“სამთავროს სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო პროექტი სანიმუშოა”- ICOMOS

65
spot_img

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს მომზადებული, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ახალი საკონსერვაციო პროექტი ICOMOS-ის (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) მიერ დადებითად შეფასდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის მაისის ICOMOS-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ მოცემული პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ. კერძოდ, ICOMOS-ის შეფასებით, საკონსერვაციო პროექტი არის დეტალური კონსერვაციის გეგმა, რომელიც სიღრმისეული კვლევების შედეგად განსაკუთრებული პროფესიონალიზმით შემუშავდა.

„ICOMOS-ის შეფასებაში ნათქვამია, რომ საკონსერვაციო პროექტი, მაღალი დონის გამო, შეიძლება საქართველოში ქვის კონსერვატორებისთვის პროფესიული საქმიანობისას ნიმუშად და წანამძღვრად იყოს გამოყენებული.
პროექტი მოიცავს გარემო ფაქტორებისა და ეკლესიის ცოკოლის ქვაზე წარსულში განხორციელებული სამუშაოების უარყოფით შედეგებთან გამკლავებისთვის საჭირო კონკრეტულ მეთოდოლოგიურ ნაბიჯებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით არის შემუშავებული.
კვლევები და პროექტირების სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, სამთავროს მონასტერში ვიზიტის შედეგად დაიწყო და 2022 წელს ჩატარდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი იქნა შესაბამისი ბიუჯეტი (47164 ლარი) და გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს-მ „ძველი გალავანი“.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ – ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვის კონსერვაციისა და წმ. ნინოს ეკლესიის სარინელის გადაწყობის პროექტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, მიმდინარე წელს შემუშავდა. იგი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შედგენილი. პროექტს ექსპერტიზა ჩაუტარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ დადებითად შეფასდა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის მარტში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში გაიგზავნა. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან სახელმწიფომ ზემოაღწერილი დადებითი შეფასება მიიღო.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამთავროს სამონასტრო კომპლექსში საკონსერვაციო სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რისთვისაც გამოყოფილია 175739,79 ლარი.

დეტალური გეგმის მიხედვით მცხეთის სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვისა და წმ. ნინოს ეკლესიის სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად საკონსერვაციო სამუშაოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად განხორციელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

მაათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს ICOMOS-ის (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დასკვნა შეუზლიათ იხილონ https://cutt.ly/swgp4dAb