Home Blog Page 1740

“ყველანაირ ხერხსა და მეთოდს მიმართავენ, რომ როგორმე გააბაიბურონ პრემიერის ისტორიული ვიზიტი” – ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს რომ ვერაფერი მოუხერხეს და სკანდალური ვერაფერი იპოვეს, ახლა ახალი კამპანია – ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გასკანდალურება დაიწყეს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის გარშემო ქართული ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს.

ქადაგიძის თქმით, როდესაც ოპოზიციამ საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ დოკუმენტს ვერაფერი მოუხერხა, ნარატივი შეცვალა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩინურ კომპანიაში მუშაობაზე დაიწყეს აქცენტის გადატანა.

სიგიჟეებსაც აქვს ლოგიკა, თუმცა რასაც „გრანტიყლაპიები“ კადრულობენ უკვე ფსკერია. ყველანაირ ხერხსა და მეთოდს მიმართავენ, რომ როგორმე გააბაიბურონ პრემიერის ისტორიული ვიზიტი და გააშავონ საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს რომ ვერაფერი მოუხერხეს და სკანდალური ვერაფერი იპოვეს, ახლა ახალი კამპანია – ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გასკანდალურება დაიწყეს.

არადა ამ კომპანიაში ის მხოლოდ კონსულტანტად მუშაობდა ერთი წელი და კომპანიის ფუნქციონირებასთან არანაირი შემხებლობა ექნებოდა, თუმცა ჩვენმა “გრანტიყლაპია” რადიო თავისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, მაინც უტიფრად დააკავშირა სტრატეგიული პარტნიორობა და კერძო კომპანია…

მეორე ფოტოზე მონიშნული მაქვს ის აბსურდი, რასაც ეს ჟურნალისტობას ამოფარებული ცუმბუშები კადრულობენ – ანუ, კერძო კომპანია არის ტოქსიკურიო და რატომ გადაწყვიტა მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთანო. პარადოქსია არა, ერთი კომპანია და მთლიანი ჩინეთი ერთი ყოფილა?!

ალოო, მანდ ჭკუათმყოფელი ხართ ვინმე? რა დონეზე ხართ დაშვებული ვერ ატყობთ?!” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

“ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 16 აგვისტოდან ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება”

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გუშინდელ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის ფოტოებიც სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, ბოლო პერიოდში ქვათაცვენის ფაქტები გახშირდა, რაც საავტომობილო გზაზე ავტომანქანების გადაადგილებას უქმნის საფრთხეს. მსგავსი ფაქტი გუშინაც გამოვლინდა, რაზეც რეაგირება ოპერატიულად მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო. უსაფრთხოების მიზნით, პირველ რიგში, გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია.

გამომდინარე იქიდან, რომ ფერდზე არსებული ბადე ვერ ასრულებს დამცავ ფუნქციას, პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდითი სამუშაოს ჩატარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ფერდის პრობლემურ ადგილებში განხორციელდება.

დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Tester’s Day 2023 – თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება

ტექნოლოგიური, ინოვაციური, ინსპირაციული, დინამიური

9-10 სექტემბერს თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. კონფერენციას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები, დარგის ექსპერტები  და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და ევროპის მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი. დღის განმავლობაში ჩატარდება პანელური დისკუსიები, საინტერესო ვოკშოპები, ასევე საზოგადოება გაეცნობა QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის  ბაზრის უახლეს კვლევას.

ტესტერთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად სექტემბერში აღინიშნება. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). თიბისი მესამე წელია კონფერენციის მხარდამჭერია.

GeoSTQB არის საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო -ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიზანია სხვადასხვა ღონისძიებებითა და სასწავლო პროექტების საშუალებით საქართველოში პროგრამული  ტესტირების მიმართულების განვითარება, ტრენინგ ცენტრების და კურსების აკრედიტაცია და  ISTQB ოფიციალური სხვადასხვა დონის გამოცდის მხარდაჭერა.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერენ Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan, Exactpro და Women’s empowerment principles.

ღონისძიებაზე რეგისტრაციას და ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ: http://tkt.ge/TestersDay2023

10 სექტემბრის ვორკშოპის შერჩევა აუცილებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე: https://form.jotform.com/232066463957060

 

R

თბილისის მერიამ ქალაქში ელექტრომობილებისთვის კიდევ 30 ელექტროდამტენი დაამონტაჟა

თბილისის მერია განაგრძობს ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს. ამჟამად ქალაქს შეემატა 30 ელექტროდამტენი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოსთან 2019 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დამტენები, კომპანიამ „საკენი ბიოგრაფისგან“ დაამონტაჟა.

ახალი დამტენები დაემატა მთელი თბილისის მასშტაბით (ვაკე – 5, საბურთალო – 4, დიდუბე – 4, ნაძალადევი – 2, ჩუღურეთი – 2, მთაწმინდა – 3, ისანი – 4, გლდანი – 1, სამგორი – 3, კრწანისი – 2) და მათ ოპერირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ სექტემბრამდე 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს;

ასევე ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით.
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით.

მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს თავად კომპანია „საკენი ბიოგრაფისგან”.

ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმოდა – ომის 538-ე დღე-

რუსეთ-უკრაინის ომის 538-ე დღე

ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმოდა. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

რუსული რაკეტები დნეპრში საწარმოს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ვრცელდება ცნობა დაშავებულების შესახებ. აფეთქების ხმა ისმოდა ლვოვშიც. იქ ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაიბომბა ლუცკი და ხმელნიცკი.

“ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა,” – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს.

ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.

“უკრაინულმა ძალებმა, 13 აგვისტოს, კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს,” – ამის შესახებ ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში (ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთი ნაწილი, ორეხოვის სამხრეთით 13 კმ-ში).

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის თანახმად, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა, 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი. „რუსული ჯარები, სავარაუდოდ, კვლავ იკავებენ პოზიციებს დასახლების სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

“არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან არ მიიღოს სამართლიანი პასუხი,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„დღეს რუსი დამპყრობლები სასტიკად დაესხნენ თავს ხერსონის რაიონს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულებს შორის არის 22 დღის გოგონა. დაღუპულია ბავშვის დედაც. ჩვენი მეომრები სამაგიეროს უხდიან ოკუპანტების ტერორს. არ გადის არცერთი დღე, რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სრულიად სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათ შტაბსა და საწყობებში, ქერჩის ხიდზე გაჩენილი კვამლი და სხვა – ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს უპასუხოდ არ დავტოვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღე უახლოვდება სამართლიანობის აღდგენასა და გამარჯვებას.

„ჩვენ ყოველთვის გვაქვს საბაბი, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეომრებს. უკრაინა უახლოვდება სამართლიანობას, უახლოვდება გამარჯვებას და რუსი მკვლელები ჩვენს მიწაზე უახლოვდებიან განადგურებას. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, შევქმნათ პირობები, რომ მთელი უკრაინა კვლავ გახდეს თავისუფალი და უსაფრთხო. რუსმა ტერორისტებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა იგრძნონ: ისინი განადგურდებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უკიდურესად მამაცი და გაბედულია, მათ კარგად იციან, როგორ დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა

ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კუბლაშვილის ახლობლები ადასტურებენ.

ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის” იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

“მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით” – კახა კალაძე

გრძელდება უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. გასულ წელს შევიძინეთ 56 ბინა, ხოლო მიმდინარე წელს შესყიდულია 23 საცხოვრებელი ფართი, რაც ჯამში, 79 უძრავ ქონებას შეადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გარდა ამისა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით, ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. შემდეგ მათ საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“განაცებისთვის ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს” – დავით ზურაბიშვილი

დღეს ქოცები იქცევიან, როგორც ნაცები. უბრალოდ გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, საამისოდ (ანუ განაცებისთვის) ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი წერს.

მისი თქმით, სტიქიური უბედურებისას საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლებისგან მაკონსოლიდირებელი მოწოდებების მოლოდინი, თუმცა ხელისუფლება თვითონ დაუპირისპირდა არა მარტო მათ, ვინც შეკითხვებს სვამს, არამედ  დაზარალებულებსაც.

„ვეჭვობ ეს სტატუსი ნაცებს არ მოეწონებთ და ქოცებს ხომ არ მოეწონებათ და არ მოეწონებათ.

ნაცების მმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ ისინი არასდროს აღიარებდნენ არანაირ შეცდომას თუ გადაცდომას, არასდროს არაფერში არ ეთანხმებოდნენ არცერთ ოპონენტს და მუდმივად საკუთარი ქმედებების “გაპრავების” რეჟიმში იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, ამგვარმა მიდგომამ ნაცების წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას ძალიან შეუწყო ხელი.

მათგან განსხვავებით, ივანიშვილის ხელისუფლება ბოლო დრომდე გაცილებით უფრო ლაბილური იყო და კრიზისულ მომენტებში არ თაკილობდა ტაქტიკურ უკანდახევებს, მეისრეების დასჯას, ერთგვარ ორთქლის გამოშვებას და ა.შ. ამით ოცნება ახერხებდა საზოგადოებაში პერიოდულად გაჩენილი მძაფრი უკმაყოფილების მუხტის შენელებას და საბოლოო ჯამში ჩაცხრობასაც.

შოვის ტრაგედია ამ მხრივ სახელისუფლო მიდგომის ერთგვარ შემობრუნების წერტილადაც შეიძლება აღვიქვათ. აქ ხელისუფლებამ პირველივე დღიდანვე გამოაცხადა თავი შეუმცდარად და ყველანაირი ფაქტი, რის გამოც შესაძლოა ვიღაცას ეფიქრა, რომ მთავრობამ რამე ვერ შეძლო, სადღაც დააგვიანა, რაღაცაში გამოიჩინა დაუდევრობა და ა.შ., იმთავითვე გამოცხადდა სიცრუედ და ნაცების პროვოკაციად. ანუ, ქოცები აქ თავიდანვე იმყოფებიან მხოლოდ ტოტალური გაპრავების რეჟიმში, არაფერს არ აღიარებენ, არავის დასჯას არ აპირებენ და დამოუკიდებელ მედიას და დაზარალებულებს აბრალებენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

სხვანაირად რომ ვთქვა, დღეს ქოცები იქცევიან, როგორც ნაცები. უბრალოდ გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, საამისოდ (ანუ განაცებისთვის) ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს. ჯერ ერთი აქ საზოგადოებას თავიდანვე უამრავი ინფორმაცია ჰქონდა არასახელისუფლო წყაროებიდან მიღებული და იმთავითვე შეუძლებელი იყო შავის თეთრად გასაღება. გარდა ამისა, სტიქიური უბედურებისას საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლებისგან მაკონსოლიდირებელი მოწოდებების მოლოდინი, ამ დროს კი ხელისუფლება თვითონ დაუპირისპირდა არა მარტო იმათ, ვინც შეკითხვებს სვამს და მის უცთომელობაში ეჭვი შეაქვს, არამედ თვით დაზარალებულებსაც, რაც უკვე ისეთი უგუნურებაა, რომ პროსახელისუფლო კონსოლიდაციას არსებითად გამორიცხავს.

ამიტომ მე პირადად პრინციპულად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. თავად ქოცი ამომრჩევლისთვის ასეთი ხისტი სიჯიუტე წმინდა ესთეტიურადაც უჩვეულოა და ნაცების მიდგომებთან უფრო ასოცირდება, რომ არაფერი ვთქვა დაზარალებულების მიმართ ეჭვების გამოთქმის ამორალობაზე, რასაც მეტ-ნაკლებად პატიოსანი ქოციც კი ვერ აარიდებს თვალს.

და თუკი რაიმე ოპტიმისტური და დადებითი შეიძლება გამოვიტანოთ ამ მძიმე და გულისამრევი სიტუაციიდან, ეს არის ის, რომ ამით ხელისუფლება ვერაფერს იგებს. უფრო პირიქით“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია –  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი

გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბეტ ვან სკააკმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრებენ, ვიდრე ის თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვან სკააკმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ აშშ მხარს უჭერს ინტერნაციონალიზებული ტრიბუნალის იდეას, რომელიც იქნება უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი.

თუმცა, მისი თქმით, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ დაძლევს მანამ, ​​სანამ ის თანამდებობაზე რჩება.

ვან სკააკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ, ვიდრე ის რუსეთში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობაში, მაშინ დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური”, – აღნიშნა მან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები პუტინისა და რუსეთის სარდლობის ჯაჭვის სხვა პირების მიმართ”.

ვან სკააკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინის მიმართ გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს, სწრაფად იმოქმედოს, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და პუტინი დაკარგავს თავის პოზიციასა და იმუნიტეტს.

იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის სახერხი საამქროები, მოქალაქეებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ ახმეტაში ჰქონდათ მოწყობილი. ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი და 21 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის ფიცარი.

სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ვინც არ იბრძვის ფრონტზე, უნდა დაეხმაროს ბრძოლაში – არა ბარებში ან კლუბებში, არამედ ჯარისკაცების კონკრეტული დახმარებით -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ფრონტზე მებრძოლი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის დროს ზურგის ქალაქებში არსებული ვითარება განიხილა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„კიდევ ერთი რამ ითქვა დღეს სხვადასხვა ბრიგადაში. ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან, რომლებიც ზურგის ქალაქებში მიდიან, იმსახურებენ იმას, რომ დაინახონ და იგრძნონ, რომ ეს არის ზურგის ქალაქები, რომ ხალხს იქ ახსოვს, რომ ჯარისკაცები, ჩვენი ჯარისკაცები აქ არიან და იბრძვიან უკრაინისთვის, სიცოცხლეს წირავენ უკრაინისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტზე ვიღაც კი არ იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, არამედ ეს არის ყველას საერთო ეროვნული საქმე, ვინც იბრძვის და მუშაობს გამარჯვებისთვის.

“უკრაინა ომშია. ვინც არ იბრძვის ფრონტზე, უნდა დაეხმაროს ბრძოლაში. და არა ბარებში, არა კლუბებში, არამედ საკმაოდ კონკრეტული დახმარება ჯარისკაცებისთვის. ეს არის მინიმუმი. ქვეყნის მთელი ადრენალინი, ქვეყნის ყველა ემოცია, ქვეყნის მთელი ძალები იქ უნდა იყოს – ბრძოლებში სახელმწიფოსთვის. უკრაინისთვის – ეს არის მთავარი პრინციპი. სხვა რამის გულისთვის ან საკუთარი თავისთვის – ეს იქნება მოგვიანებით, როცა გავიმარჯვებთ. ახლა დაცვაა. ახლა ომია”, – დაასკვნა მან.

“ქართული ოცნება” პასუხს აგებს – გიორგი ვაშაძე

სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს, ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” ეშინია შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილების, რადგან ისინი თვითმხილველები არიან, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

” „ქართულ ოცნებას” ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით სასწაულად გადაურჩნენ შოვის ტრაგედიას და მიზანმიმართულად თავს ესხმის მათ, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან თვითმხილველები იმისა, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

ის ბინძური კამპანია რაც შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ კობახიძემ დაიწყო და შემდეგ „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა განაგრძეს, ნათლად გამოხატავს მათ გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ.

მსგავსი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ არავის შერჩება! ძალიან მალე „ქართული ოცნება” პასუხს აგებს ყველა იმ ზიანის გამო, რაც საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს მიაყენა.

ჩემი სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა.

სიმართლე და ძალა თქვენს მხარეს არის და კობახიძეები ვერასდროს მოგერევიან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტ6არსაც პრესსამსახური ავრცელებს