Home Blog Page 1727

“საქართველო სრულად პასუხობს ნატო-ს წევრობის კრიტერიუმებს და მზად არის გაწევრიანებისთვის” – ირაკლი ბერაია

სამიტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია, რადგან დღის წესრიგში ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა, რაზეც ნატო-ს ლიდერები ღიად საუბრობდნენ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა გამოავლინონ და ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„დავინახეთ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული კუთხით. ამას სწორედ ვილნიუსის სამიტის კომუნიკე ადასტურებს, სადაც ხაზგასმულია როგორც საქართველოს მხარდაჭერა, ასევე მნიშვნელობა. სამიტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია იმის გათვალისწინებით, რომ სამიტის დღის წესრიგში ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა და ამაზე ღიად საუბრობდნენ ნატო-ს ლიდერები. როცა ევროპის შუაგულში არის ომი, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება არც იყო მოსალოდნელი. გადაჭარბებული მოლოდინები იყო უკრაინასთან დაკავშირებით. ალიანსმა თქვა, რომ უკრაინას აქვს ალიანსისკენ გზა MAP-ის გარეშე, უკრაინისთვის არსებული მოთხოვნები პრაქტიკულად არ იცვლება. კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ უკრაინა ნატო-ში მაშინ იქნება მიწვეული, როცა ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ალიანსის მიდგომას, ვისურვებდი, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა გამოავლინონ, თვალი გაუსწორონ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით. საქართველო სრულად პასუხობს ნატო-ს წევრობის ყველა კრიტერიუმს და მზად არის ალიანსში გაწევრიანებისთვის. ბურთი ალიანსის მოედანზეა. გვინდა, საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ალიანსის მხრიდან დროული, სამართლიანი და შემხვედრი ნაბიჯები დავინახოთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება.

საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადებისა და მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების საკითხებზე.

8 ივლისის ღონისძიებაზე მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა – თეიმურაზ კუპატაძე

8 ივლისის ღონისძიებაზე მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, 9 ივლისს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოვიდა კონტრაქციის წარმომადგენლების ძალიან დიდი რაოდენობა. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე. ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო, ადამიანები კი ცდილობდნენ, რომ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი, მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც ღონისძიება ტარდებოდა. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ „პრაიდის“ მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. საბოლოოდ, რაც იყო ჩვენი მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა“, – განაცხადა კუპატაძემ.

“ყველა დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება” – მიხეილ სარჯველაძე

ბევრი ინსინუაციის მიუხედავად, ყველა დაადგენს, რომ არ არის რაიმე მიზეზი კრიტიკისთვის ან თავდასხმისთვის, რომ ვინმე ვინმეს წამლავდა, საკმარისი მკურნალობა არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დააკვშირებით ყველა პროცედურა უნაკლოდ მიმდინარეობდა.

„ვინმესთვის სარწმუნო რადგან არ აღმოჩნდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ვივამედის“ მკურნალობის კურსი, სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციები ან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქვთ სურვილი, ეს საკითხი შეისწავლონ, მათი ნებაა და პრობლემა არაა. ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, რომ უნაკლოდ მიმდინარეობდა ყველა პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინსინუაცია მოვისმინეთ, ყველა დაადგენს, რომ არ არის რაიმე მიზეზი კრიტიკისთვის ან თავდასხმისთვის, რომ ვინმე ვინმეს წამლავდა, საკმარისი მკურნალობა არ იყო. ამ ყველაფერს საფუძველი მოესპობა და ამაში ყველა დარწმუნდება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებას, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება.

„რაც შეეხება განცხადებას, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ, ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება. პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ, რადგან არ მგონია, ასეთ დამოკიდებულებას და ასეთი სიტყვებით მოხსენიებას იმსახურებდეს სააკაშვილის შემთხვევა. გარკვეული პერიოდულობით არის მცდელობა, რომ ეს საქმე ყურადღების ქვეშ მოექცეს, თუმცა ობიექტურად ამას მიზეზი არ აქვს. არ მგონია, რომ განმცხადებელთა ვინაობა რაიმე დიდ არგუმენტს მატებდეს სააკაშვილის თემაზე არსებულ მდგომარეობას, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არანაირი საფუძველი არ არის საქართველოს კრიტიკისთვის, თითქოსდა სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე უფლების დარღვევას. გასაგებია, რომ შეიძლება, ვინმესთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილის გარეთ გაყვანა საინტერესო იყოს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ქართული კანონმდებლობით სასჯელს მოიხდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“.

პაატა დავითაიამ ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ჩვენს ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ღირსეული დაბრუნებისთვის საქართველოში,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომელიც გერმანიაში იმყოფება და ქართველ ემიგრანტებს ხვდება.

„ევროპელი დემოკრატების“ ცნობით, პაატა დავითაიამ ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კუტუბიძე წარადგინა.

„ქართულ დიასპორასთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აწუხებთ.

ვიცით, როგორი წვლილი შეაქვთ ჩვენს ემიგრანტებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო მიგრაციაში წასული ადამიანები აქ ინახავენ ოჯახებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ამ დიდი ჯგუფის ინტერესები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

სამწუხაროდ, როგორც წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, ემიგრანტების დიდ ნაწილს სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირად ეზღუდებათ გარკვეული უფლება, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში და გამოხატონ საკუთარი ნება.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში, სახელმწიფომ უნდა დააფასოს ამ ადამიანების საარჩევნო ნება და ხმა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში შეიქმნას ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლობა და ამ თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი კუტუბიძე, რომელსაც ემიგრანტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას ქართველ ემიგრანტებთან და მათი როლის გაძლიერებას როგორც საარჩევნო პროცესში, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ევროპის სხვა ქვეყნებში – საფრანგეთსა და ბელგიაში. ჩვენს ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ღირსეული დაბრუნებისთვის საქართველოში“, – განაცხადა პაატა დავითაიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

რუსმა სამხედროებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთი“-ს შტაბის განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვეშა) საერთო აღჭურვით – 18 „კალიბრის“ ტიპის რაკეტამდე.

„თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 11 რუსი სამხედრო, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა “Мста-Б” გაანადგურეს“, – იუწყება ოპერატიული მეთაურობის შტაბი.

“ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს სამშობლოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა, რომელთა დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება” – მეუფე შიო

ჩვენ, ქართველები, ჩვენი ერი, ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს სამშობლოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა, რომელთაგან ორი დაკრძალულია ჩვენს სამშობლოში და ვხარობთ იმით, რომ მოციქულთა მიერ დაწყებული დიდი საქმე ქადაგებისა და ეკლესიის დაარსებისა დღესაც გრძელდება. ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა და სირთულისა, რაც ჩვენს ერს გადახდა ისტორიაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა ეკლესია დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს მოციქულთა ხსენებას.

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს.

დღეს არის თორმეტი მოციქულის ხსენება და აი, ამ დიდებული და ბრწყინვალე ტაძრის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

წმინდა ეკლესია დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს მოციქულთა ხსენებას. თქვენ იცით, რომ გუშინ იყო წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენება. დღეს, როგორც გითხარით, არის თორმეტი მოციქულის ხსენება, ვინაიდან ისინი თვით უფალმა იესო ქრისტემ გამოირჩია. იგი ეტყვის მათ ერთხელ: „განა თორმეტი არ გამოგარჩიეთო?“ – გახსოვთ ეს მისი სიტყვები.

განსაკუთრებით ვზეიმობთ მოციქულთა ხსენებას ასევე იმიტომ, რომ წმინდა ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ სწორედ ის, რომ სამოციქულოა ეკლესია, როგორც ჩამოაყალიბეს ჩვენმა წმინდა მამებმა სარწმუნოების სიმბოლოში: „მრწამს ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. სამოციქულოობა არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიისა.

წმინდა მოციქულები იღვწოდნენ სახარების ქადაგებისთვის, ისინი ქადაგებდნენ იესო ქრისტეს სიტყვას, მის მკვდრეთით აღდგომას, აფუძნებდნენ ეკლესიებს, განამტკიცებდნენ სარწმუნოებას ადამიანებში და ბოლოს, როგორც იცით, ყოველმა მათგანმა მოწამებრივი სიკვდილი მიიღო.

და აი, მათი სიტყვები და მათი ქადაგება ქვეყნიერების კიდემდე მისწვდა, განივრცო, როგორც დღეს მოვისმინეთ ჩვენ დღესასწაულის წარდგომაში წმინდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც მან წინაგანჭვრიტა მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

და აი, ჩვენ, ქართველები, ჩვენი ერი, ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს სამშობლოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა, რომელთაგან ორი დაკრძალულია ჩვენს სამშობლოში და ვხარობთ იმით, რომ მოციქულთა მიერ დაწყებული დიდი საქმე ქადაგებისა და ეკლესიის დაარსებისა დღესაც გრძელდება. ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა და სირთულისა, რაც ჩვენს ერს გადახდა ისტორიაში.

ამ წმინდა ტაძარში ლოცულობდნენ კათოლიკოს-პატრიარქები, ჩვენი მეფეები, იკურთხებოდნენ პატრიარქები და ეპისკოპოსები და იკურთხებიან დღესაც, ჩვენ ვაგრძელებთ სახარების ქადაგებას, ღვთის სიტყვის ქადაგებას დღესაც. ამ დიდ საქმეში ჩვენ გვეწევიან წმინდა მოციქულები, ვინაიდან ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად მივბაძოთ მათ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ დიდებულ ტაძარში არის დაფლული და დავანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ეს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ქრისტიანული სამყაროსი. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ წმინდა მამების სწავლებით, კვართი იყო მატარებელი მამაზეციერიდან მომდინარე ერთობისა, ერთიანობისა, ამ ერთობის დარღვევა არ შეეძლო იმას, ვინც იქნებოდა კვართის მფლობელი. ასე წერენ პირდაპირ წმინდა მამები, რომ ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას.

აი, ამდენად, კვართი – ეს არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა და, აქედან გამომდინარე, კვართი არის სიმბოლო ეკლესიის თავის, თვით უფალი იესო ქრისტეს სიმბოლოც და ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეს მშვენივრად უწყოდნენ. მათ ეს იცოდნენ, რომ კვართის ფლობა ჩვენი ერისთვის არის უდიდესი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, როგორც ჩვენდამი ღვთისგან ბოძებული დიდი სამოღვაწეო დანიშნულება, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ ზრუნვას ეკლესიის ერთიანობაზე, ეკლესიის სწავლების სიწმინდეზე. სწორედ ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე უმწიკვლოდ შეინახეს ეკლესიის სიწმინდეც და კვართიც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.

დღეს მინდა განსაკუთრებით თქვენთან ერთად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს შესანიშნავი დღე, ვინაიდან, როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი ჩვენი შეკრება და ის ყველაფერი, რაც ჩვენი ეკლესიის გარშემო, ეკლესიაში ხდება ამ წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, ეს არის ნათელი დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოციქულო მემკვიდრეობა გრძელდება და ამ ყველაფრის მეთაური, მაკურთხეველი და წინამძღოლი გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ამ მისი სამოციქულო ღვაწლისა გახლავთ ის, როგორც მოციქულები აარსებდნენ ეპარქიებს და აკურთხებდნენ მღვდელმთავრებს, რომ დღეს წმინდა სინოდის ყველა მღვდელმთავარი ვართ უშუალოდ მისი უწმინდესობის მიერ ხელდასხმული.

მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი ამ საოცარი ღვაწლისთვის, რომელსაც, როგორც ჩვენ ვხედავთ, როგორი მოშურნეობითა და ერთგულებით აღასრულებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და იმედია, ჩვენი ერი კვლავაც გაიაზრებს, ჩვენ, ყველა, ამ დიდ დანიშნულებას, რაც მოგვეცა ღვთისგან კვართისა და ეკლესიის ბოძების სახით.

თქვენ ალბათ იცით, არის ეს სწავლება წმინდა ეკლესიაში, რომ ყოველი სიკეთე და ყოველი მადლი, რაც ღმერთისგან სამყაროს ებოძება, ეს ყველაფერი მოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან; რომ უფალმა იესო ქრისტემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაადგინა შემნახველად და განმკარგველად ამ ყოველივე სიკეთისა და მადლისა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვართ მისი წილხვდომილი ერი.

ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ დღეიდან იწყება მისი ხატის – „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ – მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში.

და თუ ჩვენ მომავალშიც ამ გზით ვივლით, უფალი ჩვენთან იქნება, მადლი სულისა წმინდისა მუდამ ჩვენთან იქნება და დაგვიცავს ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა საუფლო კვართისა და წმინდა სვეტიცხოვლის მადლით დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!“, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიომ.

პროკურატურამ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქ.ბათუმში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად. ასევე, არასრულწლოვანთან მუშაობს ფსიქოლოგი.

პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვნის ინტერესების შელახვა და დამატებითი ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე” და მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

“გიორგი ვაშაძე მშვიდობაში მოიხმარონ” – ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაცმოძრაობა“, ფაქტობრივად, ლიდერის გარეშე დარჩა. მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილის იმედად დესტრუქციული აქციებიც არ გამოსდით. მელიასა და პარტიის გზები გაყოფილია. მიმდინარეობს ბრძოლა, ვის რა მემკვიდრეობა დარჩება „ნაცმოძრაობისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის.

„„ნაცმოძრაობაში“ დიფუზიაა, რთული გასარკვევია, ვინ ვის წინააღმდეგ არის. ამ დიფუზიაში გიორგი ვაშაძის შემოსვლა დიფუზიურ მოვლენებს კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის. არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ ლიდერის გარეშე დარჩა. რა თქმა უნდა, არჩევნებში ჩრდილოვანი მმართველობით ვერ გაიმარჯვებ, მით უმეტეს, როცა ჩრდილოვანი მმართველები არიან ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი. მიხვდნენ, რომ ხაბეიშვილის იმედად დესტრუქციული აქციებიც არ გამოსდით; მელიასა და პარტიის გზები გაყოფილია. მიმდინარეობს ბრძოლა, ვის რა მემკვიდრეობა დარჩება „ნაცმოძრაობისგან“. შიდა პარტიული გახლეჩის პროცესია. გიორგი ვაშაძის შემატებას რაც შეეხება, მშვიდობაში მოიხმარონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“პუტინმა უკრაინაში ქმედებებით ნატო თავის ზღურბლთან მიიყვანა” – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შვედეთისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს.

„თავიდან პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატო-ს დაშლა და ჩვენი გაყოფა – ნატო ფაქტობრივად, უფრო დიდი გახდა“, – განაცხადა ოსტინმა და ამ კონტექსტში ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასა და შვედეთის გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობაზე ისაუბრა.

კითხვაზე, როგორ რეაგირებს რუსეთის ლიდერი ალიანსის გაფართოებაზე, ლოიდ ოსტინმა უპასუხა, რომ პუტინმა უკრაინაში თავისი ქმედებებით „ნატო თავის ზღურბლთან მიიყვანა“.

„დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე,“ – დასძინა მან.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული კ.ვ., 1977 წელს დაბადებული პ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ა.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დააკავა.

დანაშაულები ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

ბრალდებულები ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების, ასევე, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან – დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევას“, აქტიურად ერთვებოდნენ სადაო საკითხების განხილვაში, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად, ისე ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლისა და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს, მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ მიმართეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

“საქართველოს მცდელობა, მიტინგის ისტერია თბილისის ქუჩებიდან ჟენევის ტერიტორიაზე გადაეტანა, წარუმატებელი აღმოჩნდა” – ცხინვალის ე.წ. დელეგაცია

ქართველი მონაწილეების მცდელობა, მიტინგის ისტერია თბილისის ქუჩებიდან ჟენევის ტერიტორიაზე გადაეტანათ, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა შეხვედრის ატმოსფეროზე უარყოფითად იმოქმედა საქართველოში მიმდინარე ანტირუსულმა კამპანიამ, რომელსაც თან ახლდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა, – ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 58-ე რაუნდის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი მტკიცებით, საქართველოს სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, თუმცა „ქართული მხარის დესტრუქციული პოზიცია“ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა.

„სამხრეთ ოსმა, აფხაზმა და რუსმა მონაწილეებმა დისკუსიებში პრიორიტეტული ყურადღება მიაქციეს სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიას, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შედეგად. ასეთი დოკუმენტი იქნება საფუძველი სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საქართველოს წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული დესტრუქციული პოზიცია არ იძლევა პროგრესს ამ საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს სამხედრო პოტენციალის მუდმივი ზრდის ფონზე“, – აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დელეგაციაში.

შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 58-ე რაუნდი 11-12 ივლისს გაიმართა.