“ნატო-უკრაინის ახალი საბჭო უკრაინას ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებს” – იენს სტოლტენბერგი

78
spot_img

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ელის, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი.

სტოლტენბერგის თქმით, ის ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“.

„პირველი იქნება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მეორე ელემენტი იქნება ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა.

„მესამე, მოველით, რომ ჩვენი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ერთიანობას გამოიჩენენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიუახლოვდეს უკრაინა თავის მიზანს“, – განაგრძო ალიანსის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრა, რომელიც ნატო-ს 31 მოკავშირისა და უკრაინისგან შედგება, მომავალ კვირას ვილნიუსში გაიმართება.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-უკრაინის საბჭოს ნებისმიერ წევრს, მათ შორის უკრაინას, საშუალება ექნება, მოიწვიოს კრიზისული საკონსულტაციო შეხვედრა, თუ ისინი რაიმე სახით საფრთხეს იგრძნობენ. შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი წარმოშობილი საკითხის საპასუხოდ.

„მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაარსებით ჩვენ ვქმნით ორგანოს, სადაც ერთად გავაკეთებთ საქმეებს, ერთად გადავწყვეტთ საკითხებს, ერთად ვაწარმოებთ კონსულტაციებს საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ის უკრაინას ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.