“სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი” – გიგი წერეთელი The Killers-ის კონცერტზე

70
spot_img

სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი, ამით შეიძლებოდა ეს უსიამოვნება თავიდან აგვეცილებინა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც შეკვეთილში, ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარს გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, შეკვეთილში, კონცერტზე მომხდარი ინციდენტი უსიამოვნოა, „მაგრამ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რუსული სტრატეგია მიუღებელია და წითელ ხაზს წარმოადგენს“.

„რაც შეეხება კონცერტზე გამოცხადებულ „ძმობას და სიყვარულს“, ეს ასე არ ხდება და არ გვარდება. თვითონ მასპინძლებსაც გაუჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოიბოდიშეს. ბუნებრივია, როცა ასეთი დონის სტუმრები არიან და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეზონანსულ კონცერტს წინ უძღვის სუფრის ტრადიციების ახსნა ან კულტურის ნიუანსებზე საუბარი. ამ დროს უნდა აუხსნა პოლიტიკური კონტექსტიც, თუ რა პირობებში მოუხდება კონცერტის ჩატარება. ასეთ მიდგომას შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა ეს ამბავი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხის ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომხდართან დაკავშირებით Black Sea Arena-მ განცხადება გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სცენაზე სოლისტის მოქმედება Black Sea Arena პოზიცია არაა. თავის მხრივ, საზოგადოებას მოუბოდიშა თავად ბენდმაც. მუსიკოსების განმარტებით, მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა.