“2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია იმიტომ, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

32
spot_img

2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია, რამეთუ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თუ კითხვის ნიშნები დარჩა, შესაძლოა, ეს ოდესმე წამახალისებელი გახდეს სხვა, უპასუხისმგებლო ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ამ მხრივ, იმდროინდელი ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ არსებულ კითხვებს ეხება, კიდევ ერთხელ განმარტა.

„გასაგებია რისთვის სჭირდებოდა რუსეთს 2008 წელს ომი საქართველოში, მაგრამ გაუგებარია რისთვის სჭირდებოდათ ომი მიხეილ სააკაშვილსა და მის პატრონებს. ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ რეალობაში, როდესაც ახლაც საკმაოდ დიდი მცდელობა იყო სააკაშვილის, მისი პოლიტიკური გუნდისა და მათი პატრონების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით. ამიტომ, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები უნდა იყოს გაცემული, ერთი იმიტომ, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს და მეორე – მსგავსი არავინ აღარ გაბედოს საქართველოში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.