“ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით”-ირაკლი კობახიძე

164
spot_img

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სტანდარტების შესაბამისად, დაწყებულია საგამოძიებო პროცესი იმისათვის, რომ ყველა დეტალი იყოს შესწავლილი. პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები. თუმცა, აქაც ახერხებს ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„არის რაღაც საკითხები, რომლითაც არ უნდა ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, სცადეს მთელი ამ დღეების განმავლობაში. უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.