შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ ვინმე იყო პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ეს იყო გომელაური, რომელიც 11 დღის შემდეგ ჩავიდა ადგილზე, ამიტომ, მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისათვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელშიც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული.
„ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა, რომელშიც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული. სახელმწიფო სტრუქტურების ის სრული არაეფექტურობა და არაკომპეტენტურობა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე და თუ ვინმე იყო, პირველ რიგში, პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თერთმეტი დღის მანძილზე არ ჩასულა შემთხვევის ადგილას. ეს არის ნამდვილად გაუგონარი, მათ შორის, არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც გაუგონარი და გაუმართლებელი საქციელი და მათ შორის, სამართლებრივადაც იმიტომ, რომ კონკრეტულად ეს პირი იყო პასუხისმგებელი. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იზამს, ყველა ინსტრუმენტს და ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ გომელაურის პასუხები მალე იხილოს საზოგადოებამ,“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში 33 ადამიანს ეძებდნენ, აქედან 26 გარდაცვლილი იპოვეს, 7 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.