Home Blog Page 1728

“უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ” – ანა ნაცვლიშვილი

მშვენიერია! უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ – ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა – რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე მომხდარს და მსოფლიო მედიის გამოხმაურებას.

ნაცვლიშვილის თქმით, მორიგი „რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ კონცერტზე წასვლა-არწასვლასა და სხვა საკითხებზე და სრულად მესმის კრიტიკის პათოსი, თუმცა ფაქტია, რომ მორიგი რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა, ესა ძალიან მნიშვნელოვანია!

მადლობა თითოეულს ვინც ყური არ დაიხშეთ და დუმილი არ აირჩიეთ!!!

ახლა დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რომ -რუსეთი გამალებულ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ტალახში ვეძებთ გარდაცვლილ თანამემამულეებს. გვაქვს სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი ისეთ ვითარებებში, სადაც ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები არ იღუპებიან! ( სტიქიური უბედურების დროსაც კი გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ არ არის, აღარაფერს ვამბობ წყალში სიკვდილიანობაზე და ა.შ.)

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი მისახედია!“, – წერს ნაცვლიშვილი “ფეისბუქზე”.

გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს მსმენელთა პროტესტი მოჰყვა. კონცერტზე მისულთა ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

“სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი” – გიგი წერეთელი The Killers-ის კონცერტზე

სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი, ამით შეიძლებოდა ეს უსიამოვნება თავიდან აგვეცილებინა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც შეკვეთილში, ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარს გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, შეკვეთილში, კონცერტზე მომხდარი ინციდენტი უსიამოვნოა, „მაგრამ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რუსული სტრატეგია მიუღებელია და წითელ ხაზს წარმოადგენს“.

„რაც შეეხება კონცერტზე გამოცხადებულ „ძმობას და სიყვარულს“, ეს ასე არ ხდება და არ გვარდება. თვითონ მასპინძლებსაც გაუჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოიბოდიშეს. ბუნებრივია, როცა ასეთი დონის სტუმრები არიან და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეზონანსულ კონცერტს წინ უძღვის სუფრის ტრადიციების ახსნა ან კულტურის ნიუანსებზე საუბარი. ამ დროს უნდა აუხსნა პოლიტიკური კონტექსტიც, თუ რა პირობებში მოუხდება კონცერტის ჩატარება. ასეთ მიდგომას შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა ეს ამბავი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხის ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომხდართან დაკავშირებით Black Sea Arena-მ განცხადება გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სცენაზე სოლისტის მოქმედება Black Sea Arena პოზიცია არაა. თავის მხრივ, საზოგადოებას მოუბოდიშა თავად ბენდმაც. მუსიკოსების განმარტებით, მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6226 ლარი ეღირება, ევრო – 2.8634 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3407 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6209 ლარი ღირდა, ევრო – 2.8665 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3322 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აგვისტოს ამოქმედდება.

„უკრაინა უარყოფს, რომ ნატოს წევრობის სანაცვლოდ პუტინს ტერიტორიებს დაუთმობს“ – The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა უარყოფს, რომ ნატოს წევრობის სანაცვლოდ პუტინს ტერიტორიებს დაუთმობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კიევმა აღშფოთებით უარყო ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ვარაუდი იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ თავისი ტერიტორიის დათმობა მოუწიოს, თუ კიევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა მკაცრად დაგმო იდეა, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგის ოფისის დირექტორმა სტიან იენსენმა წამოაყენა: „სულელური აზრია და ყურადსაღები არ არის“, – განაცხადა მრჩეველმა. „თუ ასეთ იდეაზე დავთანხმდებით, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად ვაკეთებთ არჩევანს დემოკრატიის დამარცხებაზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფასა და ომის გადაცემაზე მომავალი თაობებისადმი“, – დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში სამშაბათს.

„აშკარაა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გამანადგურებლად არ დამარცხდება, ისე რუსეთში პოლიტიკური რეჟიმი არ შეიცვლება, ხოლო სამხედრო დამნაშავეები არ დაისჯებიან, კრემლის მადა ომის გაფართოებაზე სულ უფრო გაძლიერდება“.

როგორც ცნობილია, სტიან იენსენმა ზემოთ ხსენებული იდეა ნორვეგიულ გაზეთთან „ვერდენს განგთან“ (VG – Verdens Gang) საუბარში წამოაყენა, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა: „მე არ ვამბობ, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთ სავარაუდო გადაწყვეტილებად ჩავთვალოთ“.

უკრაინამ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კიევს განზრახული აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა თავისი ტერიტორიის გათავისუფლება და დაბრუნება, ამიტომაც არანაირ მოლაპარაკებაში ჩართვას არ აპირებს, რომლის დროსაც ტერიტორიის მოსკოვისადმი გადაცემა იქნება განხილული.

სკანდალის გაჩენას ხელი შეუწყო რუსეთის მიერ „ზუსტი“ რაკეტებით უკრაინის დასავლეთ რეგიონებისადმი მიყენებულმა დარტყმამ, რომლებიც პოლონეთს ესაზღვრებიან. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ეს შეტევა ყველაზე მასირებული საჰაერო ოპერაცია იყო ომის დაწყების დროიდან, რომელიც ლვოვისა და ვოლინის (ლუცკის) ოლქებზე განხორციელდა.

რუსეთმა აჩვენა, რომ მისი არმია ძლიერი და ზუსტი ტექნიკით არის შეიარაღებული და რომ მას შეუძლია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გარღვევა (ამერიკული Patriot-ების მიუხედავად) და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შორ მანძილზე მდებარე ქალაქების დაბომბვა შეუძლია. ამ დროს კი უკრაინის არმიის კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს, რაც კიევის რეპუტაციის წინააღმდეგ მოქმედებს.

თავის მხრივ, ბალტიისპირა ქვეყნები (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) და განსაკუთრებით პოლონეთი „კუნთებს ათამაშებენ“: ვარშავაში 15 აგვისტოს ისტორიულად გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა იმის აღსანიშნავად, თუ როგორ დაამარცხეს 103 წლის წინ (1920 წელს) პოლონელებმა მდინარე ვისლასთან რუსეთის წითელი არმია და ათასობით წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.

რუსებმა უარყვეს უკრაინის განცხადება, რომ ლვოვისა და ლუცკის დაბომბვის დროს სამოქალაქო ნაგებობები დაინგრა. კრემლის ცნობით, დარტყმები ზუსტად განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა სარაკეტო დარტყმის კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პარალიზება. ანდრეი ერმაკმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, თქვა, რომ რაკეტების ნამსხვრევების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ისინი ახლახან, მიმდინარე წლის აპრილში არიან გამოშვებულნი. მან დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ სანქციები გაამკაცრონ, რათა მოსკოვმა რაკეტების წარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტები არ მოიპოვოს.

წყარო

“რუსეთი რაც მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის” – გურამ მაჭარაშვილი

რუსეთის ფედერაცია რაც უფრო მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას – ობიექტურად რომ ვთქვათ, იქნება აშშ-ი, ნატო თუ ნებისმიერი სხვა, ეს მათთვის შეიძლება სწორი მიმართულება იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ეს როგორი იქნება?! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, „საუბარია იმაზე, როცა სხვა ქვეყანას უნდა შენს ხარჯზე გაძლიერდეს და მოიპოვოს უპირატესობა რუსეთის ფედერაციასთან”.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი ამოცანაა ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც ერთი სახელმწიფო ისე არ იზრუნებს, როგორც საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი. დღეს როდესაც სხვა ქვეყნებს, მათ შორის ძლიერ ქვეყნებს სხვა პრიორიტეტი – რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირება და მისი შესუსტება უდგათ წინ, როგორ გგონიათ წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ თუ საქართველოს ინტერესებს? დღეს უკვე მსოფლიო ვითარება შეიცვალა და აშშ-ი იქნება თუ სხვა სახელმწიფო, საკუთარ ინტერესებზე წინ საქართველოს რატომ დააყენებს? არც უნდა დააყენოს, ისევე როგორც საქართველომ პირველ ადგილზე ჯერ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს და შემდეგ სხვა ქვეყნის ინტერესები – ეს არის მთელი მოცემულობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის სტიან იენსენის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში მიღება უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა მოხდეს, მტკიცებულებაა იმისა, რომ მსოფლიოს გადანაწილება ხდება და ამ ომში სულ სხვა ქვეყნები და ძალები ითბობენ ხელს.

„ხომ იცით, ნატოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. ეს წამოცდენაც არ არის და გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც ომის პარტიის ხელმძღვანელებს გააჩნიათ. მათ სურთ ომი უკრაინაში და სურთ, რომ მეორე ფრონტი საქართველოში იყოს.

მეგობრებო, რომ იცოდეთ, აი ეს ხდება – სამწუხაროდ, ნატოს ხელმძღვანელობაც არ მალავს იმას, რომ ქვეყნებმა არჩევანი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ. ესეც გარანტირებული არ არის – არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ ტერიტორიებს დათმობს, ნატოში მიიღებენ. როგორც ნატოს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნები აცხადებენ, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიების დათმობის ხარჯზე კონფლიქტის გაყინვა მოხდეს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

„განა უკრაინა F-16-ების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს?“ – Der Tagesspiegel

„აშშ-შიც და გერმანიაშიც ამჟამად დავა მიმდინარეობს ამა თუ იმ შეიარაღების სისტემის მნიშვნელობაზე და იარაღის მიწოდების დაყოვნებაზე უკრაინის არმიის კონტრშეტევისათვის, მაგრამ განსხვავება ამ ორი ქვეყნის პოზიციაში ისაა, რომ თუ ბერლინი ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსის“ (Taurus) მიწოდება-არმიწოდების საკითხზე მსჯელობს, ამერიკელები ყურადღებას ამახვილებენ კიევისათვის ავიაგამანადგურებელ „ფანტომების“ (F-16-ების) მიწოდების დაგვიანებაზე“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „განა უკრაინა F-16-ების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს?“ (ავტორი – ქრისტოფ ფონ მარშალი).

მართალია, ამერიკული პრესის მიერ გამოქვეყნებული ცალკეული სტატიების ავტორები და გადამდგარი გენერლები, მაგალითად, ფილიპ ბრედლავი და სხვები, ამტკიცებენ, რომ უკრაინისათვის „ფანტომების“ მიწოდება და პილოტების მომზადება „საომარი თამაშის წესებს დიდად ვერ შეცვლისო“, მაგრამ სამხედრო ექსპერტების აზრით, დასავლური ტანკების, არტილერიისა და რაკეტების, აგრეთვე განაღმვის სისტემების გამოყენებასთან ერთად, ავიაცია დადებით როლს შეასრულებს კიევის არმიის კონტრშეტევაში და დანაკარგებს შეამცირებს.

„რასაკვირველია, თუ მხოლოდ შეიარაღების ერთი სისტემით ისარგებლებს, წარმატებას ვერცერთი არმია ვერ მიაღწევს“, – ამბობს კარლო მასალა, მიუნხენში მდებარე ბუნდესვერის უნივერსიტეტის ექსპერტი, – „მაგრამ „ფანტომების“ მიწოდება უკრაინისათვის ნამდვილად დადებით როლს შეასრულებს და უკრაინელებისათვის სასარგებლო იქნება“. მისი აზრით, F-16-ების გამოყენება შეიძლება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისათვის რუსული ავიაციის მხრიდან. დღეისათვის უკრაინის ცაში, ფრონტის ხაზზე, რუსული ავიაცია ბატონობს, დამრტყმელი ვერტმფრენების სახით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს უკრაინელ ჯარისკაცებს.

დაბეჯითებით ითხოვს ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას უკრაინისათვის ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი. მისი აზრით, ვინც ამ იდეის წინააღმდეგ გამოდის, იგი თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით ვერ აზროვნებს და არაფერი არ უსწავლია წინა ომების გამოცდილებით“. გენერალი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის ჯარების სახმელეთო ოპერაციების დროს ავიაციის გამოყენებაზე, მაგალითად, ერაყის ოპერაციის დროს 1991 წელს და საფრანგეთში აშშ-ის არმიის შეტევის დროს 1944 წელს, რომლებსაც წინ უძღოდა მრავალდღიანი ავიადაბომბვები. „განა უკრაინაში სხვაგვარად უნდა იყოს? ავიაციას უკრაინაშიც იგივე დანიშნულება აქვს“.

ფრედერიკ ბენ ჰოჯესი სერიოზულ შეცდომად თვლის იმას, რომ დასავლეთი თავს იკავებს კიევისათვის უახლესი სამხედრო ტექნიკის მიწოდებისაგან და ეშინიათ, ვაითუ ომის ესკალაცია მოხდესო. „ჯო ბაიდენი „ფანტომებს“ არ აძლევს, ოლაფ შოლცი კი „ტაურუსებს“, ორივე ერთმანეთს უყურებს, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს“, – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„დასავლეთი, სავარაუდოდ, ისევ იმ შეცდომებს გაიმეორებს, რომლებიც დაშვებული იქნა ვიეტნამსა და ავღანეთში. ჩვენ უკრაინის გამარჯვება ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ მიზნად უნდა გამოვაცხადოთ, შემდეგ კიევს ყველანაირი რესურსი უნდა მივცეთ“, – აცხადებს ფრედერიკ ბენ ჰოჯესი.

თავის მხრივ, გერმანელი სამხედრო ექსპერტი კარლო მასალა ვარაუდობს, რომ თუ დასავლეთი უკრაინას „ფანტომებს“ მისცემს, მის გამოყენებას შეზღუდავს. „გასაგებია, რომ უკრაინას F-16-ებით რუსულ თვითმფრინავებზე გამარჯვება შეუძლია. თეორიულად კიევს რუსეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესაძლებლობაც ექნება, რომ ის ბომბდამშენები ჩამოაგდოს, რომლებიც რაკეტებს უშვებენ უკრაინის ქალაქების დასაბომბად. მაგრამ განა უკრაინას დასავლეთი ამის ნებას მისცემს? არამც და არამც“, – ამბობს კარლო მასალა.

ბუნდესვერის უნივერსიტეტის ექსპერტი უფრო პრიორიტეტულად თვლის უკრაინის არმიის უზრუნველყოფას საარტილერიო ჭურვებით ფა ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო რაკეტებით: „უკრაინას დღეს უპირველესად არტილერიის ჭურვები ჭირდება – იმიტომ, რომ სახმელეთო ბრძოლები განსაკუთრებით გააფთრებულად მიმდინარეობს. გარდა ამისა, აუცილებელია უკრაინის არმიის განაღმვის სისტემებითა და დრონების საწინააღმდეგო რაკეტებით უზრუნველყოფა“, – ციტირებს გერმანული გაზეთი ექსპერტის ნათქვამს.

წყარო

თიბისის მხარდაჭერით, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ რეკლამის ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიფართოვონ პროფესიული წრე და გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან,  2015 წლიდან  პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეშვიდე წელია იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში უწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან. სტუმრების სიაში Mighty Jungle სტრატეგიის საკონსულტაციო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ პოლარდი იქნება.

ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

წელს თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, ფესტივალზე ახალ ნომინაციას წარადგენს და გამარჯვებულ ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

R

“შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ ვინმე იყო პასუხისმგებელი, პირველ რიგში, გომელაური – მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს”

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ ვინმე იყო პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ეს იყო გომელაური, რომელიც 11 დღის შემდეგ ჩავიდა ადგილზე, ამიტომ, მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისათვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელშიც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული.

„ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელშიც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული. სახელმწიფო სტრუქტურების ის სრული არაეფექტურობა და არაკომპეტენტურობა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე და თუ ვინმე იყო, პირველ რიგში, პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თერთმეტი დღის მანძილზე არ ჩასულა შემთხვევის ადგილას. ეს არის ნამდვილად გაუგონარი, მათ შორის, არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც გაუგონარი და გაუმართლებელი საქციელი და მათ შორის, სამართლებრივადაც იმიტომ, რომ კონკრეტულად ეს პირი იყო პასუხისმგებელი. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იზამს, ყველა ინსტრუმენტს და ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ გომელაურის პასუხები მალე იხილოს საზოგადოებამ,“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში 33 ადამიანს ეძებდნენ, აქედან 26 გარდაცვლილი იპოვეს, 7 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

“აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს” – “უოლ სთრით ჯორნალი”

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს და ამისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის მეზობლებთან.

როგორც გამოცემა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოქტომბრისთვის დუნაიზე შესაძლებელი იქნება ყოველთვიურად ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირება. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი შავ ზღვაში რუმინეთის პორტებისკენ გადამისამართდება, რის შემდეგაც ტვირთი უკვე სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნება.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ასევე განიხილავს ალტერნატიულ ვარიანტებსაც, მათ შორის უკრაინის პორტებიდან მოძრავი სატვირთო გემების დასაცავად სამხედრო გადაწყვეტილებებს.

“საგამოძიებო კომისიის ინიციატივა უფრო მეტად მიანიშნებდა, რომ ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად შეექმნათ ასპარეზი”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მართებული არ არის და ეს ინიციატივა უფრო ოპოზიციის მხრიდან ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად ასპარეზის შექმნის მცდელობაა.

სარჯველაძის თქმით, პარლამენტში არსებობს სხვა ეფექტიანი ინსტრუმენტები გარკვეული კითხვების დასასმელად.

„ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, ყველას თავისი სურვილისამებრ შეუძლია იმუშაოს. უბრალოდ, იმ ფონზე, როდესაც აშკარად ჩანს ამ ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია, რომ რაღაცა ფორმით ოპოზიციაში მთავარ ამოცანად საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილების სურვილია, ასეთ ფონზე მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივა, რადგან ეს ყველაფერი უფრო მეტად მიანიშნებდა იმაზე, რომ ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ხელოვნურად შეექმნათ ახალი ასპარეზები.

შეისმინეს, რომ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეფექტიანი საზედამხევდელო ინსტრუმენტები არსებობს, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ინტერპელაცია ან  სადეპუტატო კითხვა და სხვადასხვა. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ თუ ვინმეს ჭეშმარიტება აინტერესებს, ეს არ დარჩეს ფარდის ქვეშ, ყველაფერი შეიძლება გაირკვეს და ყველა კითხვა დაისვას.

უმჯობესია, ჯერ ვთქვათ, რა კითხვებია, შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, რომელი საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი იქნება ყველაზე მეტად რელევანტური. პირადად მგონია, რომ ამ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდა იყოს მართებული. ჯერ ვთქვათ კონკრეტულო საკითხი, კონკრეტულად ინტერესის საგანი და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, რა მასშტაბი სჭირდება აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით პასუხების მიღებას. ერთ-ერთი დაშვება, რომელსაც აყენებს ოპოზიცია, არის, რომ თვითონაც ვერ შეძლებენ ხმების მობილიზებას, ხელისუფლებას დააბრალებენ, თითქოს რამე დასამალი აქვს. არავის არაფერი დასამალი არ აქვს, უბრალოდ, საუბარია, საგამოძიებო თუ საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენებაა რელევანტური“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა

ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ჯოშ გრინი ავრცელებს.

მისი განცხადებით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი გამოკვლეულია.

გუბერნატორის თქმით, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კუნძულ მაუიზე ხანძარი ერთი კვირის წინ გაჩნდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ ხანძრებს შორის ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ზღვისპირა ქალაქი ლაჰაინა. დამწვარია 2 200 შენობა, რომელთა უმეტესობა საცხოვრებელი სახლია. ექსპერტების შეფასებით, ქალაქში ზარალი 5,5 მილიარდ დოლარს აღწევს.

“ველოდებით ბატონ გომელაურს პარლამენტში” – თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ასახელებს კითხვებს, რომლითაც ფრაქციამ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში მიმართა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ინტერპელაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართეს პარლამენტს, რომელმაც კითხვები გომელაურს უნდა გადასცეს.

ფრაქციის კითხვები ეხება ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვას, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზებს, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების ართხოვნას და ასევე, სამაშველო აღჭურვილობის მდგომარეობას.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შოვში მომხდარი ტრაგედიის შესწავლის მიზნით მაშინ, როდესაც ნულოვანია საზოგადოებრივი ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ; მაშინ, როცა ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე მუდმივად აცხადებდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ სიმართლე უნდა დადგინდეს მალე და სიმართლე აუცილებელია საზოგადოებისთვის და მათ შორის გადარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებიც თავდასხმის სამიზნედ ირჩევს დღეს ხელისუფლება. საგამოძიებო კომისიასთან ერთად ჩვენ განვაცხადეთ, რომ გამოვიყენებდით აბსოლუტურად ყველა ზედამხედველობით საპარლამენტო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც მორღვეულია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ, პარლამენტარებმა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სწორედ ამ დაპირების ფარგლებში ჩვენ ავამოქმედეთ კიდევ ერთი საპარლამენტო ინსტრუმენტი, რომელიც რეგლამენტით და კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული, ეს არის ინტერპელაციის წესი და ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსვლას საქართველოს პარლამენტში.

ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც შესაბამისად ვალდებულია გადასცეს აღნიშნული კითხვები უწყებას, კონკრეტული კითხვებით, რომელიც შემდეგია: – რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის თავად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური? რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი. ვიცით, რომ შსს-ში შედის ის კონკრეტული სამსახური, რომელსაც ევალება სამძებრო-სამუშაოების განხორციელება, რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების დახმარება, როდესაც არსებობს ასეთი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა, მონაწილეობა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავად შს მინისტრი და მისი უწყება და რა გახდა საფუძველი, რატომ ჩათვალეს, რომ წარმატებით მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და არ იყო მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო.

ასევე ბატონმა გომელაურმა საზოგადოების წინაშე უნდა უპასუხოს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა, რადგან თვითმხილველების განცხადებებით, დასტურდება ის, რომ მაშველები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ მრავალი საათის და მრავალი დღის განმავლობაში, არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობა, რაც დაუშვებელია და გვაინტერესებს, რა გახდა ამის მიზეზი მაშინ, როდესაც კორუფციაშია ჩაფლული სახელმწიფოს ყველა უწყება და უამრავი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთ პროგრამებზე, რომელსაც არანაირი სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მოაქვს.

და ბოლო კითხვა, რომელსაც ასევე ბატონმა გომელაურმა უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ აშშ-გან ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე. იცით, რომ არის კონკრეტულად აღნიშნული გაწერილი საქართველოს ბიუჯეტში, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ეს შემოთავაზება ჰქონდა, რომ გრანტის წესით მიეღო სამაშველო ვერტმფრენები, მაგრამ ხელისუფლება თქვა უარი აღნიშნულ ვერტმფრენებზე და რაჭაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ვერტმფრენების არსებობა -არ არსებობას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილი ადამიანები ჰყვებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ მომენტში დროულად და არა რამდენიმე საათის დაგვიანებით, როგორც ეს მოხდა, ვერტმფრენების ჩასვლა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ასე რომ, ველოდებით ბატონ გომელაურს პარლამენტში და როგორც დავთქვით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ მოისმინოს სიმართლე, ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტრაგედიის შემდეგ მთელი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადარჩნენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.