“ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ” – ვოლსკი

9
spot_img

ეკლესიის მიმართ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს – ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია.

ვოლსკის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა.

მისივე აზრით, „ხვალ სხვა კონფესიებსაც გადასწვდებიან”.

„ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს, კონკრეტულ განცხადებებსა და ქმედებებში აუცილებლად ამოიკითხავს ტერორიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს – გინდ სიტყვიერს, გინდ იდეოლოგიურს და გინდ ფიზიკურ ტერორიზმს, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება.

ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას ქმნის.

იცით რა ისტორია, სხვა ქვეყნის მაგალითები და საზოგადოებაში დაპირისპირების კერების გაჩენის მეთოდოლოგია, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია. ეს მხოლოდ მართლმადიდებლურ კონფესიას არ ეხება – ეს ყველა ადამიანს ეხება, ეხება თუნდაც ათეისტს, ვისაც სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.