“პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს” – ირაკლი ზარქუა

80
spot_img

პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ავირჩიეთ და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომელსაც კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე, რომ 3 ივლისის კენჭისყრასთან დაკავშირებით პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.

„პრობლემა არაა, მოგვმართავს და მიიღებს პასუხს. იყო ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატი აგვიანებდა და ითხოვა, შემდეგ უკვე იყვნენ ადგილზე. ასე რომ, თუ ვიღაცას უნდა, ამისგან რაღაც სკანდალი გამოაცხოს, არ გამოვა და სხვა რამე ეძებოს. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს და იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ და ვთქვით, რომ უნდა იყოს აპოლიტიკური, არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამისთვის ავირჩიეთ ქალბატონი სალომე, დავსვათ კითხვა, რა უნდა და ჩვენც გაგვაგებინეთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისს განაცხადეს, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით 3 ივლისის კენჭისყრის თაობაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე ითხოვენ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ცნობილია, რომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.