2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა – საზღვრის კვეთის 30% საქართველოს, 70% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო -გამტარ პუნქტზე დაფიქსირდა. კერძოდ, სარფიდან ქვეყანაში შემოსვლის რაოდენობა 811 031-ია.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 1 754 992-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 1 683 567-ჯერ, მაშინ, როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 1 100 087 და 1 029 118 იყო.
ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც ქვეყანაში შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 427 443-ჯერ. მეორე ადგილზეა თურქეთი – შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268. კვეთების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველ ექვსეულში რუსეთისა და თურქეთის შემდგომ, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინაა, ასევე, ევროკავშირის ქვეყნები.
სქესისა და ასაკის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების თანახმად კი, კაცისა და ქალის შემთხვევაშიც 31-დან 45-წლამდე ასაკობრივი კატეგორია ლიდერობს.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 746 734 პირი გავიდა, მაშინ, როცა იმავე პერიოდში ქვეყანაში 732 743 პირი შემოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, ასევე, მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკას. უფრო კონკრეტულად, სამ თვეში (აპრილი-ივნისი) საქართველოს საზღვარზე მსუბუქი ავტომობილი 250 812-ჯერ შემოვიდა, 186 958-ჯერ კი გავიდა; სატვირთო ავტომობილი 216 606-ჯერ შემოვიდა და გავიდა 388 554-ჯერ; ავტობუსი შემოვიდა 8 427-ჯერ; გავიდა 8 388-ჯერ; მოტოციკლი შემოვიდა 2 290-ჯერ; გავიდა 2188-ჯერ; სპეცტექნიკა შემოვიდა 5 592-ჯერ; გავიდა 5625-ჯერ; მისაბმელი შემოვიდა 206 938-ჯერ; გავიდა 207 520-ჯერ.
რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 2023 წლის მეორე კვარტალში სამგზავრო შემადგენლობის 44-ჯერ შემოსვლა და ასევე 44-ჯერ გასვლა დაფიქსირდა; ხოლო, სატვირთო შემადგენლობა შემოვიდა 1256-ჯერ; გავიდა – 1028-ჯერ.
საზღვაო რეისების მოძრაობის დინამიკა კი ასეთია: ფოთის პორტიდან შემოსვლა – 253; გასვლა 257; ბათუმის პორტიდან შემოსვლა – 153; გასვლა – 153.