის მცდელობები თამბაქოს ინდუსტრიის გაზრდილი ჩარევისგან მთელ მსოფლიოში გაუარესდა.

კვლევები ეროვნულ დონეზე მუდმივად აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ. მომავალი თაობების დასაცავად და თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად ჯანმო წლევანდელ „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე”-ს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევისგან ბავშვების დაცვას მიუძღვნის.

მომავალ თვეში ქვეყნები შეიკრიბებიან პანამაში ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენციის მე-10 სესიაზე, სადაც თამბაქოს ინდუსტრია შეეცდება გავლენა მოახდინოს ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაზე ფინანსური და მატერიალური სტიმულების შეთავაზებით და დაარღვიოს ქვეყნების უფლება დაიცვან თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობა. FCTC-ის გაძლიერება არის ჯანმრთელობის გლობალური პრიორიტეტი, რომელიც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებში. ჯანმო მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნებს თამბაქოს ინდუსტრიისაგან თამბაქოს კონტროლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური ზომების დაცვაში.