„განა უკრაინა F-16-ების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს?“ – Der Tagesspiegel

77
spot_img

„აშშ-შიც და გერმანიაშიც ამჟამად დავა მიმდინარეობს ამა თუ იმ შეიარაღების სისტემის მნიშვნელობაზე და იარაღის მიწოდების დაყოვნებაზე უკრაინის არმიის კონტრშეტევისათვის, მაგრამ განსხვავება ამ ორი ქვეყნის პოზიციაში ისაა, რომ თუ ბერლინი ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსის“ (Taurus) მიწოდება-არმიწოდების საკითხზე მსჯელობს, ამერიკელები ყურადღებას ამახვილებენ კიევისათვის ავიაგამანადგურებელ „ფანტომების“ (F-16-ების) მიწოდების დაგვიანებაზე“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „განა უკრაინა F-16-ების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს?“ (ავტორი – ქრისტოფ ფონ მარშალი).

მართალია, ამერიკული პრესის მიერ გამოქვეყნებული ცალკეული სტატიების ავტორები და გადამდგარი გენერლები, მაგალითად, ფილიპ ბრედლავი და სხვები, ამტკიცებენ, რომ უკრაინისათვის „ფანტომების“ მიწოდება და პილოტების მომზადება „საომარი თამაშის წესებს დიდად ვერ შეცვლისო“, მაგრამ სამხედრო ექსპერტების აზრით, დასავლური ტანკების, არტილერიისა და რაკეტების, აგრეთვე განაღმვის სისტემების გამოყენებასთან ერთად, ავიაცია დადებით როლს შეასრულებს კიევის არმიის კონტრშეტევაში და დანაკარგებს შეამცირებს.

„რასაკვირველია, თუ მხოლოდ შეიარაღების ერთი სისტემით ისარგებლებს, წარმატებას ვერცერთი არმია ვერ მიაღწევს“, – ამბობს კარლო მასალა, მიუნხენში მდებარე ბუნდესვერის უნივერსიტეტის ექსპერტი, – „მაგრამ „ფანტომების“ მიწოდება უკრაინისათვის ნამდვილად დადებით როლს შეასრულებს და უკრაინელებისათვის სასარგებლო იქნება“. მისი აზრით, F-16-ების გამოყენება შეიძლება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისათვის რუსული ავიაციის მხრიდან. დღეისათვის უკრაინის ცაში, ფრონტის ხაზზე, რუსული ავიაცია ბატონობს, დამრტყმელი ვერტმფრენების სახით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს უკრაინელ ჯარისკაცებს.

დაბეჯითებით ითხოვს ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას უკრაინისათვის ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი. მისი აზრით, ვინც ამ იდეის წინააღმდეგ გამოდის, იგი თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით ვერ აზროვნებს და არაფერი არ უსწავლია წინა ომების გამოცდილებით“. გენერალი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის ჯარების სახმელეთო ოპერაციების დროს ავიაციის გამოყენებაზე, მაგალითად, ერაყის ოპერაციის დროს 1991 წელს და საფრანგეთში აშშ-ის არმიის შეტევის დროს 1944 წელს, რომლებსაც წინ უძღოდა მრავალდღიანი ავიადაბომბვები. „განა უკრაინაში სხვაგვარად უნდა იყოს? ავიაციას უკრაინაშიც იგივე დანიშნულება აქვს“.

ფრედერიკ ბენ ჰოჯესი სერიოზულ შეცდომად თვლის იმას, რომ დასავლეთი თავს იკავებს კიევისათვის უახლესი სამხედრო ტექნიკის მიწოდებისაგან და ეშინიათ, ვაითუ ომის ესკალაცია მოხდესო. „ჯო ბაიდენი „ფანტომებს“ არ აძლევს, ოლაფ შოლცი კი „ტაურუსებს“, ორივე ერთმანეთს უყურებს, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს“, – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„დასავლეთი, სავარაუდოდ, ისევ იმ შეცდომებს გაიმეორებს, რომლებიც დაშვებული იქნა ვიეტნამსა და ავღანეთში. ჩვენ უკრაინის გამარჯვება ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ მიზნად უნდა გამოვაცხადოთ, შემდეგ კიევს ყველანაირი რესურსი უნდა მივცეთ“, – აცხადებს ფრედერიკ ბენ ჰოჯესი.

თავის მხრივ, გერმანელი სამხედრო ექსპერტი კარლო მასალა ვარაუდობს, რომ თუ დასავლეთი უკრაინას „ფანტომებს“ მისცემს, მის გამოყენებას შეზღუდავს. „გასაგებია, რომ უკრაინას F-16-ებით რუსულ თვითმფრინავებზე გამარჯვება შეუძლია. თეორიულად კიევს რუსეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესაძლებლობაც ექნება, რომ ის ბომბდამშენები ჩამოაგდოს, რომლებიც რაკეტებს უშვებენ უკრაინის ქალაქების დასაბომბად. მაგრამ განა უკრაინას დასავლეთი ამის ნებას მისცემს? არამც და არამც“, – ამბობს კარლო მასალა.

ბუნდესვერის უნივერსიტეტის ექსპერტი უფრო პრიორიტეტულად თვლის უკრაინის არმიის უზრუნველყოფას საარტილერიო ჭურვებით ფა ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო რაკეტებით: „უკრაინას დღეს უპირველესად არტილერიის ჭურვები ჭირდება – იმიტომ, რომ სახმელეთო ბრძოლები განსაკუთრებით გააფთრებულად მიმდინარეობს. გარდა ამისა, აუცილებელია უკრაინის არმიის განაღმვის სისტემებითა და დრონების საწინააღმდეგო რაკეტებით უზრუნველყოფა“, – ციტირებს გერმანული გაზეთი ექსპერტის ნათქვამს.

წყარო