თბილისის მერიამ ქალაქში ელექტრომობილებისთვის კიდევ 30 ელექტროდამტენი დაამონტაჟა

108
spot_img

თბილისის მერია განაგრძობს ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს. ამჟამად ქალაქს შეემატა 30 ელექტროდამტენი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოსთან 2019 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დამტენები, კომპანიამ „საკენი ბიოგრაფისგან“ დაამონტაჟა.

ახალი დამტენები დაემატა მთელი თბილისის მასშტაბით (ვაკე – 5, საბურთალო – 4, დიდუბე – 4, ნაძალადევი – 2, ჩუღურეთი – 2, მთაწმინდა – 3, ისანი – 4, გლდანი – 1, სამგორი – 3, კრწანისი – 2) და მათ ოპერირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ სექტემბრამდე 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს;

ასევე ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით.
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით.

მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს თავად კომპანია „საკენი ბიოგრაფისგან”.