Home Blog Page 1742

“დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული” – სოზარ სუბარი

რატომ ითხოვს „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გასამართლებას, ამ თემაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა და ის სამი მიზეზი დაასახელა, რომელიც მოთხოვნას დაედო საფუძვლად. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ „ხალხის ძალას“ საკითხი აქამდეც არაერთხელ წამოუჭრია და ამისთვის სხვადასხვა ფორმას მიმართა. ამჯერად კი, ეს მოთხოვნა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაფიქსირდა.

„არაერთხელ დაგვიანონსებია ეს საკითხი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, სპეციალური განცხადებების მეშვეობით, რატომ დღეს – ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. რატომ აქამდე არა – ამაზე პასუხი არაერთხელ გაგვიცია, იმიტომ, რომ სანამ საერთაშორისო სასამართლოებში მიდიოდა გამოძიება, ჩვენს მოთხოვნას შესაძლოა ხელი შეეშალა პროცესებისთვის. სამი საერთაშორისო სასამართლოდან ერთში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოიგო დამაჯერებლად და მოიგო თითოეულმა მოქალაქემ, როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფოს სახელით შეტანილი საჩივრები. მეორე საქმე, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იქნა შეტანილი, ასევე მოვიგეთ და მესამე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიტანა, სანამ ჩვენ მოვიდოდით, მანამდე დამთავრდა საქართველოს დამარცხებით, იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ წარადგინა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში იმ პერიოდში, ბუნებრივია, ეს საქმეც იქნებოდა მოგებული.

დღეს დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული ბევრი მიზეზის გამო: პირველი, არ მოისვენებს ნაციონალური მოძრაობა და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მისი გასამართლება არ მოხდება; მეორე იმიტომ, რომ არ ვიქნებით მართლები არც საქართველოს მოსახლეობის, არც ჩვენი დევნილების, ისტორიის და გარდაცვლილი გმირების სულის წინაშე და არც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოკლული საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების სულების წინაშე, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ, თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და მესამე და მთავარი – ვხედავთ, მსოფლიოში ესკალაცია უფრო და უფრო მეტად იზრდება. თუ ვერავინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ, რომ უკრაინის ომი შეიძლებოდა 2024 წელში გადასულიყო, ახლა ვერავინ ამბობს, როდის დასრულდება. ისრაელი უკვე ღიად ამბობს, რომ მოხდება თავდასხმები ჰესბოლასა და ლიბანის წინააღმდეგ. რაღაცნაირად ფართოვდება კონფლიქტების არეალი და შესაბამისად, საფრთხე, რომ საქართველოს ჩართვა მოხდეს ომში, არ შემცირებულა. ამას შიგნით „ნაციონალური მოძრაობა“ და უცხო ქვეყნების სხვა აგენტურა, ასევე, გარედან ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაუძინებელი მეგობრები არაერთხელ აჟღერებენ ხოლმე, ოღონდ ახლა უფრო შეფარვით და ღიად ვერ ბედავენ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოდბის მონასტრის მიმდებარედ ცხედარი იპოვეს

სიღნაღში, ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი ბოდბის დედათა მონასტრის ავტოსადგომის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ის სავარაუდოდ, სადგომზე მომუშავე კაცს ეკუთვნის, რომელიც სოფელ ნუკრიანიდან არის.

წინასწარი ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

ადამიანის უფლებათა საბჭო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 22 იანვარს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები დამტკიცდა. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა საბჭო ავრცელებს.

საბჭო განმარტავს, რეფერირების პროცედურების დოკუმენტით განისაზღვრა ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, დაცვას, დახმარებას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას.

„დოკუმენტის მთავარი ამოცანაა რელევანტურ უწყებებს შორის მათი კომპეტენციის ფარგლებში, სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.

ეროვნული რეფერირების პროცედურებში თავიანთი კომპეტენციისა და უფლება-მოვალეობების შესაბამისად მონაწილეობენ თემატური სახელმწიფო უწყებები და გაწერილია თითოეული მათგანის უფლებამოსილება.

დოკუმენტი შემუშავებული იქნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კოორდინაციით, თემატური სახელმწიფო უწყებების, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით.

გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც, მსხვერპლთა დაცვა, კვლავ რჩება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიაწოდოს ადვოკატებს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა” – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციის მიერ ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს.

საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები.

ასევე საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიაწოდოს ადვოკატებს ადგილზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა.

„2024 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო. sაყურადღებოა, რომ მომდევნო დღეებში დაგეგმილია კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება. როგორც ირკვევა სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. გარდა ამისა, გამოსახლების პროცედურას დაქვემდებარებული არაერთი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ძირითადად იგნორირებულია გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების მოწყვლადობის შეფასება, მათ შორის, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკები. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ასევე, არის სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მინიმალური გარანტიები. Კერძოდ, იძულებითი გამოსახლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკურებულ შემთხვევებში და აუცილებელია იგი განხორციელდეს კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების ზედმიწევნით დაცვის შესაბამისად. ამას გარდა, ადეკვატური დაცვის გარეშე პირის იძულებით გამოსახლება არ შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის მოთხოვნებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა). ამასთან, ზოგიერთი აქტიური თუ პასიური საშუალების, როგორც საპოლიციო ძალის გამოყენება ასეთ ვითარებაში, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით.

ამ სტანდარტების დაცვის აუცილებლობას დღის წესრიგში კიდევ უფრო აყენებს ის ფაქტი, რომ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს “ბაზარზე არსებული კრედიტორები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მათი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული ძალთა ბალანსით, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მათი ცოდნით და გამოცდილებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან მაღალი სარგებლის მიღების მომეტებული ინტერესით. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ინტერესების ხელყოფის საფრთხე შესაძლოა, იქმნებოდეს აშკარად კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც, თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, რეალურად, ერთ-ერთი მხარის მიერ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უშვებს.“ აუცილებელია, ხელისუფლებამ შეასრულოს იმგვარი როლი, რომლითაც, ერთი მხრივ, ხელშეკრულების სუსტ მხარეს დაიცავს კაბალური პირობებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აღსრულების პროცესს, როგორც ყველაზე მზღუდავ ღონისძიებას, გამოიყენებს ადამიანის უფლებების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად,.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ გამოსახლების წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო პროტესტის მიმდინარეობისას, როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებით დგინდება, პოლიციამ ადგილზე მყოფი 20 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. ასევე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავებისგან ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. გავრცელებული ინფორმაციით ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება დაბრკოლების გარეშე შეხვდნენ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.

მოვუწოდებთ:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს – მიაწოდოს ადვოკატებს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა.

საქართველოს პარლამენტს / საქართველოს მთავრობას – დაიცვან სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ ყველა ზომას, რათა, უზრუნველყონ ხელშეკრულების სუსტი მხარის კაბალური პირობებისგან დაცვა; ასევე, უზრუნველყონ, აღსრულების პროცედურა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს”, – წერია განცხადებაში.

ტაივანი, ეს სოფელი ხომ არ გგონიათ? – დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, თინა ხიდაშელი შვიდი წელია, რაც „სამოქალაქო იდეასთან“ ერთად აქტიურობს და ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს იმ თემაზე, რაც ახლა ხელისუფლებისთვის ძალიან მწვავეა.

„ეს ორგანიზაცია ყოველ წელს ანგარიშებს დებს იმის თაობაზე, რომ ეჭვია თაღლითობის, კორუფციის და საქმე უხარისხოდ კეთდება. ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კი, ეს ასეა და ამ ორგანიზაციას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ახლა დაიწყო იმ წყაროების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ამაზე შვიდი წელია, საუბრობს. ყველას ვურჩევ, ვინც მართლა დაინტერესებულია კორუფციასთან ბრძოლით, სწორედ ამ ორგანიზაციის ანგარიშებით დაინტერესდეს, სადაც ბევრ საყურადღებოს ნახავს. რაც შეეხება დაფინანსებას, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ორგანიზაცია დახმარებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან, ტაივანიდან ერთ-ერთ კონფერენციაზე ტაივანელი მონაწილეების მგზავრობა დაფინანსდა. ეს იყო გასულ ოქტომბერს, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო. მთელი პარლამენტი მიწვეული იყო, უმრავლესობიდან იქ მისვლისთვის დრო ვერავინ გამონახა. ტაივანიდან მხოლოდ ეს დაფინანსდა, დანარჩენი, ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებიდან ფინანსდება დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებს სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ და მათი სპეკულაციები არის სრულიად ამაზრზენი.

„ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი მოაწერა, სადაც საქართველოს ოკუპაციის აღნიშვნა არ გახსენებია და ვიღაცას უნდა, რომ სრულიად უსუსური არგუმენტები დააკავშიროს ერთმანეთთან. დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. ამას მთელი მსოფლიო უყურებს. ორი კვირის წინ კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და ასეთი ევროპის დემოკრატიებში იშვიათად ტარდება იმისგან განსხვავებით, რაც პეკინში ხდება. ხელისუფლებას დიდი ხნის გამოკვეთილი ტენდენცია აქვს, რომ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერა გამოხატოს და არა დემოკრატიული პროცესების. ტაივანი თავად ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე თვითმმართველი ერთეული თავისი პრეზიდენტით და პარლამენტით. ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა აღიაროს, დანარჩენი ქვეყნების შიდა საქმეებია. ასეთი მდარე სპეკულაციებით დროს რატომ კარგავენ? ტაივანიდან კონფერენციის დაფინანსება ოთხი თვის წინ მოხდა. „სამოქალაქო იდეა“ ჩინური კომპანიებისა და ჩინური გავლენების თემაზე შვიდი წელია, მუშაობს. როგორ შეიძლება, ერთმანეთთან დაკავშირდეს? ვინც ჩინეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ტაივანთან ურთიერთობა აკრძალული აქვს ან ტაივანში ჩასვლა ეკრძალება? ტაივანის ხსენება ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს?“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ტაივანში ორი კვირის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც დამკვირვებლებიც და გამშუქებლებიც ჰყავდა.

„ჩინური კანონის შესაბამისად, ტაივანში პროცესები მიდის, როგორც ეს ბავარიაში გერმანიის ტერიტორიაზე მიდის ან სიცილიაში, იტალიის ტერიტორიაზე. ტაივანში ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მსოფლიო პროცესებში ჩართული არიან. ტაივანი სოფელი ხომ არ გგონიათ? ჩინელებთან გვაქვს ურთიერთობა, ვიეტნამელებთან, ტაივანში მცხოვრებ ხალხთან. ტაივანში არის ორგანიზაციები, რომელთაც მსოფლიოსთან აქვთ ურთიერთობა. რაც ხდება, „ქართული ოცნების“ უსუსური პროპაგანდაა. რატომ? ცოტა ხანში ნახავთ, რადგან ვიღაცებს ანტიკორუფციული თემებიდან ძალიან სერიოზული პრობლემები უკვე შეექმნათ და მეტი შეექმნებათ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. „მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა – დეტალები

აზერბაიჯანში ქარხანაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ შირვანში მდებარე ქარხანა “არაზში“ მოხდა, რომელიც აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს მიეკუთვნება. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ აფეთქების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ 120 მმ საარტილერიო ჭურვს ჩაქუჩით დაარტყა.

“მე, ისევე როგორც ნიკა გვარამიასა და ელენე ხოშტარიას, გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი” – ზურაბ ჯაფარიძე

საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან – ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია გადაწყვეტილი, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მაგალითად, „ლელოსთან“ სულ გვაქვს კომუნიკაცია. ხან ვის ველაპარაკებით, ხან ვის. ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი. კარგია, რომ რაღაც კონსულტაციები მიდის. მე, ისევე როგორც ნიკა გვარამიასა და ელენე ხოშტარიას, გვჯერა, რომ კონსოლიდაციაშია გამოსავალი“, -აღნიშნა ჯაფარიძემ.

გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების კუთხით -თამარ გაბუნია

“გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ისტორიული და ნამდვილად მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების კუთხით”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებულია დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებში.

„მრავალი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო მთავარი საყრდენი სახელმწიფოსთვის ჰოსპიტალური სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერებას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ისტორიული და ნამდვილად მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების კუთხით.

სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებულია დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებში. კერძოდ, თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან კომპენსაციაზე, მას სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიული, ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობას 4-თვიან კომპენსაციასთან ერთად. თუ სახელმწიფო ვერ მოახერხებს სამედიცინო პერსონალისთვის ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობის მოძიებასა და შეთავაზებას, ამ შემთხვევაში სახელფასო კომპენსაცია განისაზღვრება 3-წლიანი ვადით, სანამ სამედიცინო პერსონალი თავად არ მოახერხებს, დასაქმდეს ალტერნატიულ პოზიციაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.

დიდი ბრიტანეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

დიდი ბრიტანეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს , – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

„ჩვენს ხელთ არსებულ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს გამოვიყენებთ, რათა ფინანსურ რესურსებზე „ჰუსიტების“ წვდომა შევზღუდოთ, რომლებსაც ისინი ამ თავდასხმების დასაფინანსებლად იყენებენ.

ჩვენ ამ საკითხზე აშშ-თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და უახლოეს დღეებში ახალი სანქციების გამოცხადებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთს ეწვევა.

“2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია იმიტომ, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია, რამეთუ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თუ კითხვის ნიშნები დარჩა, შესაძლოა, ეს ოდესმე წამახალისებელი გახდეს სხვა, უპასუხისმგებლო ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ამ მხრივ, იმდროინდელი ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ არსებულ კითხვებს ეხება, კიდევ ერთხელ განმარტა.

„გასაგებია რისთვის სჭირდებოდა რუსეთს 2008 წელს ომი საქართველოში, მაგრამ გაუგებარია რისთვის სჭირდებოდათ ომი მიხეილ სააკაშვილსა და მის პატრონებს. ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ რეალობაში, როდესაც ახლაც საკმაოდ დიდი მცდელობა იყო სააკაშვილის, მისი პოლიტიკური გუნდისა და მათი პატრონების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები უნდა იყოს გაცემული, ერთი იმიტომ, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს და მეორე – მსგავსი არავინ აღარ გაბედოს საქართველოში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

“ხალხის ძალა“ არ აყენებს საკითხს, ვინ დაიწყო ომი, საუბარია, როგორ შეიქმნა წინაპირობები, რა იყო პოლიტიკური ვითარება”

„ხალხის ძალა“ არ აყენებს საკითხს იმის თაობაზე, ვინ დაიწყო ომი. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიქმნა წინაპირობები, რა იყო პოლიტიკური ვითარება, სად იყო შეცდომა თუ ღალატი, მით უფრო, იმ განცხადების მერე, რაც მოვისმინეთ, თითქოს 2008 წელს საქართველო ახლოს იყო ნატო-სთან, ხოლო დღეს უკრაინა არის ახლოს ნატო-სთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ განცხადების წინაპირობა ამან წარმოშვა.

„არ მიმაჩნია, რომ ამ თემას დავუბრუნდეთ. საქართველოში პოლიტიკური ვითარებაა ისეთი, რომ ეს აუცილებლად განხილული იქნება როგორც პოლიტიკური სპეკულაცია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამის მომხრე იქნებოდა. ჩვენ საკმაოდ დიდი და სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა საერთაშორისო სასამართლოების დონეზე ჩვენი სიმართლეც დაგვემტკიცებინა, რუსეთიც გამტყუნებულიყო. არა მხოლოდ სტრასბურგის, არამედ ჰააგის სასამართლომაც ეს დაადასტურა. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, როცა ომი გარდაუვალი იყო და ყველა ნიშანი ჩანდა, რომ რუსეთი აგრესიას აპირებდა, ხელისუფლებამ რატომ არ მიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა, რატომ შეიქმნა ისეთი გარემოება, როცა საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებას ვერ მიაღწია, რატომ დაგვჭირდა წლები იმ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომელიც არსებობდა და საეჭვო ვითარებაში იყო გაფანტული. ამ ეჭვებს საფუძველი აქვს. არ არის საჭირო, ამ თემას ახალი განვითარება და იმპულსი მიეცეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.

ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ გამო მიჩივლა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“ -გიორგი კაპანაძე

გუშინ ვისაუბრე იაფი დენის ხარჯზე, ივანიშვილის მიერ ბიტკოინებით მილიარდების შოვნაზე. დღეს კი, დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და 2019 წელს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ გამო მიჩივლა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა”, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, ეს არის „ფეისბუქ“-ცენზურის დაწესების მცდელობა.

„გუშინ, „ტვ პირველის“ ეთერით, ვისაუბრე იაფი დენის ხარჯზე, ივანიშვილის მიერ ბიტკოინებით მილიარდების შოვნაზე. ასევე, მის მიერ სისტემური კორუფციული სქემების შექმნაზე, რომელიც აღარიბებს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ამდიდრებს ოლიგარქს.

დღეს კი, დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მითხრეს რომ 2019 წელს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ გამო მიჩივლა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა”, რაზეც თავის დროზე, შესაგებელიც შეტანილი გვქონდა და რატომღაც ახლა, 5 წლის შემდეგ ჩაინიშნა პროცესი.

ეს არის „ფეისბუქ“- ცენზურის დაწესების მცდელობა, ოლიგარქიული კლანის მხრიდან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა უარი თქვან საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებაზე.

თუმცა, ვერ დააწესებთ „ფეისბუქ“-ცენზურას. არავის ეშინია არც თქვენი და არც ამერიკის მიერ სანქცირებული მურუსიძის სასამართლოსი. 2024 იქნება რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმისა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების წელი”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.