Home Blog Page 1731

,,ვამაყობ ჩვენი კასპისა და საგარეჯოს აქტივით, არანაირი უკან დახევა არ იქნება”- სააკაშვილი

ის რაც ხდება ენმ-ის და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ზუსტი კალკია იმისა, რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძე აჭარაში და ლევან მამალაძე ქვემო ქართლში“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აუცილებელია ერთიანობა და საქართველოს მტერი მხოლოდ რუსეთია.

„ვამაყობ ჩვენი კასპისა და საგარეჯოს აქტივით. ის რაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ზუსტი კალკია იმისა, თუ რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში.

მე აღტაცებული ვარ „ნაცმოძრაობის“ წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ის ტრადიცია.
ასევე, ყოჩაღ „ფორმულას“ და მიშა მშვილდაძეს და მის კოლეგებს – როგორ ზუსტად ამხილეს მაფიოზური ძალადობრივი აპარატი.

კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რატომ არის აუცილებელი ერთიანობა. არანაირი უკან დახევა არ იქნება – მე მოვუწოდებ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ. რაც მეტნი ვიქნებით და კოორდინირებული, მით ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი სცენარის თავზე მოხვევას.

საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს.

საქართველო ეკუთვნის ევროპულ სამყაროს და არაა აზიური დესპოტების უმწეო დანამატი. საქართველოს მთავარი პარტნიორი არის უკრაინა, რომელსაც უღალატა ამ რუსულმა ბანდამ ხოლო საქართველოს მტერი არის რუსეთი.

ამ კვირებში და დღეებში დაჩქარდა საქართველოს ჰიბრიდული დაპყრობა დესანტებით მოსკოვიდან დაწყებული და ტიუმენით დამთავრებული.

ამიტომ ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი ვართ, ძლიერები ვართ, მთავარია ჩვენი რიგები შევკრათ და გავაფართოოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია

ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჟორიკა რურუაა.ღია შეკრებების სივრცე „ლისი ვანდერლენდი- ს” და შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი- ს” თანამფლობელებს შორის უთანხმოება 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდი- ს” ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს” ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალი-ს” გამო წარმოიშვა.აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, ბიზნესმენ გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას.ინფორმაციისთვის გეტყვით , რომშპს „თბილისის იპოდრომი-ს” 16.5% წილის მფლობელად ფიქსირდება გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი -ს” 100% წილის მფლობელი.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრისას მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის.

პრემიერებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს.

რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ერთობლივი სწრაფვით, სომხეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა.

განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირების გასაძლიერებლად.
გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

,,ყველამ კარგად გაითვალისწინოს და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება”- მიხეილ სარჯველაძე

ყველამ კარგად გაითვალისწინოს და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, თუ საზოგადოება აპირებს, განსხვავებულ აზრს ებრძოლოს კანონგარეშე ხერხებითა და ფორმებით, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ბრუნდება ვანდალიზმში. „პირდაპირ უნდა ვთქვათ, თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ინდივიდუალურად და ზოგადად ერს, რომ ვითვლებოდეთ ცივილიზებულ ხალხად, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოსაზრებას და ჩვენს მოსაზრებას უნდა ჰქონდეს მშვიდობიანად თანაცხოვრებისა და თანაარსებობის შესაძლებლობა. ეს არის ცივილიზებულობა. თუ ჩვენ, საზოგადოება ვაპირებთ რომ განსხვავებულ აზრს ვებრძოლოთ კანონგარეშე ხერხებითა და ფორმებით, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვბრუნდებით ვანდალიზმში. ბუნებრივია, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვხდებით ბარბაროსულები. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება ჩვენ შევიწყნაროთ ნებისმიერი ფორმა და გამოვლინება ძალადობის აქტების. ამიტომ ეს არის დაუშვებელი რამ. კარგად გაითვალისწინოს უკლებლივ ყველამ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სახელმწიფო მთელი თავისი რესურსით წინ აღუდგება ძალადობის ნებისმიერ ფორმასა და გამოვლინებას, ნებისმიერს, რომელიც კანონგარეშეა. ეს მინდა ყველამ კარგად გაითვალისწინოს და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.

გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

,,კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული”- თენგიზ აბულაძე

ბათუმში დაკარგული, 16 წლის ლუკა აბულაძისა და სხვა მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბათუმელები ავრცელებს.

„როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ ეს პირები დააკავეს.გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლით, ორ პირს კი ბრალი ედება დანაშაულის შეუტყობინებლობაში“, – აცხადებს ლუკას ბიძა, თენგიზ აბულაძე.

,,ეს არის უმიზეზოდ გაბრაზებული ადამიანის პოლიტიკური დემარში” – გიგლა ბარამიძე

ის, რაც განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა, ეს არ არის დიპლომატია, ამას არანაირი კავშირი არა აქვს დიპლომატიასთან – ეს არის ძალზედ აღელვებული, უმიზეზოდ გაბრაზებული ადამიანის პოლიტიკური დემარში იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს შეუმსუბუქოს საქართველოში ყოფნა, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ მედიასთან განაცხადა. „უკრაინის ხელმძღვანელებმა და უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტმა ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა. მან უგულებელყო არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ამავე დროს საერთაშორისო ინსტიტუტებიც უგულებელყო და დასცინა, როდესაც არაფრად ჩააგდო სტრასბურგის გადაწყვეტილებები რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც საქართველოში ლამის ბუჩას მომწყობი, სისხლიანი რეჟიმის, ნაც-ბანდის წარმომადგენლები ჰყავთ თანამდებობაზე“, – განაცხადა ბარამიძემ. საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე.

„გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კენჭისყრის დროს უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა. რაქვიაშვილის თქმით, მან დააფიქსირა, რომ უმრავლესობას დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ ჰყავდა.

„რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრისთანავე მე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და მანდატურთუხუცესს, რათა მომხდარიყო დეპუტატების გადათვლა და დამსწრე დეპუტატებისა და კენჭისყრაში მონაწილეთა სიის გადამოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, გადათვლა დაუყოვნებლივ უნდა განხორციელებულიყო, პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგ საკითხზე გადავიდა“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

,,არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება”- „თბილისი პრაიდი“

არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი, – ამის შესახებ ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებით.

„ხვალ „პრაიდის“ ფესტივალი გაიმართება. დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია, ვატარებთ. რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. გეი აღლუმი ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.

კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი. ჩვენი გუნდი თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

ფესტივალზე ველოდებით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები. მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები „პრაიდის“ ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

“ნატო-უკრაინის ახალი საბჭო უკრაინას ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებს” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ელის, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი.

სტოლტენბერგის თქმით, ის ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“.

„პირველი იქნება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მეორე ელემენტი იქნება ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა.

„მესამე, მოველით, რომ ჩვენი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ერთიანობას გამოიჩენენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიუახლოვდეს უკრაინა თავის მიზანს“, – განაგრძო ალიანსის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრა, რომელიც ნატო-ს 31 მოკავშირისა და უკრაინისგან შედგება, მომავალ კვირას ვილნიუსში გაიმართება.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-უკრაინის საბჭოს ნებისმიერ წევრს, მათ შორის უკრაინას, საშუალება ექნება, მოიწვიოს კრიზისული საკონსულტაციო შეხვედრა, თუ ისინი რაიმე სახით საფრთხეს იგრძნობენ. შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი წარმოშობილი საკითხის საპასუხოდ.

„მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაარსებით ჩვენ ვქმნით ორგანოს, სადაც ერთად გავაკეთებთ საქმეებს, ერთად გადავწყვეტთ საკითხებს, ერთად ვაწარმოებთ კონსულტაციებს საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ის უკრაინას ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“სუს-ის ანგარიშში ნახავთ, რომ საქართველოში ყველაფერი არის დიდებულად” – არმაზ ახვლედიანი

ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიც არის სუს-ი, გადაქცეულია პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ამ უკანონობის დასრულების ერთადერთი გამოსავალია, მომავალ არჩევნებში საზოგადოებამ არა უბრალოდ დაასრულოს „ქართული ოცნების“ მმართველობა, არამედ ისეთი კოალიციური მმართველობის შექმნა შეძლოს, სადაც ასეთი ანომალიები ვეღარ განმეორდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ მისი ანალოგი, ყოველთვის ხდება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, როდესაც ქვეყანაში მორღვეულია სასამართლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და შეფერხებულია დემოკრატიული პროცესი.

„ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც ანგარიში შეიძლება, იყოს შედგენილი მეტ-ნაკლებად რაღაც სტანდარტის მიხედვით, მაგრამ რეალობა იყოს რადიკალურად განსხვავებული. სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ საქართველოში. ანგარიშში ნახავთ, რომ საქართველოში ყველაფერი არის დიდებულად, მაგრამ სინამდვილეში ეს სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ ჰქვია, გადაქცეულია ოპონენტებზე დევნის, ძალადობის, შანტაჟის და სხვა უკანონო ქმედებების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლა თვალთვალით, მოსმენით და შემდეგ ამ მასალების გამოყენებით ხდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5930 ლარი ეღირება, ევრო – 2.8248 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3100 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5969 ლარი ღირდა, ევრო – 2.8270 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3162 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 ივლისს ამოქმედდება.