Home Blog Page 1752

“ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ” – ვოლსკი

ეკლესიის მიმართ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს – ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია.

ვოლსკის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა.

მისივე აზრით, „ხვალ სხვა კონფესიებსაც გადასწვდებიან”.

„ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს, კონკრეტულ განცხადებებსა და ქმედებებში აუცილებლად ამოიკითხავს ტერორიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს – გინდ სიტყვიერს, გინდ იდეოლოგიურს და გინდ ფიზიკურ ტერორიზმს, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება.

ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას ქმნის.

იცით რა ისტორია, სხვა ქვეყნის მაგალითები და საზოგადოებაში დაპირისპირების კერების გაჩენის მეთოდოლოგია, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია. ეს მხოლოდ მართლმადიდებლურ კონფესიას არ ეხება – ეს ყველა ადამიანს ეხება, ეხება თუნდაც ათეისტს, ვისაც სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშკარად ჩანს, რომ მიზანმიმართული ბრძოლაა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ -კახა კალაძე

ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ რეალობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს ვინ ვინ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„არის კონკრეტული ფაქტები და ქმედებები, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს და მნიშვნელოვანს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ჩვენი კულტურა, წარსული, ჩვენი ადათ-წესები. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო მათი ქმედებებიდან. ასეთი უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ რეალობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს ვინ ვინ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება.

„გადავხედოთ წლების წინ მათ ქმედებებს. აშკარად ჩანს, რომ მიზანმიმართული ბრძოლაა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ. მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება და ანალიზსაც აკეთებს. ამიტომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოვახდინოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე პარტიული ინტერესები -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იბრძვიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა კი მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია.

დედაქალაქის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს.

„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და კარგად ვიცით, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკაში – რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი დღეს იბრძვის იმაზე, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლოს. რეალურად, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც შესწევს ძალა, გაატაროს ქართული პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები; დაიცვას ჩვენი ქვეყანა; შეინარჩუნოს მშვიდობა და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ. კიდევ უფრო მაღლა დავაყენებდი მის როლს – ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის და ხვალინდელი დღისთვის ამ ადამიანის როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რა პოტენციალი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, კახა კალაძე პასუხობს, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივოა.

„ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა საზოგადოებაში, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ესაა რეალობა და მოცემულობა, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს და მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს – „მტკიცე დამცველი 2024“ ნატო დღეიდან იწყებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დღეიდან იწყებს. წვრთნები, სახელწოდებით – „მტკიცე დამცველი 2024“ (Steadfast Defender 2024) მაისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 90 000 სამხედრო. წვრთნებში მონაწილეობას იღებს ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო და ასევე წევრობის კანდიდატი ქვეყანა შვედეთი.

მედიის ცნობით, წვრთნების სცენარი პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან კონფლიქტის სიმულაციაა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სულ მცირე, 1 100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, წვრთნები ნატო-ს რეგიონული გეგმების შესრულების რეპეტიციის გავლას ემსახურება, რაც ალიანსმა ათწლეულების განმავლობაში შეადგინა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორ უპასუხებს ის რუსეთის თავდასხმას.

„Steadfast Defender 2024“ აჩვენებს ნატო-ს უნარს, სწრაფად განათავსოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

როგორც „როიტერი“ წერს, მსგავსი მასშტაბის წვრთნები ბოლოს იყო Reforger 1988 წელს, ცივი ომის დროს, 125 000 სამხედროს მონაწილეობით და Trident Juncture 2018 წელს 50 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს.

2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.

Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.

რუსი ოპოზიციონერები ბორის ნადეჟდინის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ

რუსი ოპოზიციონერები, მათ შორის, ალექსეი ნავალნის გუნდი, ასევე, მიხეილ ხადარკოვსკი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეწინააღმდეგებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ნადეჟდინის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის ხელმოწერის შეგროვებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ხადარკოვსკიმ დაწერა, “ნადეჟდინის სასარგებლოდ ხელმოწერა  არის უაზრო მკვლელობების წინააღმდეგ, ხელისუფლებაში მყოფი გამოთაყვანებული მოხუცების წინააღმდეგ, ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერა”. მისივე თქმით, ხელმოწერით შესაძლებელია ომის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებაც.

ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ “რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით ნაკლებ ხმას შეაგროვებს პუტინი”.

„პუტინისთვის 2024 წლის არჩევნები არის რეფერენდუმი მისი ქმედებების დამტკიცების, ომის დამტკიცების შესახებ. 17 მარტს რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უმრავლესობას არ სურს პუტინის დანახვა ქვეყნის სათავეში. კენჭისყრის შედეგები გაყალბდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ისე, რომ ყველასთვის მათ გარეშეც გახდეს აშკარა, რომ რუსეთს პუტინი აღარ სჭირდება”, – ამბობენ ნავალნის გუნდში.

2023 წლის 23 დეკემბერს პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ ყრილობაზე ბორის ნადეჟდინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. არჩევნებში კანდიდატურის დასარეგისტრირებლად მას 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.

60 წლის ნადეჟდინი ფიზიკურ-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია. მან მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIPT) სამართლის განყოფილება დააარსა და მას 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1999-2003 წლებში ნადეჟდინი იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, 2008-2011 წლებში მილიარდერ მიხეილ პროხოროვის “მართალი საქმის” წევრი იყო; 2012 წელს “სამართლიანი რუსეთის” ხელმძღვანელის სერგეი მირონოვის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ვლადიმერ პუტინის გუნდის დამკვირვებელი.

ნადეჟდინის ვებსაიტზე არჩევნების მანიფესტში გამოქვეყნებული ლოზუნგებია – „მშვიდობა“, „სიტყვის თავისუფლება“, „თანამშრომლობა“, „სამოქალაქო საზოგადოება“ და „სამართლიანი არჩევნები“.

“ოპოზიციისგან ეკლესიის, პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი კამპანია ისევ ისმის” – მიხეილ სარჯველაძე

არ მგონია, გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია ისევ ისმის. ბუნებრივია, ამ საკითხებზე პასუხების გაცემა არის საჭირო. ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ და დაანებონ თავი. არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, რაღაცნაირად დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ისე უნდათ სიტუაციის წარმოჩენა, რომ თითქოს, ეს არის გამოხატვის რაღაც შეზღუდვა. კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ყველას აქვს, აქ საუბარია დამახინჯებული ფორმებით მსჯელობაზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, გამოხატვის ნიღბის ქვეშ კი არის ძალიან მავნებლური პოლიტიკა.

„ყველა კარგად ხვდება, რომ უზარმაზარი ავტორიტეტული ორგანიზაციის იმიჯის შელახვის მცდელობა აქვს ბევრს. მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად დიდი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებაა, რომელსაც მათ შორის ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს. ამ ყველაფერს მხოლოდ ის არ გვალაპარაკებს, რომ მართლმადიდებელი ვარ. ზოგადად საუბარია ნებისმიერი აღმსარებლობის თავისუფლებაზე და რა თქმა უნდა, უზარმაზარ პატივისცემაზე, რომლითაც განმსჭვალული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს, კრიტიკული მოსაზრება გამოხატოს. კრიტიკის უფლება აქვს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გასცდეს, როცა გამოხატვის ფორმებს შეარჩევს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საია-ს განცხადებით, პენსიონერებისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების პროცესში არაერთი სისტემური პრობლემა გამოიკვეთა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, საია-ს მიერ პენსიონერებისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების პროცესში გამოიკვეთა არაერთი სისტემური, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პენსიის დანიშვნის დროს, პენსიონერებს არ მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეთ მათ პენსია, ეს საკითხი კი, საკანონმდებლო დონეზე სათანადოდ არ არის დარეგულირებული.

მისივე განცხადებით, პრობლემები საპენსიო სესხებთან დაკავშირებითაც არსებობს, კონკრეტულად, სესხებზე დადგენილია მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პრაქტიკა, რასაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების მიმართ იყენებს, როდესაც „სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უკავებს პენსიონერებს პენსიას სესხის დაფარვის მიზნით, არასწორია და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“.

„როგორც წესი, პენსიის დანიშვნის ეტაპზე, პენსიონერებს არ აქვთ ხოლმე სრულყოფილი ინფორმაცია რა სამართლებრივი საფუძვლები შეიძლება დაედოს პენსიის შეწყვეტას. ეს იწვევს ძალიან ბევრ გაურკვევლობას და პენსიონერებმა ხშირად, როდესაც შეჩერებული აქვთ პენსია, არ იციან მისი სამართლებრივი საფუძვლები. პენსიონერების მხრიდან ეს დამატებით ხარჯებს, დროს იწვევს, მათ უწევთ სასამართლოში დავა, რომელიც წლები შეიძლება გაგრძელდეს. ეს შეიძლება ერთი მხრივ, პრაქტიკის პრობლემა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ხარვეზზე საუბარი, როდესაც ეს საკითხები სათანადოდ დარეგულირებული არ არის. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ამ საკითხს მიემართება, რომ კანონმდებლობით ზუსტი პროცედურა განისაზღვროს, გაიწეროს წერილობითი წესი, რომელიც პენსიონერებისთვის მათი უფლებებისა და ვალდებულებების განმარტებას განსაზღვრავდა.

მეორე საკითხი ეხება პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს და ამ სესხებთან დაკავშირებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და სხვა საკითხებს. დღეისთვის, ჩვენ რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს შესაბამისმა უწყებებმა, 300 ათასზე მეტია იმ პენსიონერთა რიცხვი, რომელიც საპენსიო სესხით სარგებლობს. ამ პენსიებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია დადგენილი. გარდა ამისა, 4-ჯერ არის გაზრდილი საჩივრები, რომლებიც პენსიონერებმა პენსიებთან დაკავშირებულ საკითხებზე წარადგინეს ეროვნულ ბანკში და ეს არის მზარდი ტენდენცია. ეს მიანიშნებს, რომ აქ მნიშვნელოვანი პრობლემებია დაფარული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს, როდესაც მოხდა სესხის გადავადება ეს მოხდა ისე, რომ პენსიონერებს სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათ არ იცოდნენ რა შედეგები შეიძლება გამოეწვია ამ წესს და ეს ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეეხო აბსოლუტურად ყველა პენსიონერს. საბოლოოდ, ამან გამოიწვა ის, რომ პენსიონერები აღმოჩნდნენ შეღავათის ნაცვლად, უფრო მძიმე მდგომარეობაში.

„ლიბერთი ბანკის“ პრაქტიკა, რომელიც პენსიონერებთან დაკავშირებით არსებობს, არის ძალიან პრობლემურია. ამასთან დაკავშირებით არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, მათ შორის საია-მ რამდენიმე საქმე მოიგო პენსიონერების სახელით, რომლითაც დადგინდა, რომ ის პრაქტიკა, რასაც „ლიბერთი ბანკი“ იყენებს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უკავებს პენსიონერებს პენსიას სესხის დაფარვის მიზნით, ეს არასწორია და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. მიუხედავად ამისა, ბანკი მაინც არ ასწორებს ხელშეკრულებებს, რომლებიც პენსიონერებთან არის დადებული. ასევე აღსანიშნავია, რომ პენსიონერები „ლიბერთი ბანკისგან“ იმ დოკუმენტაციას, რომელიც მათი ხელშეკრულებების შესახებ ბანკში ინახება, დროულად ვერ იღებენ. ესეც ცუდი პრაქტიკაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საია-ს თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნულ ბანკს, „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და „ლიბერთი ბანკს“ მოუწოდა, რომ აღნიშნულ პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცეს.

„გარდა იმ რეკომენდაციას, რომელიც უკვე აღვნიშნეთ და მიემართებოდა „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სპეციალური წესის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული ბანკისთვის:

მან ჩვენი მოსაზრებით აუცილებლად, დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პენსიონერების სახელით არის შეტანილი; დაადგინოს დაირღვა თუ არა პენსიონერების უფლებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკვეთილი სისტემური პრობლემები, მოაგვაროს იმგვარად, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა იმ საბანკო დაწესებულების საქმიანობაზე, რომელსაც ეს პრობლემები მიემართება.

ასევე მივმართავთ „ლიბერთი ბანკს“, გადახედოს საპენსიო სესხების ხელშეკრულებას და ეს ხელშეკრულებები მოარგოს იმ პრაქტიკას, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებებით უკვე დადგინდა;

შეიცვალოს სასესხო ვალდებულებების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების გარეშე სესხის დაკავების წესი;

პენსიონერებს დროულად და სრულად მიეწოდოთ ის ხელშეკრულებები, რომელიც დაცულია ბანკში და საბანკო პროდუქტების შეთავაზებისას ბანკმა დაწვრილებით გააცნოს ის პირობები, რომლებიც კონკრეტულად ამ პროდუქტის სარგებლობას მიემართება“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

“ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა”

პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას „წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს ვაჩუქებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეკლესიას არავინ ებრძვის.

„ჩვენ ვართ ეკლესიის მთავარი პატივისმცემელი ხალხი. შალვა პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას „წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს ვაჩუქებ. ეკლესიას ყველა ის ადამიანი ებრძვის, ვინც ცდილობს, ეკლესია გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის. ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და ისტერიის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიასა და მრევლზე თავდასხმისას იხილა, გასცდა აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და საშიშ ზღვარს მიუახლოვდა“.

“უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ – ევროპის მხარდაჭერა გრძელდება” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება.

„ის ფაქტი, რომ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ. ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და გაგრძელდება“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ამასთან, მისივე თქმით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება არ უნდა გაუარესდეს.

„მე არ ვისაუბრებ სამშვიდობო პროცესზე, მაგრამ მსურს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პროცესი,” – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და სხვა საკითხებს განიხილავენ.

“მოვუწოდებთ „ოცნებას“, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, დაუყოვნებლივ დანიშნოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა” – ნათია მეზვრიშვილი

მოვუწოდებთ „ოცნებას“, პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებასა და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების – პროკურატურის საქმიანობის ანგარიში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ელიტური ოჯახები სულ უფრო მეტად მდიდრდებიან, საქართველოს პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობას. მეზვრიშვილის ინფორმაციით, პარლამენტს წლებია არ განუხილავს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში.

„პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე ჩვენი გუნდის მიერ თვეების განმავლობაში პროკურატურაში არაერთი განცხადების შეტანამ შედეგი არ მოიტანა. „ოცნების“ კორუმპირებულები და „ოცნებასთან“ დაახლოებული 25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ბიუჯეტიდან ხალხის ფულის მოპარვას – ნაწილი სახლში მიაქვთ, ნაწილი – პარტიის სალაროში. ხალხი ღარიბდება, ცხოვრების პირობები უარესდება, ელიტები კი კიდევ უფრო მდიდრდებიან.

ამ ფონზე, პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობას – პარლამენტს წლებია არ განუხილავს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში და არ დაინტერესებულა როგორ ებრძვის კორუფციას პროკურატურა.

ფორმალურია საპროკურორო საბჭოს სხდომებიც და ფიქტიურია პარლამენტის წარმომადგენლობა საბჭოში – საბჭოზე არ ისმის კრიტიკული ხმა პროკურატურის იმ გამოწვევებზე, რასაც პირდაპირ გავლენა აქვს მოქალაქეთა უფლებებზე. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ან არ ესწრებიან, ან კითხვებს არ სვამენ. საბჭოსადმი პარლამენტის არასერიოზული დამოკიდებულება კარგად გამოვლინდა „ოცნების“ მხარდაჭერით ოპოზიციის წარმომადგენლის არჩევისას.

პროკურატურის ფუნქციაა ხალხის დაცვა კრიმინალისგან და არა კორუმპირებული ელიტებისთვის ხალხის ფულის მოსაპარად კომფორტული პირობების შექმნა და მათი დაცვა სასჯელისგან. მოქმედი გენერალური პროკურორის არჩევიდან 4 წელი გავიდა. 4 -წლიანი დუმილის შემდეგ მაინც, ხალხს უფლება აქვს, მის მიერ არჩეული პარლამენტის მეშვეობით, გენერალურ პროკურორს დაუსვას კითხვები და გაიგოს, რატომ არის დღეს პროკურატურა უმოქმედო სისტემური ელიტური კორუფციის ფაქტებზე? რატომ უწყობს პროკურატურა ხელს ხალხის ხარჯზე 25 ელიტური კორუმპირებული ოჯახის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას?

პროკურატურის დამოუკიდებლობისადმი არსებული ლეგიტიმური კითხვების ფონზე (რაც დეტალურად აისახა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში), გენერალური პროკურორის მიერ საზოგადოებისთვის ხედვის წარდგენა, მათ შორის რეფორმებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებისადმი პროკურატურის ანგარიშვალდებულების, ქვეყანაში წესრიგისა და მოქალაქეთა დაცულობის უზრუნველყოფისთვის.

მოვუწოდებთ „ოცნებას“, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, დაუყოვნებლივ დანიშნოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გენერალური პროკურორის მონაწილეობით. ეს მათთვის მითუმეტეს არ უნდა იყოს პრობლემა, როცა „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ აღიარა კორუფციული რისკების მატება.

მოვუწოდებთ გენერალურ პროკურორს, შეასრულოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ფუნქცია – მოითხოვოს და პირადად წარსდგეს ანგარიშით პარლამენტის წინაშე. იმედს გამოვთქვამთ, რომ კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე პასუხისმგებელი მთავარი სახელმწიფო უწყება კითხვებს არ გაექცევა“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

2023 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი თურქეთი და აშშ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 862.1 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა სომხეთი – 787.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ყაზახეთი – 703.0 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 570.1 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 949.3 მლნ აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 744.5 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 126.6 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 259.0 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 162.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 166.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 542.8 მლნ აშშ დოლარით.