რუსი ოპოზიციონერები ბორის ნადეჟდინის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ

37
spot_img

რუსი ოპოზიციონერები, მათ შორის, ალექსეი ნავალნის გუნდი, ასევე, მიხეილ ხადარკოვსკი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეწინააღმდეგებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ნადეჟდინის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის ხელმოწერის შეგროვებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ხადარკოვსკიმ დაწერა, “ნადეჟდინის სასარგებლოდ ხელმოწერა  არის უაზრო მკვლელობების წინააღმდეგ, ხელისუფლებაში მყოფი გამოთაყვანებული მოხუცების წინააღმდეგ, ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერა”. მისივე თქმით, ხელმოწერით შესაძლებელია ომის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებაც.

ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ “რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით ნაკლებ ხმას შეაგროვებს პუტინი”.

„პუტინისთვის 2024 წლის არჩევნები არის რეფერენდუმი მისი ქმედებების დამტკიცების, ომის დამტკიცების შესახებ. 17 მარტს რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უმრავლესობას არ სურს პუტინის დანახვა ქვეყნის სათავეში. კენჭისყრის შედეგები გაყალბდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ისე, რომ ყველასთვის მათ გარეშეც გახდეს აშკარა, რომ რუსეთს პუტინი აღარ სჭირდება”, – ამბობენ ნავალნის გუნდში.

2023 წლის 23 დეკემბერს პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ ყრილობაზე ბორის ნადეჟდინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. არჩევნებში კანდიდატურის დასარეგისტრირებლად მას 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.

60 წლის ნადეჟდინი ფიზიკურ-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია. მან მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIPT) სამართლის განყოფილება დააარსა და მას 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1999-2003 წლებში ნადეჟდინი იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, 2008-2011 წლებში მილიარდერ მიხეილ პროხოროვის “მართალი საქმის” წევრი იყო; 2012 წელს “სამართლიანი რუსეთის” ხელმძღვანელის სერგეი მირონოვის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ვლადიმერ პუტინის გუნდის დამკვირვებელი.

ნადეჟდინის ვებსაიტზე არჩევნების მანიფესტში გამოქვეყნებული ლოზუნგებია – „მშვიდობა“, „სიტყვის თავისუფლება“, „თანამშრომლობა“, „სამოქალაქო საზოგადოება“ და „სამართლიანი არჩევნები“.