Home Blog Page 1720

კოლხეთის ეროვნულ პარკში 50-მდე ხოხობი გაუშვეს

კოლხეთის ეროვნულ პარკში 50-მდე ხოხობი გაუშვეს. ფრინველები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანია გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მომრავლება და ბუნებაში გაშვება.

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე ფონდ „ქართუს“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს გურიის ფაუნის გამრავალფეროვნებისთვის მადლობას უხდის.

„ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ველურ ბუნებაში გავუშვით ხოხბები, რომლებიც გურიის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ფრინველის რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული ბოლო პერიოდში და მისი მოშენების და გამრავლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფრინველის მოშენების ინიციატივა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მინდა პირადად მას და ფონდ „ქართუს“ გადავუხადო მადლობა. აღნიშნული აქცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს გურიის რეგიონში, ფაუნის გამრავალფეროვნებას“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

“ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო” – ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო – მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი! – ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის თქმით, ადვილად გასაგებია, რომ ოპოზიცია კობახიძის სინანულს ვერ აღიქვამს, რადგან “რაც ამ ოპოზიციამ მისი ქმედებებითა და ხელდასმით ტრაგედიები დაატრიალა, არც ერთზე ბოდიში არ მოუხდია და არც სინანული გამოუთქვამს”.

ქადაგიშვილის შეფასებით, სწორედ ამიტომ მათთვის პოლიტიკოსის მხრიდან გულწრფელი ნაბიჯის გადადგმა და ლიდერის თვისებების ქონა წარმოუდგენელი და გაუგებარია.

„შოვის სტიქია არის ნამდვილად ტრაგედია. ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა და იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული.

ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა – ბოდიში, რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს.

ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ თითქოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ ვიღაცები დაჩაგროს. ამას ლოგიკური ახსნაც კი არ შეიძლება მოუძებნო. როცა ადამიანს აზრად მოგდის, რომ ხელისუფლების სურვილია ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანების დაბულინგება, დაჩაგვრა, მაშინ გამაგებინეთ რა არის არის მიზანი?!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულებს – ლევან ხაბეიშვილი

ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ადამიანებს. მთელი აგვისტო დაგეგმილი გვქონდა შეხვედრები, მაგრამ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, ცხადია ეს ვერ მოხდებოდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დაზარალებულების მიმართ თავდასხმას არ ერიდება.

„შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ აჩვენა „რუსული ოცნების” უთავმოყვარეობა, უსაქმურობა, კორუმპირებულობა, მათი აგდებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ.

შესაბამისად, ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც უბრალოდ კლავს. ცინიზმით განმსჭვალულ განცხადებებს ავრცელებენ, არ ერიდებიან დაზარალებულებზე თავდასხმას.

ჩვენ მთელი აგვისტოს განმავლობაში გვქონდა დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრა, ამ ტრაგედიის დროს და ფონზე, ცხადია, ეს ვერ და არ მოხდებოდა.

უდიდესი გლოვაა ქვეყანაში, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს მხარდამჭერებს, წარმომადგენლებს შევხვდეთ დახურულ რეჟიმში და ვესაუბროთ მკვლელი რეჟიმის ჩამოშორების გზებსა და სტრატეგიაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სარფში 24 100 კილოგრამი ცხოველთა საკვები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

24 100 კილოგრამი ცხოველთა საკვები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 24 100 კილოგრამი ცხოველთა საკვების იდენტურობის შემოწმების შედეგად, სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კობახიძემ და “რუსულმა ოცნებამ” არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში”- გიორგი კაპანაძე

კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის.

„კობახიძემ და “რუსულმა ოცნებამ” არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

ხელისუფლება ამბობს, რომ ვერტმფრენი, შოვში, ერთ საათში ჩავიდოდა თუ სამში, ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან სტიქიიდან 10 წუთში ყველაფერი მორჩა.

სინამდვილეში კი, ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის. არადა, სახელისუფლებო ვერსიით, სტიქიის ზონაში, ამბის მომტანიც აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი. ტალახის მასიდან ვერავის უნდა გამოეღწია. თუმცა, მაგალითად, დავით ჯელაძის გადარჩენა ამ ვერსიის საწინააღმდეგოა. ამიტომ სცადეს მისი გაშავებაც. გადარჩენილებს, გადარჩენა ვერ აპატიეს. ხოლო, როდესაც ხალხის რეაქცია დაინახეს, დროებით გაჩერდნენ, მაგრამ თუ შესაძლებლობას მივცემთ, ხვალ უარესს გააკეთებენ“,- აცხადებს კაპანაძე.

“არ მჯერა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება”- სანდრო რაქვიაშვილი

არ მჯერა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, ამიტომ ეს უბრალოდ საბაბია, რომ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა“ გავიხსენოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ აპირებს.

„არ ვაპირებ ამ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, რადგან ამ საკითხში არ მაქვს კომპეტენცია, რომ იქ განსაკუთრებული დახმარება კოლეგებს გავუწიო და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ მხარს დავუჭერ, თუ შეძლებენ მშვენიერი. არ მჯერა, რომ კომისია შეიქმნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს ამას, ასევე როგორც ვიცი გახარიას პარტიაც არ უჭერს მხარს, ამიტომ ეს უბრალოდ საბაბია, რომ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა“ გავიხსენოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კანადის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო 20 ათასი მოსახლის სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს

კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყის ხანძრის გამო, 20 ათასი მოსახლის სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს.

ცეცხლი რეგიონში ყველაზე დიდ ქალაქს, იელოუნაიფს უახლოვდება.

კანადის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცეცხლის 200-ზე მეტი კერა გაჩნდა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს სტიქიასთან გამკლავება ძლიერი ქარის გამო უჭირთ.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

“უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხური წარმოების ნაღმებია ნაპოვნი”- რას წერს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის დროს, სომხური წარმოების E-001 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმია ნაპოვნი.

ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრე კოვალენკო ტელეგრამში წერს.

მისი თქმით, მსგავსი ნაღმები ყარაბაღში უნახავს.

„მაგრამ ჯერ არ ვიჩქარებდი დასკვნების გამოტანას. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ამ ნაღმებიდან რამდენი გამოიყენეს რუსმა ოკუპანტებმა და საერთოდ, როგორ მოხვდა მათთან. მიწოდება, შესაძლოა ერთჯერადი ყოფილიყო, კონტრაბანდული”,-დაწერა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ყირიმში სომხური დიასპორის წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ოკუპანტებთან.

“ყირიმის მოხალისეთა კავშირის ხელმძღვანელი, არმენ (სამველ) მარტოიანი, 44-დღიანი ომის დროს, ყარაბაღსაც კი ეწვია და საბრძოლველად მოხალისეები გაგზავნა. შესაძლოა მიწოდების ხვრელია დამყარებული”, – განაცხადა ექსპერტმა.

წყარო

გურჯაანში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის 4 წლის ბავშვი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა.

გარდაცვლილია დედა მამა და მათი 4 წლის ბავშვი. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

“ჩვენ გვჭირდება სიმართლე რაჭასთან დაკავშირებით” – ანა დოლიძე

ჩვენ გვჭირდება სიმართლე შოვთან დაკავშირებით – კობახიძის სინანული, ამათი „ნიანგის ცრემლები“ ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც სიგნალი, მათ ძალიან კარგად იციან თუ სად არის სიმართლე, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რაჭაში მომხდარი შემთხვევა სისტემურად უნდა იყოს შესწავლილი, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

„ჩვენ გვჭირდება სიმართლე რაჭის მოვლენებთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისია, გამოძიება, ამ პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია თუ შემდეგის, ეს ყველაფერი არის საშუალება. შედეგი არის ის, რომ ჩვენ გავიგოთ სიმართლე. მივიღოთ ზომები, რათა შემდეგში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. კობახიძის სინანული, ამათი „ნიანგის ცრემლები“ ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც სიგნალი, მათ ძალიან კარგად იციან თუ სად არის სიმართლე. გული გაუსკდათ, როდესაც დაინახეს ხალხის მრისხანება, ეს არის ჩვენი გამარჯვება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა მოვითხოვთ სიმართლე რაჭაზე.

სიმართლე რაჭასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია გავყოთ ორ ეტაპად. პირველი ეტაპი – რატომ არ დადგა გაფრთხილების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელსაც არსებული ხელისუფლება ათასჯერ დაჰპირდა ხალხს. ჩვენ სახელმწიფოს ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე აქვს ვალდებულები, კერძოდ, მოახდინოს ზონირება იმ ტერიტორიების, რომელიც არის მეწყერსაშიში და საფრთხის შემცველი. 2020 წელს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა რაჭაში და მან საჯაროდ თქვა, რომ როგორც კი გზა გაიხსნებოდა გეოლოგები ამოვიდოდნენ და არსებულ ტერიტორიას შეისწავლიდნენ. ამასთანავე, ის ადგილობრივ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იქნებოდნენ უსაფრთხოდ. კითხვა არ უნდა დავსვათ?! რა ნაბიჯებს დგამდა ხელისუფლება იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ეს ტრაგედია. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში პირველად დავაყენეთ ჩვენ. თუმცა, ჩვენ ვართ არასაპარლამენტო ოპოზიცია და ამისთვის გვჭირდება საპარლამენტო ოპოზიცია. თუ ვინმე ამ კომისიას არ შექმნის და ხელს შეუშლის, ბუნებრივია კითხვები გაჩნდება მათ მიმართ. მაშინ გამოვიდეს და სხვა ფორმით უპასუხოს კითხვებს. მეორე ეტაპი ეხება ღვარცოფის პერიოდს, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. ვერტმფრენის საკითხი კვლავ გაურკვეველია, ბოლო-ბოლო გვაქვს თუ არა ვერ გავიგეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ხდება მაშველებთან მიმართებაში, მათ აქვთ ძალიან დაბალი ხელფასები. დავინახეთ რომ შესაბამისი მოწყობილობებიც არ აქვთ. არ არის ეს საკითხი დასასმელი?! ვინ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ოჯახური პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა? თუ ტელეფონით ხელმძღვანელობდა და ეს დასაჯერებელია, მაშინ სასწრაფოდ უნდა გაქუსლონ აქედან. ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ სისტემურად, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. ერთი მინისტრის მოსვლა პარლამენტში არ კმარა, გვჭირდება პროცესი და სიმართლე შოვთან დაკავშირებით”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

კაბო ვერდესთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 63 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკაში, კაბო-ვერდეს სანაპიროსთან  ნავი, რომელსაც სენეგალიდან 100 მიგრანტი გადმოჰყავდა ჩაიძირა.

როგორც ABC News-ს ​გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა.

მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, გადაარჩინეს. გემზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი, რომელიც ზღვაზე ერთ თვეზე დიდხანს იმყოფებოდა, სავარაუდოდ, სენეგალიდან იყო.

ნავი ესპანურმა თევზსაჭერმა გემმა აღმოაჩინა.

სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემმა ქვეყანა 10 ივლისს დატოვა და ბორტზე 101 მგზავრი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, გადარჩენილთა რეპატრიაციისთვის კაბო-ვერდეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს.

კაბო-ვერდე დასავლეთ აფრიკის სანაპიროდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს და მას მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსახვედრ გზად ხშირად იყენებენ.

ვახტანგ გომელაურმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის უფროსი სარა რუპერტი.

ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.