“ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 16 აგვისტოდან ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება”

69
spot_img

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გუშინდელ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის ფოტოებიც სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, ბოლო პერიოდში ქვათაცვენის ფაქტები გახშირდა, რაც საავტომობილო გზაზე ავტომანქანების გადაადგილებას უქმნის საფრთხეს. მსგავსი ფაქტი გუშინაც გამოვლინდა, რაზეც რეაგირება ოპერატიულად მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო. უსაფრთხოების მიზნით, პირველ რიგში, გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია.

გამომდინარე იქიდან, რომ ფერდზე არსებული ბადე ვერ ასრულებს დამცავ ფუნქციას, პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდითი სამუშაოს ჩატარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ფერდის პრობლემურ ადგილებში განხორციელდება.

დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.