ივერი მელაშვილმა დოკუმენტაცია დამალა – პროკურორი

58
spot_img

საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ.

პროკურორის განმარტებით, როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა.

„ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოძიების პროცესში დოკუმენტაციის ამოღება, ივერი მელაშვილმა დამალა დოკუმენტაცია და მხოლოდ მის სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა გარკვეული დოკუმენტაცია ამოღებული, რაც მანამდე ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია ივერი მელაშვილმა დამალა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ როდესაც მოწმე კომისიის თავმჯდომარე გახდა, რაღაც ინფორმაცია და რაღაც დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადასტურებს ბრალდებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და მათ მიერ დანაშაულის ჩადენას, არის ის, რომ 1996 წელს, როდესაც ორი სახელმწიფო გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ შეთანხმდა, ვერ შეთანხმების მიზეზი იყო ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის ფუნდამენტური სხვაობა 1938 წელსა და 1945 წელს შორის. ხოლო 2009 წელს კი ეს ფუნდამენტური სხვაობა რატომღაც შეიცვალა და ოქმში ბრალდებულებამ დააფიქსირეს, თითქოსდა ამ ორ პერიოდს შორის არსებულ მასალაზე და საზღვრის გამავლობაზე, არანაირი არსებითი სხვაობა არ არის, ეს იმ დროს, როდესაც უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმებული იყო მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ეს ინფორმაცია არ იცოდა მოწმემ“, – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჩვენება მისცა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

მელაშვილი და ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.