საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ელჩთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს.
„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, თანაც იმ ელჩის მიმართ, რომელიც ომის განმავლობაში ერთი დღეც არ გასულა უკრაინიდან და კიევიდან. ის რჩებოდა კიევში, მათ შორის მაშინაც, როცა კიევი იბომბებოდა. ის იყო იმ გამონაკლის დიპლომატებს შორის, საქართველო იყო გამონაკლის საელჩოებს შორის, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა და ბოლომდე რჩებოდნენ უკრაინაში უკრაინელი ხალხის გვერდით. ეს ნაბიჯი უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს, თუმცა ცალსახად არასამართლიანი და დაუმსახურებელია. საქართველოს ელჩი ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს, დაიცვას საქართველოს ინტერესები და ელჩის პოზიცია.
„ოპოზიცია რომ სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ჩანს ყველა მიმართულებით და ელჩთან დაკავშირებითაც ისინი იქნებიან გახარებული იმ გადაწყვეტილებით, რომელიც იყო მიღებული. ნამდვილი პოლიტიკოსი საქართველოს ინტერესებით უნდა იყოს და არის დაინტერესებული, დაიცვას საკუთარი ელჩის პოზიცია, მით უმეტეს, მაშინ, როცა სიმართლე და ყველა არგუმენტი არის ჩვენი ელჩის მხარეს, ვინც ომის მიმდინარეობისას რჩებოდა კიევში, მათ შორის როცა კიევი იბომბებოდა. რადიკალურ ოპოზიციას რომ არ აინტერესებს ეს, ახალი ნამდვილად არ არის. იმედი მაქვს, 2024 წელს ის ელექტორატი, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს, ამას სათანადოდ შეაფასებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მისთვის მიცემული 48 საათი 6 ივლისს ამოიწურა. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.