დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილია „ჰამასისთვის“, რომ გაერთიანებული სამეფო ვალდებულია, უზრუნველყოს, არ არსებობდეს ადგილი, სადაც დაიმალებიან ისინი, ვინც აფინანსებს ტერორისტულ საქმიანობას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.
მედიის ცნობით, სანქცირებულთა სიაში ხუთი ადამიანი მოხვდა, მათ შორის პირი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი „ჰამასის მთავარ ფინანსისტს“ უწოდებს.
7 ოქტომბერს დაწყებული ომიდან დღემდე ეს დიდი ბრიტანეთის სანქციების მესამე პაკეტია „ჰამასთან“ დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.