Home Blog Page 1741

“პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს” – ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ავირჩიეთ და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომელსაც კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე, რომ 3 ივლისის კენჭისყრასთან დაკავშირებით პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.

„პრობლემა არაა, მოგვმართავს და მიიღებს პასუხს. იყო ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატი აგვიანებდა და ითხოვა, შემდეგ უკვე იყვნენ ადგილზე. ასე რომ, თუ ვიღაცას უნდა, ამისგან რაღაც სკანდალი გამოაცხოს, არ გამოვა და სხვა რამე ეძებოს. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს და იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ და ვთქვით, რომ უნდა იყოს აპოლიტიკური, არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამისთვის ავირჩიეთ ქალბატონი სალომე, დავსვათ კითხვა, რა უნდა და ჩვენც გაგვაგებინეთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისს განაცხადეს, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით 3 ივლისის კენჭისყრის თაობაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე ითხოვენ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ცნობილია, რომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.

“მჯერა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ხელს შეუწყობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს” – ერდოღანი

მჯერა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ხანგრძლივი მშვიდობით, ხელს შეუწყობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რაც შეეხება შვედეთის ნატო-ში წევრობას, ერდოღანის თქმით, ეს დამოკიდებულია იმ საკითხების შესრულებაზე, რომლებიც სამმხრივ შეთანხმებაშია გაწერილი.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ ნატო-ს სამიტზე აპირებს, განცხადება გააკეთოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებითაც, კერძოდ კი, გზა გაუხსნან თურქეთს ისე, როგორც ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებისთვის გააკეთეს.

“უკრაინის გადაწყვეტილება უსამართლოა, თანაც იმ ელჩის მიმართ, რომელიც ომის განმავლობაში ერთი დღეც არ გასულა უკრაინიდან”-არჩილ თალაკვაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ელჩთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი  უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, თანაც იმ ელჩის მიმართ, რომელიც ომის განმავლობაში ერთი დღეც არ გასულა უკრაინიდან და კიევიდან. ის რჩებოდა კიევში, მათ შორის მაშინაც, როცა კიევი იბომბებოდა. ის იყო იმ გამონაკლის დიპლომატებს შორის, საქართველო იყო გამონაკლის საელჩოებს შორის, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა და  ბოლომდე რჩებოდნენ უკრაინაში უკრაინელი ხალხის გვერდით. ეს ნაბიჯი უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს, თუმცა ცალსახად არასამართლიანი და დაუმსახურებელია. საქართველოს ელჩი ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს, დაიცვას საქართველოს ინტერესები და ელჩის პოზიცია.

„ოპოზიცია რომ სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ჩანს ყველა მიმართულებით და ელჩთან დაკავშირებითაც ისინი იქნებიან გახარებული იმ გადაწყვეტილებით, რომელიც იყო მიღებული. ნამდვილი პოლიტიკოსი საქართველოს ინტერესებით უნდა იყოს და არის დაინტერესებული, დაიცვას საკუთარი ელჩის პოზიცია, მით უმეტეს, მაშინ, როცა სიმართლე და ყველა არგუმენტი არის ჩვენი ელჩის მხარეს, ვინც ომის მიმდინარეობისას რჩებოდა კიევში, მათ შორის როცა კიევი იბომბებოდა. რადიკალურ ოპოზიციას რომ არ აინტერესებს ეს, ახალი ნამდვილად არ არის. იმედი მაქვს, 2024 წელს ის ელექტორატი, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს, ამას სათანადოდ შეაფასებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მისთვის მიცემული 48 საათი 6 ივლისს ამოიწურა. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

“რა შეფასება უნდა მისცე ბაჩიაშვილის საქციელს გარდა ამორალურობისა” – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მცდელობა, მისი დაკავება პოლიტიკურ მოტივს დაუკავშიროს, ამორალურია.

როგორც ქადაგიძე აცხადებს, ბაჩიაშვილის საქმე გიორგი გახარიას „ქეისს“ ჰგავს და არ არის გამორიცხული, მანაც გახარიასავით პოლიტიკური პლატფორმა შექმნას და ამ გზით პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სცადოს.

„ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა, თეიმურაზ წიქვაძემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა,სადაც დეტალურადაა აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და მაქინაციებით, სხვისი ფინანსების მისაკუთრების მცდელობა.

თვალშისაცემია, რომ ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა კარიერა, მიიღო ოჯახის წევრად და მისცა საშუალება პატიოსნად მოეხდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. სარგებლობდა ივანიშვილის მაღალი ნდობით,თუმცა ეს ნდობა მერკანტილურ მისწრაფებებში დაახურდავა, თაღლითობითა და მაქინაციებით გადაწყვიტა გამდიდრებულიყო სხვის ხარჯზე.

ბაჩიაშვილის მაქინაციები შესაძლოა არც გამომჟღავნებულიყო,რომ არა მისი რამდენიმე შეცდომა:

1. “თანაინვესტირების ფონდის” ( ხელმძღვანელობდა ბაჩიაშვილი 2019 წლამდე)
მიერ განსახორციელებელი “მტკვარი ჰესის” ხარჯი, უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბებზე გავიდა,რამაც გონივრული ეჭვი გააჩინა მენეჯმენტის პატიოსნებასა და პროფესიონალიზმში. არსებული პრობლემის შესწავლა, “თანაინვესტირების ფონდის” მთავარმა ბენეფიციარმა, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო,სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა,რამაც ავტომატურად გააჩინა, შესაბამისი უწყებების ჩართვის აუცილებლობა.

2. 2015 წლის შემდეგ, ბაჩიაშვილის და მისი ახლო გარემოცვის კაპიტალი, შემოსავლების შეუსაბამოდ იზრდებოდა, რაც ასევე იწვევდა გონივრულ ეჭვს მის კეთილსინდისიერებაში.

საბოლოო ჯამში, ბაჩიაშვილის მიერ მითვისებული თანხა 50 მილიონ დოლარს შეადგენს. არ ვიცი, რა შეფასება უნდა მისცე ბაჩიაშვილის საქციელს გარდა, ამორალურობისა. ვინც ცხოვრება აუწყო მისი გაძარცვა მოინდომა და ახლა იმის მაგიერ,რომ გაითავისოს საკუთარი დანაშაული, ახალი მაქინაციებით ცდილობს მართლმსაჯულების არიდებას. წმინდა წყლის სისხლის სამართლის დანაშაულს უნდა,რომ პოლიტიკური სარჩული მიაკეროს და ასე მოახდინოს დანაშაულის შეფუთვა.

თუმცა, როგორც არ უნდა ეცადოს, ბაჩიაშვილი ვერ აირიდებს სამართალს, რომელსაც ის,როგორც ბოროტმოქმედი იმსახურებს!

P.S. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გიორგი ბაჩიაშვილი საქმე გიორგი გახარიას ქეისს…
ზუსტად იგივე შესაძლებლობები და იგივე ნდობის, პირადი კომპლექსებით დახურდავება და ბოლოს პოლიტიკური სარჩულით გამოკერილი ავანტიურისტი. ისე, არ გამიკვირდება, ბაჩიაშვილმაც გიორგი გახარიასავით პოლიტიკური პარტია და მედია-პლატფორმა გააკეთოს, რომ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სცადოს“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

„ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან რვას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: “გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს – 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის – 3 წლით, დევი კახოიძეს – 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს – 3.6 წლით, დავით თუშიშვილი – 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს – 4 წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს – 3 წლით, ბექა მურღვლიანს – 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.

ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

“გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ეს განაჩენი მოსალოდნელი ნამდვილად არ იყო. არ გამოკვლეულა და არ დადგენილა არცერთი გარემოება, რომელიც მიხედვითაც, ვახტანგაშვილს ევალებოდა დამატებით რაღაც ექსპერტიზების ჩატარება. ჩვენ, დასკვნით სიტყვაში წარმოვადგინეთ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც წარმოდგენილი იყო, წარმოვადგინეთ 38 მიღება-ჩაბარების აქტი და ამის მეტი მას რაიმე ვალდებულება არ ჰქონდა. შემდგომი ნაბიჯი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება სამართლებრივი ძალაუფლებისავე გამოყენება და ბრძოლის გაგრძელება, პირველი ნაბიჯი იქნება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება”, – განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

პროკურორის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და 9-დან 8 პირი ბრალდებულად ცნო, ერთი კი გაამართლა. პროკურორის განმარტებით, განაჩენის დასაბუთებული მხარის მიღების შემდეგ, გადაწყვეტენ გაასაჩივრონ თუ არა იმ ერთი პირის მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენი.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ, ძირითად და უმთავრეს ნაწილში გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებული 9 პირიდან 8 პირი დამნაშავედ ცნო. მათ შორის, “გრინსერვის+”-ის დირექტორის მიმართ წარდგენილი ბრალდებები სრულად გაიზიარა , ასევე სრულად გაიზიარა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის მიმართ წარდგენილი ბრალდება. რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენს ერთი პირის მიმართ, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პირი იყო შემდუღებელი ხელოსანი, თავის ძმასთან ერთად მონაწილეობდა შედუღების სამუშაოებში, მისი როლი ძმასთან შედარებით ნაკლები იყო ამ სამუშაოებთან მიმართებაში, შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა. თუმცა, როდესაც ბრალდების მხარე მიიღებს განაჩენის დასაბუთებულ მხარეს, გაეცნობა ამ ნაწილს და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში განაჩენის გასაჩივრების თაობაზე”, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

10-14 ივლისს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „დაგი+“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60  მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რის გამოც,  2023 წლის 10 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით 11:00  სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მომსახურების ინფლაციის ნორმალიზება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია

ივნისის ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 0.6% შეადგინა. ასევე 3%-იან სამიზნეზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ფასების ყოველთიური ცვლილება. ამავდროულად, მომსახურების სფეროს ინფლაცია, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს შიდა მოთხოვნიდან გამომდინარე ზეწოლას, კვლავ მაღალია.

რა შეიძლება ითქვას ამ დინამიკიდან გამომდინარე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ? ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იკვეთება. საკუთრივ, ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სებ-ის ინტერვენციები კვლავ გაგრძლდება, ხოლო წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია. ამ მხრივ, არგუმენტები სავალუტო რეზერვების შევსების გარდა, კვლავ ლარის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარება და ჯამურად სამიზნეზე დაბალი ინფლაციაა, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ივლისში 0.6%-დან კიდევ შემცირდება. თავისთავად, ეს ინფლაციის აღქმისა და მოლოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, ვფიქრობთ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

R

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, თბილისში წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire.

კონფერენციას 500 – ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა,  მასში მონაწილე IT მენეჯერებმა, ინჟინრებმა და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ტრენდები გაუზიარეს. ადგილობრივმა და უცხოელმა სპიკერებმა, 4 ძირითად თემაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდმა, 200 პროფესიონალს საკუთარი DevOps გამოცდილება გაუზიარა. ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძირითადად ტექნიკური ნაწილი მოისმინეს, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმო.

„თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა და ჩვენ, ჯგუფის მასშტაბით, ბევრ საინტერესო სიახლეს ვნერგავთ. აღნიშნული კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ ტექ კომუნას კიდევ ერთხელ გავაცნოთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენთან. ზოგადად, თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომუნის განვითარება, რადგან ტექნოლოგიებს  შეუძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა, სწორედ ამიტომ განვაგრძობთ ტექნოლოგიების მხარდაჭერას საქართველოში,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

საქართველოში ტექნოლოგიური კონფერენცია, HT Solutions – ის ორგანიზებით 2018 წლიდან ტარდება და მისი მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური კომუნის მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

R

“მერამდენედ ცდილობენ ადამიანები ბიძინა ივანიშვილის სახელის, ფინანსებისა და კეთილი გულის გამოყენებას?”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა.

ექსპერტის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ. და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

„სუპერ თაღლითი და მანიპულატორი -აი, ისეთი ფილმის სცენარი რომ იწერება ისეთი…..არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო და რამე ვამტკიცო, მაგრამ რა სურათიც იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებიდან, სწორედ ეს არის. რა შეიტყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებამ:

1. ბატონმა ბაჩიაშვილმა შეძლო მოეპოვებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რის შედეგადაც თავის თავი ერთ-ერთ მომგებიანი ბიზნესის განვითარების აღმასრულებლად შესთავაზა;
2. ფინანსების უკეთ გამოყენების მიზნით, მან შეძლო თავისი პირადი პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ფინანსები კი ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის გამაგრებისთვის გამოეყენებინა;
3. მიიღო რა შესაბამისი „რწმუნებები“, დაიწყო აქტიური ქმედებები არა თვით ბიზნესის განვითარების მიმართულებით, არამედ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამდიდრების მიზნით;
4. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ბიზნესი მოგებას არ იძლეოდა, სამაგიეროდ პირადად გიორგი ბაჩიაშვილის ქონება, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური ეტაპობრივად იზრდებოდა;
5. ასეთი მანიპულაციებით ქმედება პირველი არ გახლავთ ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხადია, ბიძინა ივანიშვილმაც, საქმეს სამართლებრივი და კანონიერი კუთხით შეხედა;
6. მიმდინარე მოკვლევისა და გამოძიების შედეგად ბევრ რამეს ეფინება ნათელი, რამაც ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნას დაუდო საფუძველი;
7. ამ ისტორიაში ერთ-ერთ საინტერესო მდარე და მდაბიო გამოვლინება გახლავთ ეჭვმიტანილ გიორგი ბაჩიაშვილის, გაქნილი ვექილების მიერ მოგონილი „პოლიტიკური მრწამსის“ გამო დევნა-შევიწროების „ფაქტი“, რაც საზოგადოებაში დაცინვის საგანი გახდა: გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტივობას არათუ საქართველოში, არამედ არცერთ კონტინენტზე არ იცნობენ.

და ბოლოს, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა… უბრალოდ მერამდენედ ცდილობენ ადამიანები ბიძინა ივანიშვილის სახელის, ფინანსების და რაც მთავარია კეთილი გულის გამოყენებას. მას კი ეს ყველაფერი ხან იმ ქვეყნიდან მობრუნებულების უმადურობით უბრუნდება და ხანაც ბოროტების უმაღლესი გამოვლინებით. თუმცა მაინც ვერაფერს ვერ გახდებიან. მიზეზი მარტივია, ამ ადამიანს მადლიერიც და დამფასებელი უმადურებზე ათასჯერ მეტი ჰყავს”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“საქართველო ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორია”- არჩილ თალაკვაძე

უმჯობესი იქნება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა წაიკითხონ ნატო-ს ანგარიშები და გაეცნონ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში ჩატარებულ წვრთნებსა და ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ვერანაირი მესიჯით ვერ მიდის ვილნიუსის სამიტზე და არ აქვთ მოლოდინი, რომ სამიტი რამე შედეგით დასრულდება“.

თალაკვაძის თქმით, „ეს ოპოზიციის დაზეპირებული განცხადებაა, რომელსაც წლების განმავლობაში იმეორებენ“.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი დღის წესრიგი, გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვოს.

„საქართველო არის ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

რაც შეეხება კრიტიკას, გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი დღის წესრიგი, გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე ამას სათანადოდ აფასებს. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისა და ხელისუფლების თითოეული ლიდერის მოლოდინია, რომ ნატო ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით და ის გზავნილი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო გაკეთებული თავის დროზე, გაძლიერდება და სამომავლო განვითარების ტრაექტორიას ცხადად გამოაჩენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით” – რომან გოცირიძე

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით. ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე გაცილებით უკან იყვნენ, მოლდოვა და უკრაინა, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიით დასავლელი პარტნიორების ნდობა დაკარგა.

„აშკარა პრორუსული დამოკიდებულებაა რუსეთ-უკრაინის აგრესიის ფონზე – კეთდება ანტიუკრაინული განცხადებები, მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა და საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი არ არის.

„ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა აწყობილია პარტიულ ინტერესებზე, ასევე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მსახურებაზე. ახლა გაახსენდათ, თურმე პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. რომელი საქვეყნო ინტერესები დააყენეს კლანურ ინტერესებზე მაღლა? ოლიგარქიული მმართველობა შეუმჩნეველი არავის რჩება. საქართველოს არ მართავს „ქართული ოცნება“, მართავს არაფორმალური მმართველი. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროცესები აღქმული იყოს, როგორც პროგრესის შემქმნელი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც სხვები იხდიან სასჯელს, ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში” – ზარქუა სააკაშვილზე

პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! -გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს, ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, მისთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გაუგებარია.

„პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! ვერ არის კარგად, რა განცხადებებს აკეთებს?! დაწერს, წაშლის, განცხადებას გააკეთებს, ხან ქართულად გველაპარაკება, ხან რუსულად, ხან უკრაინულად. კაცი ვერ არის კარგად, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა”, – აღნიშნა ზარქუამ.