ადამიანის უფლებათა საბჭო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

16
spot_img

მიმდინარე წლის 22 იანვარს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები დამტკიცდა. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა საბჭო ავრცელებს.

საბჭო განმარტავს, რეფერირების პროცედურების დოკუმენტით განისაზღვრა ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, დაცვას, დახმარებას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას.

„დოკუმენტის მთავარი ამოცანაა რელევანტურ უწყებებს შორის მათი კომპეტენციის ფარგლებში, სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.

ეროვნული რეფერირების პროცედურებში თავიანთი კომპეტენციისა და უფლება-მოვალეობების შესაბამისად მონაწილეობენ თემატური სახელმწიფო უწყებები და გაწერილია თითოეული მათგანის უფლებამოსილება.

დოკუმენტი შემუშავებული იქნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის კოორდინაციით, თემატური სახელმწიფო უწყებების, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით.

გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც, მსხვერპლთა დაცვა, კვლავ რჩება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.