რუსეთის მოთხოვნით, უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება აშშ-ის სამხედრო ინდუსტრიის გასაძლიერებლად.
„სამხედრო ბიუჯეტის 90%, რომელსაც აშშ გამოყოფს კიევის რეჟიმისთვის, რჩება შეერთებულ შტატებში, რაც გამოიყენება ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებისა და შეიარაღების განახლებისთვის. უკრაინაში უძველეს ნაგავს იყენებენ. უკრაინის მსხვილი ქარხნების უმეტესობა, მაგალითად, ისინი, რომლებიც აწარმოებენ ლითიუმს, მიჰყიდეს ამერიკელებს”,- განაცხადა ლავროვმა.
გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა ლავროვის განცხადებას „შეთქმულების თეორია და უსაფუძვლო ბრალდებები“ უწოდა.
„ცინიზმია იმის მტკიცება, რომ უკრაინის თავდაცვის ლეგიტიმური და კანონიერი მხარდაჭერა ახანგრძლივებს რუსეთის აგრესიულ ომს“, – აღნიშნა რობერტ ვუდმა.
ამასთან, გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან.
„უკვე ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ რუსეთის ქმედებები და სიტყვები ზუსტად იმეორებს ნაცისტების მოქმედებებს. რუსეთი ადანაშაულებს სხვებს ნეონაციზმში თავისი აგრესიის გასამართლებლად. გამონათქვამი „ომი ბოლო უკრაინამდე“, რომელსაც ხშირად იყენებდა ამ დარბაზში რუსეთის დელეგაცია ბრალდებისთვის, სინამდვილეში მათი დიდი სურვილია. მედვედევის აღიარებიდან გამომდინარეობს, რომ ისინი მართლაც აპირებენ ომს უკანასკნელ უკრაინამდე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სამყაროს მოდელი არ შეიცავს არც უკრაინას და არც უკრაინელებს”,- აღნიშნავს კისლიცა.