Home Blog Page 1745

“ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს!”- ლევან თაქთაქიშვილი

“ვინც შუბლის ძარღვზე დაღონდება, ხომ კარგი, მარა ვინც საქმის აღძვრას მოითხოვს ქურდობაზე? მათი სახელი ლეგიონია! ო, რა საშინელებაა ეს კასტა!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს.

“ბიჭო, თავად-აზნაურობას ჩამოართვეს საუკუნეების განმავლობაში განპირობებული მამულები, ყველაფერი სახელმწიფოსიაო! შეეგუენ კეთილშობილები, ვინც არა და … სარაჯიშვილის სახლიც ხოშტარიას წაართვეს, დიახ, ჩამოართვეს! მერე იყო და პავლე იაშვილი და ტიციან ტაბიძე მივიდნენ ორჯონიკიძესთან – სარაჯიშვილის ყოფილი სახლი, ხოშტარიას რომ წაართვით, მწერალთა კავშირს მიეცითო. მისცა სერგომ ეს სახლი არა შეხვედრებისათვის, არამედ სათაგურად!

დაამწყვდიეს ყველა მწერალი, დაუნიშნეს უფროსად უღმერთო სილიბისტრო თოდრია და მიხვდა ბატონი პავლე, მიხვდა, მარა გვიან იყო! ხო, და მოიკლა თავი! პრაქტიკაა ასეთი თურმე: კაცი თავს იკლავს იმ ადგილას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს!

არასოდეს არ გამხდარა ეს შენობა არავისი! ასეა სულ!

ასე იქნება მარად!

ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს! ან როგორ უნდა იგრძნოს, მანდ რაც ცოდვები დატრიალებულა, იხილეთ ჟურნალი მნათობი 1932-1937 წლები, ბოლოს მწერალთა სახლში ჩატარებული ხსდომების სტენოგრაფიული ანგარიშებით!

ასეა ეს!

ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ვულოცავ ამ სახლის ხელმძღვანელობას! იქნებ მან მოახერხოს და ერთად მოუყაროს თავი ამ განხეთქილებაში მყოფ მწერლობას! მხოლოდ ის თუ შეძლებს ასეთი ჩატეხილი ხიდის აღდგენას! რთული მისიაა! შესაძლებელი კი არის ეს?“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

https://www.facebook.com/levan.taktakishvili/posts/pfbid02sq7KVuTNXuHXqMrzY3BLPbF2Vpo9vZmK3M5aYM5ojoe1J9b4GNWEWPzTyLV7gKESl

“ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებთან მისი გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა ვერტმფრენებთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, რომ სტიქიის ზონაში ვინმეს გადარჩენის შანსი იყო და მას არ უშველეს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გარდა ვერტმფრენებისა, ადგილზე მაღალტექნოლოგიური დრონებითაც მუშაობდნენ, დღის შუქზევე დაათვალიერეს სტიქიის ზონა და ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან მიწის მასაში მოყოლილი, მაშველები აუცილებლად გამოიყვანდნენ.

„მინდა ჩემი გუშინდელი განცხადება განვმარტო ვერტმფრენებზე, რომელზეც აჟიოტაჟი ატყდა. მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, რომ ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალება. შეუძლია ვთქვათ თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ან სხვა აეროპორტში, საიდანაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე. შეუძლია ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილას. სადაც არის მთები და რაც მოხდა აქ [შოვში], ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით ექვსი საათისთვის, 5 წუთზე არ გამომეკიდოს არავინ. გუშინ რომ გამოხტნენ და ატეხეს ამბავი. მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს რაღაც უაზრო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე და ხალხის გამოყვანა დაიწყო, იმ ხალხის, რომელიც კუნძულზე მოხვდა, დაახლოებით 70 ადამიანამდე. ეს ხალხი გამოიყვანეს და ამასთან ერთად მუშაობდა რამდენიმე დრონი თავისი სითბურებით, რომელიც ვერტმფრენზე ბევრად უკეთ ხედავს. მუშაობდა 5-6 მაღალტექნოლოგიური დრონი დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე. კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო დაინახავდა პირობითად ღამე, თუ ღამის ხედვით და სითბური დრონებით?! ის, რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი, დღის შუქზევე დათვალიერდა ტერიტორია, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, ვგულისხმობ, რომ ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და აუცილებლად ამოიყვანდნენ. მადლობა მაშველებს კიდევ ერთხელ რაც გააკეტეს“, – განაცხადა გომელაურმა.

“სტიქიის ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26 პროცენტი, რაც შესამოწმებელია, დაიგეგმა კიდევ ახალი მიმართულებები” – ვახტანგ გომელაური

სტიქიის ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

„თათბირი ჩატარდა, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიხლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო. როგორც ვიცით, პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს.

დაიგეგმა ასევე, ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამაზე მერე დეტალურად გაკეთდება განცხადება“,– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები დღეს 7:05 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან იყო და მისმა სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

“გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს” – ირაკლი კობახიძე

ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ მოსალოდნელია თუ არა შს მინისტრის გადადგომა.

ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება სწორედ გომელაურის დამსახურებაა.

„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.

“საბას” ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2023 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსი „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა.

წელს ჟიური საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

პრემია „საბას“ 2023 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

  1. დავით ახალაძე, უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა” (დიოგენე)
  2. მაია ბადრიძე, კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. სალომე ბენიძე, სალმან რუშდის „ოქროს სახლი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ლევან ბერძენიშვილი, ავტორთა კრებული, “მედეა” (ინტელექტი)
  5. დავით კაკაბაძე, კლაუს მანის „მეფისტოფელი” (ინტელექტი)
  6. ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „გამქრალი ხეების კუნძული“ (პალიტრა L)
  7. დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  8. ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  9. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „იგავი“ (პალიტრა L)
  10. გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი)
  11. პაატა ჯავახიშვილი, ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  12. თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“ (პალიტრა L)

წელს „საბა“ ოცდამეერთედ ტარდება. მისი ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება.

კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს. R

“მეორე კვარტალში, საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა” – საქსტატი

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქსტატის“ ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონიტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 44.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 73.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდექსკურსანტების წილმა 22.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.7 პროცენტს შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: ეტაპობრივი შერბილება – კონსენსუსური საბაზო სცენარი

საყურადღებოა, რომ გასულ კვირაში ლარმა გარკვეულწილად აღიდგინა პოზიციები, განსაკუთრებით ევროსთან მიმართებით. ეს მიუთითებს, რომ როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო აღნიშნული, ამ ეტაპზე ლარის თავის გრძელვადიან ტენდენციასთან დაახლოება ნაკლებსავარაუდოა. ასევე, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის ყოველდღიურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, უკვე უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ბოლოდროინდელი მცირე მერყეობის მიზეზი ძირითადად კვლავ სწორედ სენტიმენტების ცვლილება იყო.

 ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა დიდ წილად მოლოდინების შესაბამისია. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის აზრით, ეს ის საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სებ-ის, კვლევითი ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნეს სექტორის განწყობა პრაქტიკულად ერთნაირია. ასევე საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, 2023 წელი დოლარისა და დიდ წილად ევროს განაკვეთების პიკიც იქნება. ეს, დიდი ალბათობით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარის დეპოზიტების განაკვეთებსაც ეხება. თიბისი კაპიტალის ადრინდელი პროგნოზის შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებთან შედარებით, მხოლოდ გარკვეული მატების შემდეგ, ამ მხრივ შემცირება, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მიწურულს, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ შერბილების დაწყებიდან 6-დან 12-თვემდე პერიოდში დაიწყება. იმის გათვალიწინებით, რომ დაკრედიტებისაგან განსხვავებით, ევროს დეპოზიტების წილი საქართველოში ძალზედ მცირეა, თიბისი კაპიტალის აზრით, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით მსგავსი დინამიკა იქნება.

 

ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის კვლავ ინარჩუნებს ერთი კვირის წინანდელ პოზიციას, რომ მიმდინარე მაჩვენებლები, სრული 2023 წლისათვის, თიბისი კაპიტალის ბოლო საბაზო სცენარით გათვალისწინებულ 7.2%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს. უფრო ზუსტი გათვლები, თიბისი კაპიტალის მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

“რეალურად ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია” – ირაკლი კობახიძე

თუ ამ შემთხვევაშიც უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც არის ინფორმირებული, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შუალედურ არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს მისი სისუსტის ნიშანი იქნება.

„ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას. ასე იყო წინა შემთხვევებშიც. რეალურად ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა. მათ აქვთ ძალიან დასუსტებული პოზიციები და ძალიან შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივი არის, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია. რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. როცა მათი არაფორმალური მმართველია კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. , იქ ვერ იქნება ოპოზიცია ძლიერი. იგივე ეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა არის საკუთარი სისუსტის აღიარება“, – განაცხადა კობახიძემ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი სოსიაშვილი და გურჯაანის მერის პოზიციაზე გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურები წარადგინა.

“ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით”-ირაკლი კობახიძე

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სტანდარტების შესაბამისად, დაწყებულია საგამოძიებო პროცესი იმისათვის, რომ ყველა დეტალი იყოს შესწავლილი. პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები. თუმცა, აქაც ახერხებს ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არის რაღაც საკითხები, რომლითაც არ უნდა ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, სცადეს მთელი ამ დღეების განმავლობაში. უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერის შუალედური არჩევნების კანდიდატურები წარადგინა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერის შუალედური არჩევნების კანდიდატურები წარადგინა.

„პირველ ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას. გიორგი სოსიაშვილი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. მოგვიანებით, მან დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით. გიორგი სოსიაშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გიორგი სოსიაშვილს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. წლების მანძილზე, ის ეწეოდა წარმატებულ ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დღემდე ის გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიით. გიორგი სოსიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე მრავალი პროზაული კრებული და პუბლიცისტური სტატია. ბატონი გიორგი არის ოცამდე ჯილდოს მფლობელი, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. გიორგი სოსიაშვილი არის გორის საპატიო მოქალაქე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გურჯაანის მერის პოზიციაზე წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურას. გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სოსიაშვილს და გიორგი მაჭავარიანს, შესაბამისად, გორი-კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“სამთავროს სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო პროექტი სანიმუშოა”- ICOMOS

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს მომზადებული, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ახალი საკონსერვაციო პროექტი ICOMOS-ის (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) მიერ დადებითად შეფასდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის მაისის ICOMOS-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ მოცემული პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ. კერძოდ, ICOMOS-ის შეფასებით, საკონსერვაციო პროექტი არის დეტალური კონსერვაციის გეგმა, რომელიც სიღრმისეული კვლევების შედეგად განსაკუთრებული პროფესიონალიზმით შემუშავდა.

„ICOMOS-ის შეფასებაში ნათქვამია, რომ საკონსერვაციო პროექტი, მაღალი დონის გამო, შეიძლება საქართველოში ქვის კონსერვატორებისთვის პროფესიული საქმიანობისას ნიმუშად და წანამძღვრად იყოს გამოყენებული.
პროექტი მოიცავს გარემო ფაქტორებისა და ეკლესიის ცოკოლის ქვაზე წარსულში განხორციელებული სამუშაოების უარყოფით შედეგებთან გამკლავებისთვის საჭირო კონკრეტულ მეთოდოლოგიურ ნაბიჯებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით არის შემუშავებული.
კვლევები და პროექტირების სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, სამთავროს მონასტერში ვიზიტის შედეგად დაიწყო და 2022 წელს ჩატარდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი იქნა შესაბამისი ბიუჯეტი (47164 ლარი) და გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს-მ „ძველი გალავანი“.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ – ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვის კონსერვაციისა და წმ. ნინოს ეკლესიის სარინელის გადაწყობის პროექტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, მიმდინარე წელს შემუშავდა. იგი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შედგენილი. პროექტს ექსპერტიზა ჩაუტარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ დადებითად შეფასდა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის მარტში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში გაიგზავნა. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან სახელმწიფომ ზემოაღწერილი დადებითი შეფასება მიიღო.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამთავროს სამონასტრო კომპლექსში საკონსერვაციო სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რისთვისაც გამოყოფილია 175739,79 ლარი.

დეტალური გეგმის მიხედვით მცხეთის სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვისა და წმ. ნინოს ეკლესიის სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად საკონსერვაციო სამუშაოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად განხორციელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

მაათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს ICOMOS-ის (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დასკვნა შეუზლიათ იხილონ https://cutt.ly/swgp4dAb