Home Blog Page 1740

“ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია უნდა გვქონდეს ცივილური და არა ძალადობრივი ფორმებით, რაც მიუღებელია” – რატი იონათამიშვილი

ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში უმთავრესი ამოცანაა, დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ამ მხრივ სამართალდამცველებმა მაღალი პროფესიული მომზადება აჩვენეს, რადგან არცერთი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია, რაც უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.

„ცხადია, თითოეული ჩვენგანი უნდა გაემიჯნოს ნებისმიერი სახის ძალადობას და დავგმოთ. ძალადობით არცერთი პრობლემის განეიტრალება არ შეიძლება, რადგან პრობლემა მეტად მწვავდება. პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის არჩევანსა და ბედნიერებისკენ სწრაფვას. ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია უნდა გვქონდეს ცივილური და არა ძალადობრივი ფორმებით, რაც ცალსახად მიუღებელია, მით უმეტეს, მოროდიორობის ელემენტები კიდევ უფრო მძიმე სანახავი იყო“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5894 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5894 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8372 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს” – იენს სტოლტენბერგი

წევრობის სამოქმედო გეგმის​ (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტზე გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ​ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგს კითხვა დაუსვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში MAP-ის გადაცემის ეტაპი გაუქმდეს და ეს კარგი მომენტია, რათა სიცხადე შევიტანოთ ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, უფრო მეტი დეტალი გვითხრათ, სად არის ახლა მოლაპარაკების პროცესი“.

„ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წამოვაყენე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და ნატო-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან. მეორე იყო ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა, ხოლო მესამე ელემენტი იყო მაპის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთ საფეხურიანს გახდის. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

“ახალი ჩინური სასწაული“ გადაიდო: რატომ არ იზრდება ეკონომიკა სი ძინპინის მმართველობის დროს და რით ემუქრება ეს რუსეთს და მსოფლიოს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ახალი ჩინური სასწაული“ გადაიდო: რატომ არ იზრდება ეკონომიკა სი ძინპინის მმართველობის დროს და რით ემუქრება ეს რუსეთს და მსოფლიოს“. მასში გაანალიზებულია თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც, წინასწარი მონაცემებით, ერთობ არასახარბიელოდ გამოიყურება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნახევარი წლის წინათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა სამწლიანი ლოქდაუნი გააუქმა, ქანჩების მოჭერის ათწლიანი ტაქტიკა შეარბილა და კურსი სეცვალა. მას იმედი ჰქონდა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებას ჩააქრობდა და ქვეყნის ეკონომიკას გამოაცოცხლებდა, მიზანს მიუახლოვდებოდა: მსოფლიო ეკონომიკის ლიდერს – ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაანაცვლებდა.

პირველ ხანებში ჩინეთის ეკონომიკის ძრავა თითქოს ახალი ძალით ამუშავდა, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ისევ რაღაც მოუვიდა. ჩინელები ფულს არ ხარჯავენ, ბიზნესი არ ვითარდება, დასავლეთთან კონფლიქტი კი უცხოელ ინვესტორებს და სავაჭრო პარტნიორებს აფრთხობს. ეკონომიკური ზრდის ძველი რეცეპტები აღარ მუშაობს, ახლების გამოყენება კი შეზღუდულია. ეს ძალიან ცუდი ამბავია როგორც ავტორიტარ სი ძინპინისათვის, ასევე ჩინეთის მოსახლეობისათვის, რომელიც მიეჩვია ცხოვრების ყოველწლიურ გაუმჯობესებას… და საერთოდ, მთელი მსოფლიოს ეკონომიკისათვის – ჩინეთი ხომ ამ მხრივ მეორეა მოცულობით, აშშ-ის შემდეგ.

და განსაკუთრებით არასასიამოვნოა ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები რუსეთისთვის, რომელიც უკრაინასთან ომშია ჩაბმული. გამოკვეთილია ოთხი მიზეზი, რომელიც კრემლის შეშფოთებას იწვევს:

პირველი – ჩინეთი ენერგორესურსების უდიდესი შემსყიდველია მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, მისი ეკონომიკური პრობლემების გამო ნავთობზე მოთხოვნა სემცირდება. ნავთობიკი რუსეთის მტავარი საექსპორტო საქონელს წარმოადგენს. კრემლი იძულებული გახდება ნავთობის ამოღება შეამციროს, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს შემოსავლებზე – დასავლური სანქციების პირობებში.

მეორე – უკრაინაზე ტავდასხმით რუსეთმა დაკარგა დასავლური ბაზრები, ინევსტიციები და ტექნოლოგიები. კრემლი იმედოვნებდა, რომ დასავლეტს ჩინეთით ჩაანაცვლებდა. პირველ ხანებში მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია გართულდება. ასე რომ, ჩინეთის პრობლემები რუსეთის პრობლემებიც არის.

მესამე – ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია სავაჭრო და ტექნოლოგიური ომი აშშ-სთან. სი ძინპინის ახალი კურსი სწორედ მუხრუჭის შესამცირებლად არის მიმართული, მაგრამ ამერიკისათვის ჩინეთის დაახლოება რუსეთთან მიუღებელია. ამიტომ პეკინი იძულებული გახდება რუსეთთან დისტანცირების მანძილი გაადიდოს.

მეოთხე – რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია, ევროპელები სულ უფრო ნაკლებად ხარჯავენ ფულს ჩინური პროდუქციის შესყიდვაზე. სახეზეა ჯაჭვური პროცესი: ომი ევროპელთა ცხოვრების გაუარესებას იწვევს, ისინი ჩინური პროდუქციას არ ყიდულობენ, ჩინეთი ყოველდღიურად ზარალდება. ამიტომაც პეკინი ომის შეწყვეტით არის დაინტერესებული.

მოკლედ, ჩინური კორონავირუსული ლოქდაუნი უპრეცედენტო იყო, მაგრამ მისი გაუქმების შემდეგ ეკონომიკაში სასწაული არ მომხდარა, ჩინური მოტორი ძველებურად მძლავრად არ ამუშავებულა. შიდა ტურიზმი თითქმის ჩაკვდა, შემცირებულია ბინების და ავტომობილების ყიდვა, რაც მოსახლეობის შემოსავლების კლების მანიშნებელია. ეროვნული ვალუტის – იუანის კურსი ეცემა და 15 წლის წინანდელ კურსს უახლოვდება. „აშკარაა, რომ ჩინეთის კომპარტიის გეგმები გადაჭარბებული აღმოჩნდა, ეკონომიკის გამოცოცლების იმედები არ გამართლდა“, – ამბობს იანჯუნ ხუანი, ექსპერტი აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან.

რა უშლის ხელს „ჩინური სასწაულის“ გაგრძელებას

პრობლემების სია გრძელია, მაგრამ მათგან შეიძლება მთავარი გამოვყოთ:

პირველ რიგში უნდა დასახელდეს უნდობლობის ფაქტორი. ჩინელებს არ სჯერათ, რომ პარტია ცხოვრებას გააუმჯობესებს. სწორედ კომპარტიამ დააზარალა სახელმწიფო – ჩინეთში ლოქდაუნი სხვა ქვეყნებზე უფრო მკაცრი და უფრო ხანგრძლივი იყო. შესაბამისად, მისგან მიყენებული „ჭრილობები“ ნელი ტემპით ხორცდება, მოსახლეობა ამ სიმკაცრეს ვერ ივიწყებს. წინ გაურკვევლობაა. ამიტომ ჩინელები ფულს „შავი დღეებისათვის“ აგროვებენ და არ ხარჯავენ, რაც თავის მხრივ, ცუდია ეკონომიკისათვის.

მეორე მიზეზი – კონფლიქტი დასავლეთთან: ჩინეთი გლობალიზაციის წყალობით გამდიდრდა, ანუ დასავლეთთან ვაჭრობით. მაგრამ სი ძინპინმა, რომელმაც ქვეყნის შიგნით სისტემის ავტორიტარიზება განახორციელა, საგარეო პოლიტიკაშიც მოისურვა მსოფლიო ავტორიტარული ლიდერის როლის შესრულება, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია. სიმბიოზი კონკურენციით შეიცვალა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რით დასრულდება ჩინეთისა და დასავლეთის სავაჭრო-ტექნოლოგიური ომი, მაგრამ წინასწარი სიმპტომები ნეგატიურ შედეგებს მოასწავებს.

მესამე – უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა. ჩინეთის ერთგვარმა პრორუსუსლმა პოზიციამ უკრაინის ომის მიმართ დასავლელი ინვესტორების გეგმები სეცვალა. ისისნი შიშობენ, რომ ვაითუ პეკინმა მსგავსი რამ ტაივანის მიმართ ჩაიდინოს. ამიტომ ჩინურ ბაზარს ერიდებიან და ახალ ლოკაციებს ეძებენ – ინდოეთში, ვიეტნამში, ეგვიპტეში, მექსიკაში, თურქეთში…

მეოთხე – პარტიის არასწორი სოციალურ-ეკონომიკური კურსი. ჩინეთში, სადაც მმართველ ძალას კომუნისტური პარტია წარმოადგენს, ჯერ კიდევ ბევრი გადმონაშთია შენარჩუნებული, უცხოელთა ფინანსური საქმიანობა შეზღუდულია, წინა პერიოდებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება არ ხდება. შობადობა კლებულობს, უმუშევრობის დონე კი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იზრდება. ამის მიზეზი სი ძინპინის ავტორიტარიზმია, რომლის კურსის მიხედვით, სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში ძლიერდება. შესაბამისად, დასავლეთი თავს იკავებს ჩინეთთან ურთიერთობისაგან.

ამ ყველაფერმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ეკონომიკის ზრდის მთავარი მოტორები – ექსპორტი, კერძო ინვესტიციები და მოხმარება, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი, სინქრონულად არ მუშაობენ.

ეკონომიკური ექსპერტები და ბიზნესმენები ჩინეთის ხელისუფლებას ერთხმად მოუწოდებენ, რომ გასატარებელია ახალი საბაზრო და პოლიტიკური რეფორმები, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება ეკონომიკისადმი დიდი მოცულობის სუბსიდიებით. რასაკვირველია, ხელისუფლება თვითონაც ხვდება, რომ  სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ეკონომიკა არ გამოცოცხლდება, მაგრამ რომელ გზას აირჩევს კომპარტია? ეს, ალბათ, ცნობილი გახდება პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება და ეკონომიკის საკითხებს იქნება განხილული.

ექსპერტების აზრით, ჩინეთი „მოჯადოებულ წრეშია ჩავარდნილი“, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძნელი ხდება: საჭიროა სახელმწიფოსაგან მეტი დახმარება კომპანიებისადმი, მაგრამ რადგანაც სახელმწიფოს ნაკლები შემოსავლები აქვს, ის მათ ჯეროვნად ვერ ეხმარება. შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტი სულ უფრო მცირდება.

დაეწევა თუ არა ჩინეთი ამერიკას?

ჩინეთი გზა-გასაყარზე აღმოჩნდა: ერთი გზა მიდის მსოფლიო ლიდერობისაკენ, მეორე – მოდუნობისაკენ, ანუ ისეთი მდგომარეობისაკენ, რომელშიც პეკინის ზღვისიქითა მეზობელი – იაპონია აღმოჩნდა გასული საუკუნის ბოლოს და რომლისგანაც „აზიური დრაკონი“ ჯერაც ბოლომდე ვერ გამოკეთებულა.

რა თქმა უნდა, ჩინეთის ხელისუფლება ზოგადად, სიტყვებით, კმაყოფილია ეკონომიკის მიმდინარე 5%-იანი ზრდით, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბევრად მცირეა დაგეგმილზე.

„თუ ადრე, ათიოდე წლის წინ, აშკარა იყო, რომ ჩინეთი ეკონომიკის ზრის ტემპებით ამერიკას დაეწეოდა და გადაუსწრებდა კიდეც, ახლა ნათელია, რომ პეკინისათვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენის რეალიზება გადაიდო“, – ამბობს კომპანია Bloomberg Economics-ის მთავარი ეკონომისტი ტომ ორლიკი, – შეიძლება უკვე წარმოვიდგინოთ ისეთი სცენარიც კი, როცა ჩინეთისათვის აშშ-ის დაწევა-გადასწრება შეუძლებელი იქნება და ეს არ მოხდება“.

რა რეზერვები აქვს ჩინეთს დარჩენილი? დემოგრაფიული გარღვევა – შობადობის ზრდა სახელმწიფოს მხარდაჭერით და ტექნოლოგიური გარღვევა – სახელმწიფოს მიერ ინვესტიციების ჩადებით ავტომატიზებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.

ამ დარგებში მიღწეული წარმატებები ჩინეთს ხელს შეუწყობს შინაგანი მუხრუჭების ნაწილი მოიხსნას და ხელი შეეწყოს ზრდის დაჩქარებას. მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. აუცილებელია საგარეო მუხრუჭების მოხსნაც – სი ძინპინის მთავრობამ დასავლეთთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საქმე უკვე ადგილიდან არის დაძრული: ამ რამდენიმე თვის წინ პეკინში იყვნენ ჯერ საფრანგეთის, შემდეგ გერმანიის, ესპანეთისა და ევროკავშირის ლიდერები, ახლახანს კი განახლდა კონტაქტები ამერიკელებთანაც: პეკინში ჯერ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, ამ შაბათ-კვირას კი – აშშ-ის ფინანსტა მინისტრი ჯანეტ იელენი. რამდენიმე დღეში პეკინს ეწვევა თეთყრი სახლის სპეცწარმომადგენელი ჯონ ქერი.

პეკინსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი განახლდა, მაგრამ ყველა ელოდება მთავარ სამიტს – აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან. ეს მოხდება იმ სემთხვევაში, თუ სი ძინპინი სან-ფრანცისკოში ჩავა, სადაც ნოემბერში აზია – წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი უნდა გაიმართოს.

მაგრამ მაშინაც კი ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ სი ძინპინი შეძლებს ან მოისურვებს ჯო ბაიდენის დარწმუნებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის გადახედვაში, რომლის ცენტრშია დაპირისპირება ჩინეთთან როგორც აშშ-ის მთავარ მოწინააღმდეგესთან – ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

წყარო

“NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს – ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს”- სააკაშვილი

ოთხი დიდი სახელმწიფო ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას – ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს , – ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში,   რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნის გაუქმება გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს.

„NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.

ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.

რატომ მიმდინარეობს დაყოვნებით უკრაინის არმიის კონტრშეტევა – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Jounal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ მიმდინარეობს დაყოვნებით უკრაინის არმიის კონტრშეტევა“. პუბლიკაციის ავტორები – იან ლოვეტი და დენიელ მაიკლსი – ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვას, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღიურად უსვამენ უკრაინელ პოლიტიკოსებს და მათ დასავლელ მოკავშირეებს: რატომ მიმდინარეობს ასე ნელა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინასწარ ფართოდ რეკლამირებული კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, გასულ წელს უკრაინამ, მოხერხებული მანევრების წყალობით, ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და ავიაციის მხარდაჭერის გარეშე, შეძლო უპირატესობის მოპოვება რუსეთის არმიაზე, შეტევა დაიწყო და ხარკოვის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა, სიტუაციის ღრმა შესწავლით, მაღალი პროფესიული დონით, დრონებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, უკუაგდეს ბევრად მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფები…

მაგრამ დღეს ვითარება, შარშანდელთან შედარებით, სულ სხვაა – უკრაინის არმიის წარმატებული პერიოდი უკან დარჩა. ამჟამად უკრაინა ცდილობს თავისი ტერიტორიიდან ისეთი მტერი გააძევოს, რომელიც „ღრმად არის ჩამჯდარი მიწაში“ – რუსებმა თვეების განმავლობაში კარგად გამაგრებული ზღუდეები შექმნეს: სანგრებისა და ტრანშეების ქსელით, ბუნკერებით, საცეცხლე წერტილებით, ტანკსაწინააღმდეგო „ხაფანგებით“ და დანაღმული ველებით. ასეთი ზღუდეების გადალახვა შემტევი მხარისთვის ერთ-ერთ ურთულეს სამხედრო ოპერაციას წარმოადგენს.

დღევანდელ სიტუაციაში უკეთეს მდგომარეობაში რუსული არმიაა, რომელიც თავდამცავ მხარეს წარმოადგენს. როგორც ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ ო’ჰენლონი ამბობს, საერთოდ, ომის წარმოებისა და სამხედრო ხელოვნების თანახმად, გამაგრებული პოზიციების დაკავება ძალიან ძნელია და მეტი დანაკარგებია მოსალოდნელი, ვიდრე თავდაცვის დროს. მაგალითად, უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში კილომეტრობით გამაგრებული ზიგზური სახის ხაზები ააგეს, რომლებიც ერთმანეთთან სეერთებულია ბეტონირებული ტრანშეებით და საცეცხლე წერტილებით. ისინი კარგად არის შენიღბული და მათი დრონებით აღმოჩნე ასაკმაოდ ძნელია. გამაგრებული პოზიციების წინ მდებარე ველები მჭიდრო არის დანაღმული.

„ასეთი წინასწარ მომზადებული პოზიციების სრული განადგურება შეუძლებელია“, – განუმარტავს სიტუაციას სტატიის ავტორებს ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცერი. მისი თქმით, ასეთი პოზიციის ხელში ჩაგდებისათვის აუცილებელია ჯერ ძლიერი საარტილერიო დაბომბვა, შემდეგ ჯავშანტექნიკის წინსვლა, ბოლოს კი ქვეთთან ქვედანაყოფების მოქმედება. მაგრამ როცა საკმარისი რაოდენობის ტანკები არ არის, ასეთი სტრატეგიის რეალიზება შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ ჰაერიდან ავიაციის დახმარების იმედი არ არსებობს.

ომების ისტორიიდან ცნობილია, რომ თავდამცავი მხარის გაძევება გამაგრებული პოზიციებიდან მსოფლიოს ძლიერი არმიებისათვისაც კი მძიმე ამოცანას წარმოადგენს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებს (ამერიკელებს, ბრიტანელებს და კანადელებს) გერმანიის მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში –  ნორმანდიის ნაპირებზე გადმოსხმის შემდეგ ორი თვე დაჭირდათ ფაშისტების თავდაცვითი ზღუდეების გასანადგურებლად – და ეს იმ პირობებში, როცა მოკავშირეები რიცხობრივად გერმანელებზე მეტნი იყვნენ და მათ ავიაცია მხარს აქტიურად უჭერდა.

1991 წელს, ერაყის ომში შეტევითი ოპერაციის – „უდაბნოს ქარიშხალის“ რეალიზების დროს, სანამ მისი სახმელეთო ნაწილი დაიწყებოდა, აშშ-ის ავიაცია ხუთი კვირის განმავლობაში ბომბავდა ერაყის არმიის პოზიციებს, რათა ქვეითებს წინსვლა გაადვილებოდათ.

წყარო

თურქეთისგან გადაცემულები: რატომ გაუშვა რეჯეფ ერდოღანმა „აზოველები“ სახლში ისე, რომ რუსეთი საქმის კურსში არ ჩააყენა

უკრაინისათვის „აზოველების“ გადაცემის თემას ეხმაურება კიდევ ერთი რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ), რომელიც აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთისგან გადაცემულები: რატომ გაუშვა რეჯეფ ერდოღანმა „აზოველები“ სახლში ისე, რომ რუსეთი საქმის კურსში არ ჩააყენა“ (ავტორი – ალექსი ზაბროდინი).

„იმ დროს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლიდან თავისი თვითმფრინავით „აზოველები“ ჯერ პოლონეთის „ჟეშუვის“ აეროპორტში ჩაიყვანა, შემდეგ ავტობუსით ლვოვში, თურქეთის პრეზიდენტი ქალაქ ბაიბურთში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოდიოდა და აცხადებდა, რომ „არავის არ შეუძლია თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭება – არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო დიალოგი მაქვს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ექსპერტები თურქეთის პრეზიდენტის მოქმედებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: პირველი ისაა, რომ რეჯეფ ერდოღანს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოს მეთაურს, ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ, რომელიც 11 ივლისს იწყება, სურს აჩვენოს, რომ იგი ალიანსელ მოკავშირეებთან სოლიდარულია და ყოველთვის შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება. მეორე მომენტია უკრაინასთან მარცვლეულის ექსპორტის გარიგების გაგრძელება:

თურქეთისათვის დოკუმენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ის ეხება ქვეყნისა და პრეზიდენტის რეპუტაციას და თუ რუსეთი უარს იტყვის, ამით რეჯეფ ერდოღანის სახელს ჩრდილი მიადგება. სწორედ ამიტომ თურქმა ლიდერმა სიგნალი გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს, რომ თუ კრემლი გაჯიუტდება, ანკარას კიდევ უფრო უარესის გაკეთება შეუძლია.

„გარდა ამისა, ანკარა, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრმა, ვალდებულია სოლიდარობა გამოავლინოს ბრიუსელის მიმართ, მით უმეტეს, რომ დღეს შვედეთი ნატოში გაწევრიანებას ცდილობს, თურქეთის კი წინააღმდეგია. ანკარა „აზოველების“ გადაცემით ბრიუსელს აჩვენებს, რომ მას შეუძლია ნატოს ინტერესებიც დაიცვას (ანუ უკრაინის სასარგებლო ნაბიჯი გადადგას) და როცა საჭიროდ ჩათვლის, მოსკოვის წინააღმდეგაც გამოვა“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში იური მავაშევი, მოსკოვში მოქმედი „ახალი თურქეთის შემსწავლელი ცენტრის“ ხელმძღვანელი.

წყარო

ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ამბოხების მცდელობიდან ხუთი დღის შემდეგ, „ვაგნერის“ ხელმძღვანელობას კრემლში შეხვდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.

„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, – განაცხადა პესკოვმა.

ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას – “თანაინვესტირების ფონდი” ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება

“თანაინვესტირების ფონდი” ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

მათი განცხადებით, პროკურატურასთან სრულად თანამშრომლობენ და მათი ინტერესია ხელი შეუწყონ ობიექტურ გამოძიებას.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში Bayraktar-ის დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია სტრატეგიული მრეწველობის მინისტრზე, ალექსანდრე კამიშინზე დაყრდნობით ავრცელებს.

“თუ კონკრეტულად ვსაუბრობთ Bayraktar-ის ქარხანაზე, რომლის შესახებ საუბარი უკრაინაში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაშინ ამ ქარხანის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ქარხნის მშენებლობა პრაქტიკაში დაიწყო და არა მხოლოდ მემორანდუმებით”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ქარხანაში შესაძლოა სხვა რამეც აწარმოონ, რაზედაც საუბარი ჯერ არ შეიძლება.

„საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებაზე. ეს არის ყველაზე დიდი Bayraktar-ის ქარხანა, რაზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით. მერე იყო შეჩერება, სკანდალები. დღეს იწყება ამ ქარხნის მშენებლობა, გადავედით რეალურ ნაბიჯები“, – აღნიშნა მინისტრმა.

რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება – უცხოური პრესა

იმ დროს, როცა თურქული პრესა დუმილით უხვევს გვერდს 7 ივლისს რეჯეფ ერდოღანის მიერ ვლადიმერ ზელენსკისათვის უკრაინული ნაცბატალიონის „აზოვის“ მეთაურთა გადაცემის ფაქტს და მისი კომენტირება არ ხდება, რუსულ პრესაში პირიქით – „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნება საკმაოდ აქტიურად განიხილება და ექსპერტების კომენტარები ქვეყნდება – იმ მიზეზით, რომ მომხდარი ფაქტი პირდაპირ ეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასაც.

კრემლის შეფასებით, ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი გასულ წელს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, რომლის თანახმად, „აზოველები“ თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა ყოფილიყვნენ ე.წ. „შიდა პატიმრობაში“, ახლა კი, როცა ისინი უკვე უკრაინაში არიან, მათ კვლავ შეუძლიათ იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რატომ გადადგა რეჯეფ ერდოღანმა ასეთი ანტირუსული ნაბიჯი იმ დროს, როცა მას თავის რუს კოლეგასთან – ვლადიმერ პუტინთან – კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვს?

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ (Московский комсомолец) 10 ივლისის ნომერში სათაურით „რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ექსპერტ იასარ ნიაზბაევთან, რომლის თქმით, „ამ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს.

პირველი – ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ თურქეთს მძიმე შეიარაღება სთხოვა (თვითმავალი ჰაუბიცები Т-155). არსებობს ვარაუდი, რომ ანკარამ უარი უთხრა, რადგანაც ეს რუსეთთან დამოკიდებულების დაძაბვას გამოიწვევდა და ამის ნაცვლად მასპინძელმა სტუმარ ვოლოდიმირ ზელენსკის ჟესტი გაუკეთა: პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა და უკან „ცარიელი ხელით“ ხომ ვერ გაუშვებდა? ამიტომ მან „აზოვის“ მეთაურები „შინა პატიმრობიდან“ გაათავისუფლა და ვოლოდიმირ ზელენსკის გააყოლა. აქვე ვიტყვი, რომ საერთოდ, აზოველები“ თურქეთში თავს საკმაოდ კარგად გრძნობდნენ, მათ კიევი უხდიდა ფულს საცხოვრებელი ბინის დაქირავებაში და კვება – ჩაცმა-დახურვისათვის, ისინი თავისუფლად ხვდებოდნენ არამარტო თურქეთში ჩასულ უკრაინელ პოლიტიკოსებს, არამედ თავიანთი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილნი იყვნენ.

მეორე – შესაძლოა ამ ჟესტით თურქეთმა თავის ნატოელ მოკავშირეებს აჩვენა, რომ ის პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს და მას როცა ჭირდება, შეუძლია რუსეთთან დადებული შეთანხმებაც კი დაარღვიოს ისე, რომ რუსეთი საქმის კურსშიც კი არ ჩააყენოს. ნატოს სამიტის წინ ასეთი პოლიტიკის დემონსტრირება მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთს ვილნიუსში გარკვეულ პრეტენზიებს წაუყენებენ.

მესამე – თურქეთს უკრაინული მარცვლეულის გატანის შესახებ გარიგების შენარჩუნება სურს, რუსეთს კი მისი გაუქმება. რამდენიმე თვის წინ მოსკოვი დაეთანხმა ანკარის თხოვნას და შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისამდე გააგრძელა, მაგრამ ახლა მისი პროლონგაციის წინააღმდეგია. თურქეთმა თავისი ნაბიჯით რუსეთს მიანიშნა, რომ თუ გაჯიუტდება, ანკარას ბევრი ცუდის გაკეთება შეუძლია რუსეთისათვის.

არის კიდევ მეოთხე ვარიანტი: სირიაში რუსებმა თურქეთის მოქმედება შეზღუდეს და არ არის გამორიცხული, რომ ანკარამ საპასუხო რეაქცია გამოავლინა“.

კითხვაზე, რას გააკეთებს კრემლი და საერთოდ, რამდენად შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაურესება, ექპერტი პასუხობს:

„რუსეთს დღეს არ აწყობს თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაუარესება, ამიტომ მოსკოვი იძულებული გახდება რაღაც-რაღაცეები მოითმინოს. რუსეთი ხომ თურქეთის ტერიტორიის გავლით საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქციას იღებს. საერთოდ კი, რასაკვირველია, ორივე მხარეს აქვს ზეწოლის ბერკეტები და როცა მოისურვებენ, მაშინ აამოქმედებენ. თურქულ პრესაში ამ ფაქტს ნაკლები ყურადღება ექცევა, რადგან „აზოველების“ უკრაინისთვის გადაცემის ფაქტი მათთვის, რუსებისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. თურქებს ახლა თავიანთი პრობლემებიც ბევრი აქვთ“.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტი ესაუბრება აგრეთვე ცნობილ რუს პოლიტოლოგს სერგეი მარკოვს, რომლის აზრით, რეჯეფ ერდოღანს ასეთი ანტირუსული ნაბიჯი ახლო მომავალში უკან ნეგატიურად შეუბრუნდება.

„თურქეთის პრეზიდენტის მოქმედება, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. იგი ამ ნაბიჯით თავისი პოლიტიკური კაპიტალის დიდ ნაწილს კარგავს. როგორც გახსოვთ, ვლადიმერ პუტინი რეჯეფ ერდოღანს რეკლამას უწევდა და ამბობდა, რომ იგი სიტყვის კაცია და დაპირებებს ყოველთვის ასრულებსო. ახლა ასეთი განცხადების გაკეთება კრემლისთვის უკვე უხერხული იქნება, რადგან თურქმა ლიდერმა საჯაროდ, ყველას დასანახად დაარღვია რუსეთთან დადებული პირობა, რომ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე იქნებოდნენ“, – ამბობს სერგეი მარკოვი.

კითხვაზე, თუ რით უპასუხებს თურქეთის მოქმედებას რუსეთი, ექსპერტი პასუხობს:

„ალბათ, რუსეთის რეაქცია ვლადიმერ პუტინის დუმილი იქნება რეჯეფ ერდოღანის ნაბიჯის მიმართ. ყველა მიხვდება, რომ იგი თურქ კოლეგას არაფერში აღარ ენდობა. ბევრი უცხოელი ლიდერი იფიქრებს, რომ თუ რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან – რუსეთის ავტორიტეტულ პრეზიდენტთან – დადებულ პირობას არ ასრულებს, მაშინ ის არც სხვებთან არ შეასრულებს. ესე იგი, თურქეთის პრეზიდენტისადმი ნდობის ფაქტორი დაბლა იწევს.

ვფიქრობ, რომ კრემლი რაღაც სიმბოლურ ანტითურქულ ნაბიჯს არ გადადგამს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს. ემოციების გამოვლენა საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, მომხდარი ფაქტი არასასიამოვნოა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაზე „აზოველების“ გადაცემა გადამწყვეტ გავლენას არ მოახდენს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მომგებიანია „თურქული საჩუქარი“ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, სერგეი მარკოვი ამბობს, რომ „უკრაინის პრეზიდენტისათვის ეს ფაქტი ხმამაღალ საინფორმაციო მოვლენას წარმოადგენს. მას ახლა, როცა კონტრშეტევა წარუმატებელია, ისეთი რამ ჭირდება, რომელიც უკრაინელთა თვალში მის რეაბილიტაციას მოახდენს. იგი აუცილებლად ისარგებლებს ამ ფაქტით, საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენის წარმოჩენის მიზნით“.

წყარო

” საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას”-ირაკლი ზარქუა

საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

„როდესაც ნატო მზად იქნება, ჩამოყალიბდებიან, მაშინ დაიწყება პროცედურები. არ ვაპირებ არასწორი მოლოდინების შექმნას. საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება“, – აცხადებს ზარქუა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატოში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.