“რეალურად ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია” – ირაკლი კობახიძე

172
spot_img

თუ ამ შემთხვევაშიც უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც არის ინფორმირებული, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შუალედურ არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს მისი სისუსტის ნიშანი იქნება.

„ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას. ასე იყო წინა შემთხვევებშიც. რეალურად ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა. მათ აქვთ ძალიან დასუსტებული პოზიციები და ძალიან შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივი არის, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია. რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. როცა მათი არაფორმალური მმართველია კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. , იქ ვერ იქნება ოპოზიცია ძლიერი. იგივე ეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა არის საკუთარი სისუსტის აღიარება“, – განაცხადა კობახიძემ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი სოსიაშვილი და გურჯაანის მერის პოზიციაზე გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურები წარადგინა.