რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება – უცხოური პრესა

511
spot_img

იმ დროს, როცა თურქული პრესა დუმილით უხვევს გვერდს 7 ივლისს რეჯეფ ერდოღანის მიერ ვლადიმერ ზელენსკისათვის უკრაინული ნაცბატალიონის „აზოვის“ მეთაურთა გადაცემის ფაქტს და მისი კომენტირება არ ხდება, რუსულ პრესაში პირიქით – „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნება საკმაოდ აქტიურად განიხილება და ექსპერტების კომენტარები ქვეყნდება – იმ მიზეზით, რომ მომხდარი ფაქტი პირდაპირ ეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასაც.

კრემლის შეფასებით, ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი გასულ წელს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, რომლის თანახმად, „აზოველები“ თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა ყოფილიყვნენ ე.წ. „შიდა პატიმრობაში“, ახლა კი, როცა ისინი უკვე უკრაინაში არიან, მათ კვლავ შეუძლიათ იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რატომ გადადგა რეჯეფ ერდოღანმა ასეთი ანტირუსული ნაბიჯი იმ დროს, როცა მას თავის რუს კოლეგასთან – ვლადიმერ პუტინთან – კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვს?

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ (Московский комсомолец) 10 ივლისის ნომერში სათაურით „რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ექსპერტ იასარ ნიაზბაევთან, რომლის თქმით, „ამ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს.

პირველი – ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ თურქეთს მძიმე შეიარაღება სთხოვა (თვითმავალი ჰაუბიცები Т-155). არსებობს ვარაუდი, რომ ანკარამ უარი უთხრა, რადგანაც ეს რუსეთთან დამოკიდებულების დაძაბვას გამოიწვევდა და ამის ნაცვლად მასპინძელმა სტუმარ ვოლოდიმირ ზელენსკის ჟესტი გაუკეთა: პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა და უკან „ცარიელი ხელით“ ხომ ვერ გაუშვებდა? ამიტომ მან „აზოვის“ მეთაურები „შინა პატიმრობიდან“ გაათავისუფლა და ვოლოდიმირ ზელენსკის გააყოლა. აქვე ვიტყვი, რომ საერთოდ, აზოველები“ თურქეთში თავს საკმაოდ კარგად გრძნობდნენ, მათ კიევი უხდიდა ფულს საცხოვრებელი ბინის დაქირავებაში და კვება – ჩაცმა-დახურვისათვის, ისინი თავისუფლად ხვდებოდნენ არამარტო თურქეთში ჩასულ უკრაინელ პოლიტიკოსებს, არამედ თავიანთი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილნი იყვნენ.

მეორე – შესაძლოა ამ ჟესტით თურქეთმა თავის ნატოელ მოკავშირეებს აჩვენა, რომ ის პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს და მას როცა ჭირდება, შეუძლია რუსეთთან დადებული შეთანხმებაც კი დაარღვიოს ისე, რომ რუსეთი საქმის კურსშიც კი არ ჩააყენოს. ნატოს სამიტის წინ ასეთი პოლიტიკის დემონსტრირება მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთს ვილნიუსში გარკვეულ პრეტენზიებს წაუყენებენ.

მესამე – თურქეთს უკრაინული მარცვლეულის გატანის შესახებ გარიგების შენარჩუნება სურს, რუსეთს კი მისი გაუქმება. რამდენიმე თვის წინ მოსკოვი დაეთანხმა ანკარის თხოვნას და შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისამდე გააგრძელა, მაგრამ ახლა მისი პროლონგაციის წინააღმდეგია. თურქეთმა თავისი ნაბიჯით რუსეთს მიანიშნა, რომ თუ გაჯიუტდება, ანკარას ბევრი ცუდის გაკეთება შეუძლია რუსეთისათვის.

არის კიდევ მეოთხე ვარიანტი: სირიაში რუსებმა თურქეთის მოქმედება შეზღუდეს და არ არის გამორიცხული, რომ ანკარამ საპასუხო რეაქცია გამოავლინა“.

კითხვაზე, რას გააკეთებს კრემლი და საერთოდ, რამდენად შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაურესება, ექპერტი პასუხობს:

„რუსეთს დღეს არ აწყობს თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაუარესება, ამიტომ მოსკოვი იძულებული გახდება რაღაც-რაღაცეები მოითმინოს. რუსეთი ხომ თურქეთის ტერიტორიის გავლით საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქციას იღებს. საერთოდ კი, რასაკვირველია, ორივე მხარეს აქვს ზეწოლის ბერკეტები და როცა მოისურვებენ, მაშინ აამოქმედებენ. თურქულ პრესაში ამ ფაქტს ნაკლები ყურადღება ექცევა, რადგან „აზოველების“ უკრაინისთვის გადაცემის ფაქტი მათთვის, რუსებისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. თურქებს ახლა თავიანთი პრობლემებიც ბევრი აქვთ“.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტი ესაუბრება აგრეთვე ცნობილ რუს პოლიტოლოგს სერგეი მარკოვს, რომლის აზრით, რეჯეფ ერდოღანს ასეთი ანტირუსული ნაბიჯი ახლო მომავალში უკან ნეგატიურად შეუბრუნდება.

„თურქეთის პრეზიდენტის მოქმედება, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. იგი ამ ნაბიჯით თავისი პოლიტიკური კაპიტალის დიდ ნაწილს კარგავს. როგორც გახსოვთ, ვლადიმერ პუტინი რეჯეფ ერდოღანს რეკლამას უწევდა და ამბობდა, რომ იგი სიტყვის კაცია და დაპირებებს ყოველთვის ასრულებსო. ახლა ასეთი განცხადების გაკეთება კრემლისთვის უკვე უხერხული იქნება, რადგან თურქმა ლიდერმა საჯაროდ, ყველას დასანახად დაარღვია რუსეთთან დადებული პირობა, რომ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე იქნებოდნენ“, – ამბობს სერგეი მარკოვი.

კითხვაზე, თუ რით უპასუხებს თურქეთის მოქმედებას რუსეთი, ექსპერტი პასუხობს:

„ალბათ, რუსეთის რეაქცია ვლადიმერ პუტინის დუმილი იქნება რეჯეფ ერდოღანის ნაბიჯის მიმართ. ყველა მიხვდება, რომ იგი თურქ კოლეგას არაფერში აღარ ენდობა. ბევრი უცხოელი ლიდერი იფიქრებს, რომ თუ რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან – რუსეთის ავტორიტეტულ პრეზიდენტთან – დადებულ პირობას არ ასრულებს, მაშინ ის არც სხვებთან არ შეასრულებს. ესე იგი, თურქეთის პრეზიდენტისადმი ნდობის ფაქტორი დაბლა იწევს.

ვფიქრობ, რომ კრემლი რაღაც სიმბოლურ ანტითურქულ ნაბიჯს არ გადადგამს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს. ემოციების გამოვლენა საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, მომხდარი ფაქტი არასასიამოვნოა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაზე „აზოველების“ გადაცემა გადამწყვეტ გავლენას არ მოახდენს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მომგებიანია „თურქული საჩუქარი“ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, სერგეი მარკოვი ამბობს, რომ „უკრაინის პრეზიდენტისათვის ეს ფაქტი ხმამაღალ საინფორმაციო მოვლენას წარმოადგენს. მას ახლა, როცა კონტრშეტევა წარუმატებელია, ისეთი რამ ჭირდება, რომელიც უკრაინელთა თვალში მის რეაბილიტაციას მოახდენს. იგი აუცილებლად ისარგებლებს ამ ფაქტით, საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენის წარმოჩენის მიზნით“.

წყარო