ომის 540-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

514
spot_img

ომის 540-ე დღე. უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. სახმელეთო ჯარების სარდლის, განცხადებით, ვითარება უკიდურესად გართულდა კუპიანსკში, სადაც რუსული ძალები უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ ახერხებენ.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებითაც.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 20 სამხედრო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 8 სარაკეტო და 82 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 76-ჯერ გახსნეს.

„რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა და განადგურდა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, დნიპროსა და ხერსონის ოლქებში საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავშეყრის რაიონებს და საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, უკრაინის დამცველებმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 8 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაშავდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა განაცხადა.

“რუსმა ტერორისტებმა 18 წლის ბიჭი მოკლეს. მან ჭრილობები სინელნიკოვშჩინაში, მეჟევსკაიას თემზე მტრის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად მიიღო. ექიმები ცდილობდნენ ახალგაზრდის გადარჩენას, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ”, – აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის 2 წლის ბავშვია. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგდ დაზიანდა კაფეები, 14 საცხოვრებელი სახლი, 8 სამეურნეო დანიშნულების შენობა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.