“შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს… ყველა დეტალს მოგიყვებით”-

149
spot_img

“შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს… ყველა დეტალს მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც, განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებსაც”, – ამის შესახებ მარიტა გუტაშვილი საუბრობს და ალაპარაკებას აანონსებს.

 

ყველა ქართველს ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და იმისთვის, რომ მამხნევებს და დღემდე, მართლა, არ ვიცი, ალბათ თქვენი გამხნევებითაც ვდგავარ ფეხზე, თორემ ამდენ რამეს ერთად ვერ გადავიტანდი. დღემდე, მე-12 დღეა სტიქიის, შემდეგ, 3-ში მოხდა სტიქია, დღეს არის 15. წეღან დავხედე ტელეფონს, თორემ დღეები მაქვს არეული.

ჯერ კიდევ ვეძებ კოტე მაისურაძეს და ანასტასია დუდაშვილს, რომლებიც არიან დღემდე დაკარგულები.

 

როგორც ახლა მე გულში მყავს, ისე მინდა, რომ ყველა ვიპოვო და მოვიყვანო სახლში. ძალიან გთხოვთ, მომეცით დრო, სანამ ვიპოვი კოტეს და სანამ ვიპოვი ანასტასიას. დანარჩენ კითხვის ნიშნებზე, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ ან არ ვიტყვი ან ვინმე მაჩუმებს, შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ დამაკავოს. ყველა დეტალს მე თვითონ მოგიყვებით – შოვის ისტორიასაც, განვითარებულ მოვლენებსაც, მიმდინარე მოვლენებსაც, ყველაფერს აბსოლუტურად.

 

უბრალოდ, მე პირადად, არ მაქვს დრო და ენერგია იმდენი, რომ მე ახლა დაკარგულ ორ წევრს კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ სათხრელი მაქვს მიწა, რომ ამოვიყვანო ისინი და ჩემთან მყავდეს, ძალიან გთხოვთ, გამიგეთ და დამელოდეთ, სანამ მექნება დრო თქვენამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი, – ამბობს მარიტა გუტაშვილი. შეგახსენებთ, რომ მარიტა გუტაშვილის ოჯახის 7 წევრი რაჭაში ჩამოწოლილ მეწყერს ემსხვერპლა, 2 მათგანს კი შოვში ამ დრომდე ეძებენ. ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა. 8 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.