Home Blog Page 1732

,,გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა”- სტიან იენსენი

ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang-ი (VGავრცელებს.

„ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება“, – აღნიშნა სტიან იენსენმა არენდალში გამართული დებატების ფარგლებში.

სტიან იენსენის თქმით, ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დრო და პირობები ოკუპაციის დასრულების მიზნით.

მისი თქმით, რუსეთს სირთულეები აქვს სამხედრო თვალსაზრისით და არარეალურად ჩანს, რომ მათ ახალი ტერიტორიების დაიპყრობა შეძლონ, თუმცა ახლა უფრო საკითხავია, რის დაბრუნებას მოახერხებს უკრაინა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიის ნაწილი, რათა მიაღწიოს მშვიდობას რუსეთთან და ნატოში მომავალ წევრობას, იენსენმა აღნიშნა, რომ ომის შემდგომ შესაძლო სტატუსის შესახებ დისკუსიები უკვე მიმდინარეობს და რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შესახებ კითხვებს სხვები სვამენ.

„არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს შესაძლო გამოსავალი“, – დასძინა ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა.

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ინციდენტი 18:05 საათზე მოხდა.

“შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს… ყველა დეტალს მოგიყვებით”-

“შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს… ყველა დეტალს მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც, განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებსაც”, – ამის შესახებ მარიტა გუტაშვილი საუბრობს და ალაპარაკებას აანონსებს.

 

ყველა ქართველს ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და იმისთვის, რომ მამხნევებს და დღემდე, მართლა, არ ვიცი, ალბათ თქვენი გამხნევებითაც ვდგავარ ფეხზე, თორემ ამდენ რამეს ერთად ვერ გადავიტანდი. დღემდე, მე-12 დღეა სტიქიის, შემდეგ, 3-ში მოხდა სტიქია, დღეს არის 15. წეღან დავხედე ტელეფონს, თორემ დღეები მაქვს არეული.

ჯერ კიდევ ვეძებ კოტე მაისურაძეს და ანასტასია დუდაშვილს, რომლებიც არიან დღემდე დაკარგულები.

 

როგორც ახლა მე გულში მყავს, ისე მინდა, რომ ყველა ვიპოვო და მოვიყვანო სახლში. ძალიან გთხოვთ, მომეცით დრო, სანამ ვიპოვი კოტეს და სანამ ვიპოვი ანასტასიას. დანარჩენ კითხვის ნიშნებზე, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ ან არ ვიტყვი ან ვინმე მაჩუმებს, შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ დამაკავოს. ყველა დეტალს მე თვითონ მოგიყვებით – შოვის ისტორიასაც, განვითარებულ მოვლენებსაც, მიმდინარე მოვლენებსაც, ყველაფერს აბსოლუტურად.

 

უბრალოდ, მე პირადად, არ მაქვს დრო და ენერგია იმდენი, რომ მე ახლა დაკარგულ ორ წევრს კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ სათხრელი მაქვს მიწა, რომ ამოვიყვანო ისინი და ჩემთან მყავდეს, ძალიან გთხოვთ, გამიგეთ და დამელოდეთ, სანამ მექნება დრო თქვენამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი, – ამბობს მარიტა გუტაშვილი. შეგახსენებთ, რომ მარიტა გუტაშვილის ოჯახის 7 წევრი რაჭაში ჩამოწოლილ მეწყერს ემსხვერპლა, 2 მათგანს კი შოვში ამ დრომდე ეძებენ. ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა. 8 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

“ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს” – Delfi

ლატვიის რკინიგზა უკვე შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. ინფორმაციას სააგენტო Delfi ავრცელებს.

როგორც ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა. „მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა.

„ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ“, – განაცხადა პლიავნიექსმა.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, ბულგარეთის სამი მოქალაქე, ფართომასშტაბიანი გამოძიების შედეგად, მიმდინარე წლის თებერვალში აიყვანეს.

გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ისინი რუსული სპეცსამსახურებისთვის წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა რადენიმე ქვეყნის ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ამოიღეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, საცხოვრებელ მისამართს იცვლიდნენ და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ.

სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლაში დაკრძალეს

სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლაში დაკრძალეს.

მანამდე გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი საჯარო სკოლაში გაიმართა. მათ სულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, ადგილობრივებმა მიაგეს და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

„ძალიან დიდია ტრაგედია, რომელიც ჩვენს კუთხეს, სრულიად საქართველოს დაატყდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ნათესავებს და გამოვთქვამ ჩემს თანადგომას ამ მძიმე განსაცდელის ჟამს მათ მიმართ“, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარმენ მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 25-ს შეადგენს, ხოლო ნაპოვნია სხეულის 5 ფრაგმენტი. ამ ეტაპზე შოვში დაკარგულ 8 ადამიანს ეძებენ.

შვედეთი უკრაინისთვის 314 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას გეგმავს, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დახმარების ღირებულება 3.4 მილიარდი შვედური კრონია (313.5 მილიონი აშშ დოლარი) და ის, ძირითადად, ადრე მიწოდებული იარაღის სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებისგან შედგება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი და ჩვენ ასევე გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ პლატფორმებს, რომლებსაც უკრაინაში გრძელვადიანად ვაგზავნით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უცხოური ვალუტის კურსი 16 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6209 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6209 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8665 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8674 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია, უკვე ჩამქრალია.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

“ოპოზიციას რომ შეეძლოს, გაყაროს ხელისუფლება, ისინი უკვე გაყრილები იქნებოდნენ” – იაგო ხვიჩია

ოპოზიციას რომ შეეძლოს, გაყაროს ხელისუფლება, ისინი უკვე გაყრილები იქნებოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები; მეორეა, რეგულარულ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან უნდა გაყარო, ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციამ ხალხს არ უნდა დაუმალოს, რის გაკეთებას აპირებს, როგორც მომავალი ხელისუფლება.

„ნებისმიერი ხელისუფლების გაშვების გზა არის არჩევნები ან გაყრა. მეორე საკითხია, ოპოზიცია რას აკეთებს იმისთვის, რომ ან არჩევნებით გავყაროთ ხელისუფლება, ან ქუჩით. მგონი, აქ არის მთავარი შეკითხვა, თორემ ხელისუფლების გაშვების გზა ან არჩევნები, ან გაყრა რომ არის, ეს ისედაც ცხადია. ოპოზიციას რომ შეეძლოს,  გაყაროს ხელისუფლება, ისინი უკვე გაყრილები იქნებოდნენ. თავისთავად ცხადია, რომ როცა რაღაც შეგიძლია, რესურსი გაქვს, ხალხი მხარს გიჭერს, რომ ხელისუფლება შეცვალო – ოპოზიციაში იმიტომ ხარ, რომ ეს გააკეთო, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებ და ხალხი უფლებამოსილებას მოგცემს, რომ ხელისუფლება შეცვალო, ჯერ, სულ მცირე, მას არ უნდა დაუმალო, რის გაკეთებას აპირებ, როგორც მომავალი ხელისუფლება. აქ ვართ გაჭედილი ახლა. ოპოზიცია არ ამბობს, როგორი ქვეყანა უნდათ „ქართული ოცნების“ შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას რუსეთთან „სამშვიდობო მოლაპარაკებას“ არ აიძულებენ.

იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს და რა სცენარს სთავაზობენ მათ, ოლექსი დანილოვმა უპასუხა, რომ ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ დაუდასტურებელია.

„ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, – აღნიშნა დანილოვმა.