Home Blog Page 1747

პენტაგონის ცნობით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ.

პენტაგონის განცხადებით, მათ ამჯერად „ჰუსიტების“ რვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის მიწისქვეშა საცავზე, რაკეტებსა და სათვალთვალო მოწყობილობებზე.

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი ცდილობდნენ, დაიცვან „ვაჭრობის თავისუფალი ნაკადი.“

„ჩვენი მიზანი რჩება დაძაბულობის დეესკალაცია და სტაბილურობის აღდგენა წითელ ზღვაში“, – წერია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით.

აშშ-მა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები პირველად 11 იანვარს განახორციელეს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განმარტა, ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა.

მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება – ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით, ამიტომ უკრაინის სარდლობას ახლა უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენონ, ვინაიდან “მათ არ იციან, როდის მიიღებენ იარაღის შემდეგ პარტიას”.

ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ორიენტირებულია უკრაინის გამარჯვებაზე.

“ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ მხარდაჭერის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება ამ შედეგების მისაღწევად”, – დასძინა მან.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს.

„ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორს, მაიკლ მაკფოლს ინტერვიუში ათქმევინეს, საქართველო, რომელიც 2008 წელს მოწინავე ქვეყანა იყო, ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინას ჩამორჩაო.

ლოგიკურად უნდა დავსვათ კითხვა, რით უსწრებს უკრაინა საქართველოს დღეს, რითაც საქართველო უკრაინას 2008 წელს უსწრებდა. იმედი გვაქვს, მაკფოლი ადამიანების წამება-გაუპატიურებას, ელიტურ კორუფციას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას არ გულისხმობდა, რითაც სააკაშვილის რეჟიმი იუშჩენკოს ხელისუფლებას ნამდვილად დიდი უპირატესობით უსწრებდა და რითაც ახლა ზელენსკის ხელისუფლებამ ლამის სააკაშვილის რეჟიმიც უკან ჩამოიტოვა.

რჩება ერთადერთი კრიტერიუმი, რომელსაც მაკფოლი 2008 წელს საქართველოს მოწინავეობაში შეიძლება გულისხმობდეს. 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი და იომა, ახლა კი ამას ზელენსკის ხელისუფლება აკეთებს. ანუ პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ნატოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგველაპარაკებიან, თუ ვიომებთ. ისიც დაგველაპარაკებიან, თორემ ნატოში ახლად ნაომარ ქვეყანას რომ არავინ მიიღებს, ამას 2008 წლის ქართული გამოცდილებაც მოწმობს.

ღმერთმა ქნას, უკრაინამ აღიდგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა აშკარად უმძიმესია. დაღუპულია ათეულობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ასეულობით ბავშვი, მოსახლეობის მეოთხედი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, უკრაინის ეკონომიკა 30 პროცენტით შემცირდა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, რუსეთს დღეს ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა, ქვეყანაში ყვავის კორუფცია, მიმდინარეობს მედიისა და ბიზნესის მიტაცება და მონოპოლიზაცია. რომც დავუშვათ, რომ 2-3 წელიწადში უკრაინას ნატოში მიიღებენ, საკითხავია, ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება თუ არა ნატოს წევრობა იყოს რაიმე ხელშესახები მორალური თუ პრაქტიკული ნუგეშის მომტანი უკრაინელი ხალხისთვის.

მაკფოლის მინიშნება კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ძირ-ფესვიან გამოძიებას საჭიროებს. რადგან ომთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დასრულებულია და საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ორივე სასამართლოში ეფექტიანად დაიცვა, ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც ნაცმოძრაობა და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო.

ამის მიღმა, ისიც გასარკვევია, თუ რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი „ცივილიზებული სამყაროს ლიდერად“ უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს. გასარკვევია, ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს „მაღალი“ ტიტული დაიმსახურა.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული არჩევნების შემდეგ სრულფასოვნად გამოვიძიოთ და დამნაშავეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინული მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ქვეყნის საჰაერო ძალები ინფორმაციას რუსეთისგან ფრთოსანი რაკეტების სავარაუდო გაშვების შესახებ ავრცელებენ, რომელიც მათივე ცნობით, საფრთხეს სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს უქმნის.

მანამდე, რუსულმა მხარემ თავდასხმა ხარკოვის ოლქზეც განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით -1, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

გორში მოთოვს. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გუდაურში დღე -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -6, ღამით კი -19 გრადუსი დაფიქსირდება. ნავარაუდევია თოვლი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. თელავში დღისით +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. მოთოვს.

გურჯაანში დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

რუსთავში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.

რუსეთის მოთხოვნით, უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

რუსეთის მოთხოვნით, უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება აშშ-ის სამხედრო ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

„სამხედრო ბიუჯეტის 90%, რომელსაც აშშ გამოყოფს კიევის რეჟიმისთვის, რჩება შეერთებულ შტატებში, რაც გამოიყენება ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებისა და შეიარაღების განახლებისთვის. უკრაინაში უძველეს ნაგავს იყენებენ. უკრაინის მსხვილი ქარხნების უმეტესობა, მაგალითად, ისინი, რომლებიც აწარმოებენ ლითიუმს, მიჰყიდეს ამერიკელებს”,- განაცხადა ლავროვმა.

გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა ლავროვის განცხადებას „შეთქმულების თეორია და უსაფუძვლო ბრალდებები“ უწოდა.

„ცინიზმია იმის მტკიცება, რომ უკრაინის თავდაცვის ლეგიტიმური და კანონიერი მხარდაჭერა ახანგრძლივებს რუსეთის აგრესიულ ომს“, – აღნიშნა რობერტ ვუდმა.

ამასთან, გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან.

„უკვე ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ რუსეთის ქმედებები და სიტყვები ზუსტად იმეორებს ნაცისტების მოქმედებებს. რუსეთი ადანაშაულებს სხვებს ნეონაციზმში თავისი აგრესიის გასამართლებლად. გამონათქვამი „ომი ბოლო უკრაინამდე“, რომელსაც ხშირად იყენებდა ამ დარბაზში რუსეთის დელეგაცია ბრალდებისთვის, სინამდვილეში მათი დიდი სურვილია. მედვედევის აღიარებიდან გამომდინარეობს, რომ ისინი მართლაც აპირებენ ომს უკანასკნელ უკრაინამდე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სამყაროს მოდელი არ შეიცავს არც უკრაინას და არც უკრაინელებს”,- აღნიშნავს კისლიცა.

ყირგიზეთში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ყაზახეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიწისძვრა ყაზახეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

როგორც მედია წერს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოსახლეობამ მიწისძვრის გამო სახლები დატოვა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.

„როიტერის“ ცნობით, განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ გამუდმებით ერთსა და იმავე პრობლემას ებრძვით, მის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ და განსხვავებული მეთოდებით იმოქმედოთ. ნუ მოდუნდებით – ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ. თუ რომელიმე უფროსი ნათესავი დიდი ხანია არ გინახავთ, ყველა საქმე გადადეთ და მოინახულეთ – გამორიცხული არ არის, რომ თქვენი დახმარება სჭირდება.

კურო

წარმატებული დღეა. ცხოვრება თქვენგან პირდაპირ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების დამსახურებით, ბევრი პრობლემა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ეცადეთ, ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ – სავარაუდოდ, ორმხრივი წყენა და პრეტენზიები დაგროვდა, ამიტომ პარტნიორთან გულწრფელი საუბრის დროა.

ტყუპები

თუ მიზანს მიაღწიეთ, მოდუნების ნაცვლად, ახალი მიზანი უნდა დაისახოთ და მოქმედების გეგმა შეადგინოთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებისა და სიახლეების დროა. სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ყველაფერს, რასაც მომავალი არ აქვს და აქტიურად განიხილეთ პროექტები, სადაც წარმატების დიდი შანსი გაქვთ. მთავარია, სიტუაცია არ გაართულოთ – თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.

კირჩხიბი

დილიდან სევდიან განწყობაზე ხართ და მიზეზებს ეძებთ, რომ მუშაობაზე უარი თქვათ. დატვირთული კვირის შემდეგ უფლება გაქვთ, საკუთარ თავს მოდუნების უფლება მისცეთ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

ლომი

სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდით, ეცადეთ „გვერდიდან“ შეხედოთ. ეს შეცდომების დანახვას გაგიადვილებთ და შესაძლოა, მათი დროულად აღმოფხვრაც შეძლოთ. ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები – ძველი გამოცდილების გამო გარშემომყოფებს არ ენდობით და მათგან გამუდმებით ხაფანგის დაგებას ელით. დროა, საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ და მომავალზე იფიქროთ.

ქალწული

მშვენიერი გარეგნობისა და საუკეთესო პიროვნული თვისებების დამსახურებით ადამიანების მოხიბვლას ადვილად ახერხებთ. ეცადეთ, ეს უპირატესობა თქვენთვის სასარგებლო გამოიყენოთ, თუმცა, ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას – სასურველია, რომ მტკივნეულ თემებს მოერიდოთ და ნეიტრალურ საკითხებზე ილაპარაკოთ.

სასწორი

ეცადეთ, ეს დილა აუჩქარებლად გაატაროთ და მშვიდი სამუშაოსთვის განეწყოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ მეგობრების დახმარებით, ყველაფერს დაძლევთ. შესაძლოა, ფანტასტიკურმა იდეებმა და გეგმებმა სერიოზულად გაგიტაცოთ, მაგრამ ეცადეთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

მორიელი

ამ დღეს ურთიერთობაში მეტი ტაქტი და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ, რათა საყვარელი ადამიანი უხეშობით ან შეურაცხმყოფელი შენიშვნით არ გაანაწყენოთ. გახსოვდეთ, თუ რჩევას არ გთხოვენ, საკუთარი აზრი თქვენთვის უნდა შეინახოთ. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი

თქვენი განწყობა და მუშაობის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაატარებთ დილას. ეცადეთ დილა მარტოობაში, მშვიდად გაატაროთ და სამუშაო რიტმში თანდათან ჩაერთოთ. შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი მოლოდინი არ გაამართლონ, სამაგიეროდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანებზე ზეწოლა და თქვენი თვალსაზრისის თავზე მოხვევა სასურველი შედეგების მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ. თქვენთვის ჯობია, რომ გარშემო მყოფებს თავაზიანად მოექცეთ და თქვენ მიმართ კეთილად განაწყოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ პროფესიონალებს უამბობთ და მათ რჩევებს მუშაობაში გაითვალისწინებთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სახლისა და ნივთების მოწესრიგებისთვის. ეცადეთ, საკუთარ აზრებსა და სურვილებში გაერკვეთ – ზოგმა საკითხმა აქტუალობა დაკარგა და დროსა და ენერგიას ტყუილად ხარჯავთ. სამსახურში აქტიურობა კარიერაში დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ.

თევზები

ამ დღეს თქვენს მრავალმხრივ ნიჭს შეიძლება უამრავი გამოყენება მოუძებნოთ. საქმეს ჩვეულებრივზე ადვილად უმკლავდებით, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები სიმარტივით და ეფექტურობით გამოირჩევა. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან ვიღაც თქვენთან კონფლიქტისთვის მიზეზს ეძებს.

ივერი მელაშვილმა დოკუმენტაცია დამალა – პროკურორი

საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ.

პროკურორის განმარტებით, როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა.

„ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოძიების პროცესში დოკუმენტაციის ამოღება, ივერი მელაშვილმა დამალა დოკუმენტაცია და მხოლოდ მის სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა გარკვეული დოკუმენტაცია ამოღებული, რაც მანამდე ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია ივერი მელაშვილმა დამალა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ როდესაც მოწმე კომისიის თავმჯდომარე გახდა, რაღაც ინფორმაცია და რაღაც დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადასტურებს ბრალდებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და მათ მიერ დანაშაულის ჩადენას, არის ის, რომ 1996 წელს, როდესაც ორი სახელმწიფო გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ შეთანხმდა, ვერ შეთანხმების მიზეზი იყო ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის ფუნდამენტური სხვაობა 1938 წელსა და 1945 წელს შორის. ხოლო 2009 წელს კი ეს ფუნდამენტური სხვაობა რატომღაც შეიცვალა და ოქმში ბრალდებულებამ დააფიქსირეს, თითქოსდა ამ ორ პერიოდს შორის არსებულ მასალაზე და საზღვრის გამავლობაზე, არანაირი არსებითი სხვაობა არ არის, ეს იმ დროს, როდესაც უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმებული იყო მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ეს ინფორმაცია არ იცოდა მოწმემ“, – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჩვენება მისცა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

მელაშვილი და ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თურქეთის პარლამენტმა, შესაძლოა, ამ კვირაში მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას – BLOOMBERG

მიმდინარე კვირას თურქეთის პარლამენტი კენჭს უყრის შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი თურქეთის ოფიციალურ წყაროზე დფაყრდნობით ავრცელებს.

გასული წლის 27 დეკემბერს, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიცირებისთვის 23 ოქტომბერს წარუდგინა.

დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილია „ჰამასისთვის“, რომ გაერთიანებული სამეფო ვალდებულია, უზრუნველყოს, არ არსებობდეს ადგილი, სადაც დაიმალებიან ისინი, ვინც აფინანსებს ტერორისტულ საქმიანობას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.

მედიის ცნობით, სანქცირებულთა სიაში ხუთი ადამიანი მოხვდა, მათ შორის პირი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი „ჰამასის მთავარ ფინანსისტს“ უწოდებს.

7 ოქტომბერს დაწყებული ომიდან დღემდე ეს დიდი ბრიტანეთის სანქციების მესამე პაკეტია „ჰამასთან“ დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.