საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია

29
spot_img

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.

კვლევაში არსებული კითხვები, ზუსტად იმ ფაქტორებს ფარავს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნეს გარემოს შემაფერხებელი ფაქტორები.

საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.

კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 13-ე ადგილზე, ევროპაში კი 9 ადგილზე გავიდა.

გლობალურად, კორუფციის არსებობა ბიზნესგარემოზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 7%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -11%-ია.

ასევე, საუკეთესო მაჩვენებელია იმ სამთავრობო ინსტანციებზე, სადაც ზოგადად, ყველაზე დიდი ალბათობაა რომ დაფიქსირდეს ქრთამის მოთხოვნის/შეთავაზების ფაქტი (სამშენებლო ნებართვები, სამთავრობო კონტრაქტები და საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრები). საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევების შეფასებითი მაჩვენებელი სამშენებლო ნებართვებისათვის 2%-ს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9%-ს აღწევს, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 13%-ია.

0 ერთეულს (პროცენტს) შეადგენს კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები სამთავრობო კონტრაქტების მოსაპოვებლად. შესაბამისად 0-ის ტოლია საჩუქრის ღირებულებაც, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადაიხადონ, სამთავრობო კონტრაქტის შესანარჩუნებლად. ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის.

ასევე 0-ის ტოლია საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრისას საჩუქრის გაცემის სიხშირე და შესაბამისად საჩუქრის ღირებულების შეფასებითი მაჩვენებელიც. ამ ორი მაჩვენებლის მიხედვითაც, საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი უჭირავს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის.

ცნობისთვის: 2013 წლამდე არსებული მონაცემებით საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელებისა 9.84% შეადგენდა. შესაბამისად 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.43% გახდა. ყველაზე საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-მდე გაუმჯობესდა (ფირმების %, რომლებსაც ქრთამის აღების მოთხოვნის ერთი ფაქტი მაინც შეემთხვათ).