საია-ს განცხადებით, პენსიონერებისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების პროცესში არაერთი სისტემური პრობლემა გამოიკვეთა

32
spot_img

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, საია-ს მიერ პენსიონერებისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების პროცესში გამოიკვეთა არაერთი სისტემური, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პენსიის დანიშვნის დროს, პენსიონერებს არ მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეთ მათ პენსია, ეს საკითხი კი, საკანონმდებლო დონეზე სათანადოდ არ არის დარეგულირებული.

მისივე განცხადებით, პრობლემები საპენსიო სესხებთან დაკავშირებითაც არსებობს, კონკრეტულად, სესხებზე დადგენილია მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პრაქტიკა, რასაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების მიმართ იყენებს, როდესაც „სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უკავებს პენსიონერებს პენსიას სესხის დაფარვის მიზნით, არასწორია და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“.

„როგორც წესი, პენსიის დანიშვნის ეტაპზე, პენსიონერებს არ აქვთ ხოლმე სრულყოფილი ინფორმაცია რა სამართლებრივი საფუძვლები შეიძლება დაედოს პენსიის შეწყვეტას. ეს იწვევს ძალიან ბევრ გაურკვევლობას და პენსიონერებმა ხშირად, როდესაც შეჩერებული აქვთ პენსია, არ იციან მისი სამართლებრივი საფუძვლები. პენსიონერების მხრიდან ეს დამატებით ხარჯებს, დროს იწვევს, მათ უწევთ სასამართლოში დავა, რომელიც წლები შეიძლება გაგრძელდეს. ეს შეიძლება ერთი მხრივ, პრაქტიკის პრობლემა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ხარვეზზე საუბარი, როდესაც ეს საკითხები სათანადოდ დარეგულირებული არ არის. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ამ საკითხს მიემართება, რომ კანონმდებლობით ზუსტი პროცედურა განისაზღვროს, გაიწეროს წერილობითი წესი, რომელიც პენსიონერებისთვის მათი უფლებებისა და ვალდებულებების განმარტებას განსაზღვრავდა.

მეორე საკითხი ეხება პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს და ამ სესხებთან დაკავშირებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და სხვა საკითხებს. დღეისთვის, ჩვენ რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს შესაბამისმა უწყებებმა, 300 ათასზე მეტია იმ პენსიონერთა რიცხვი, რომელიც საპენსიო სესხით სარგებლობს. ამ პენსიებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია დადგენილი. გარდა ამისა, 4-ჯერ არის გაზრდილი საჩივრები, რომლებიც პენსიონერებმა პენსიებთან დაკავშირებულ საკითხებზე წარადგინეს ეროვნულ ბანკში და ეს არის მზარდი ტენდენცია. ეს მიანიშნებს, რომ აქ მნიშვნელოვანი პრობლემებია დაფარული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს, როდესაც მოხდა სესხის გადავადება ეს მოხდა ისე, რომ პენსიონერებს სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდათ. მათ არ იცოდნენ რა შედეგები შეიძლება გამოეწვია ამ წესს და ეს ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეეხო აბსოლუტურად ყველა პენსიონერს. საბოლოოდ, ამან გამოიწვა ის, რომ პენსიონერები აღმოჩნდნენ შეღავათის ნაცვლად, უფრო მძიმე მდგომარეობაში.

„ლიბერთი ბანკის“ პრაქტიკა, რომელიც პენსიონერებთან დაკავშირებით არსებობს, არის ძალიან პრობლემურია. ამასთან დაკავშირებით არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, მათ შორის საია-მ რამდენიმე საქმე მოიგო პენსიონერების სახელით, რომლითაც დადგინდა, რომ ის პრაქტიკა, რასაც „ლიბერთი ბანკი“ იყენებს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უკავებს პენსიონერებს პენსიას სესხის დაფარვის მიზნით, ეს არასწორია და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. მიუხედავად ამისა, ბანკი მაინც არ ასწორებს ხელშეკრულებებს, რომლებიც პენსიონერებთან არის დადებული. ასევე აღსანიშნავია, რომ პენსიონერები „ლიბერთი ბანკისგან“ იმ დოკუმენტაციას, რომელიც მათი ხელშეკრულებების შესახებ ბანკში ინახება, დროულად ვერ იღებენ. ესეც ცუდი პრაქტიკაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საია-ს თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნულ ბანკს, „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და „ლიბერთი ბანკს“ მოუწოდა, რომ აღნიშნულ პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცეს.

„გარდა იმ რეკომენდაციას, რომელიც უკვე აღვნიშნეთ და მიემართებოდა „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სპეციალური წესის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული ბანკისთვის:

მან ჩვენი მოსაზრებით აუცილებლად, დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პენსიონერების სახელით არის შეტანილი; დაადგინოს დაირღვა თუ არა პენსიონერების უფლებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკვეთილი სისტემური პრობლემები, მოაგვაროს იმგვარად, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა იმ საბანკო დაწესებულების საქმიანობაზე, რომელსაც ეს პრობლემები მიემართება.

ასევე მივმართავთ „ლიბერთი ბანკს“, გადახედოს საპენსიო სესხების ხელშეკრულებას და ეს ხელშეკრულებები მოარგოს იმ პრაქტიკას, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებებით უკვე დადგინდა;

შეიცვალოს სასესხო ვალდებულებების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების გარეშე სესხის დაკავების წესი;

პენსიონერებს დროულად და სრულად მიეწოდოთ ის ხელშეკრულებები, რომელიც დაცულია ბანკში და საბანკო პროდუქტების შეთავაზებისას ბანკმა დაწვრილებით გააცნოს ის პირობები, რომლებიც კონკრეტულად ამ პროდუქტის სარგებლობას მიემართება“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.