Home Blog Page 1717

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა.

„მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს -პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე წელს ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მადლობას უხდის ევროპელ და ემერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა, თქვენი მხარდაჭერა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს, მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების, რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა, ვუთხრა მადლობა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. გულწფრელად მინდა, ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, მინდა, განსაკუთებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, ვთქვი, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი, გამოკვეთილი მხარდამჭერი ევროპულ გზაზე ჩვენი ქვეეყნის წარმატების. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან, ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს ქვეყანას, პარტნიორობას შეეხება. რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა ვუთხრა აშშ-ის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ამ წარმატების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ერთი გზა ერთი სარტყელის“ ფორუმზე ჩვენი მიწვევის იგნორირება უპასუხისმგებლო იქნებოდა იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩინეთთან გვაქვს”

საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ფარული დიალოგი ჰქონდეს .

„ერთი გზა ერთი სარტყელის“ ფორუმი არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში ფიზიკურად მონაწილეობდა ყოველ ჯერზე, ფორუმის არსებობის დღიდან. ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია –  თითქმის ყოველთვის, ამ ინიციატივის არსებობის დღიდან. ვინმეს თუ უნდა წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და ფარულ დიალოგშია, როგორი არასწორი ინფორმაციაც იყო გავრცელებული საზოგადოებაში, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. თუ გვსურს, თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მტერია, დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, რათა საქართველოს ინტერესებს მოვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ. ამ ინიციატივაში, როგორც ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, ისე ბევრი ქვეყანა იყო ფორუმზეც წარმოდგენილი. 150 ქვეყანა იყო წარმოდგენილი და ეს იყო სხვადასხვა დონეზე. ზოგ შემთხვევაში, იყვნენ სახელმწიფოს მეთაურები, ზოგ შემთხვევაში – მინისტრები ან ამა თუ იმ ქვეყნის ელჩები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტმა მიიწვია და ამ მოწვევის იგნორირება უპასუხისმგებლო იქნებოდა.

„ევროკავშირის ათამდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი ფორუმში. შეიძლება, სახელმწიფოს მეთაურების სახით არა, მაგრამ იყვნენ ქვეყნის წარმომადგენლები და ეს ოფიციალურად არის ფორუმის პროტოკოლებში დაფიქსირებული. ამავე დროს, 150 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორები, ქვეყნები, რომლებთან თანამშრომლობაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პრეზიდენტ სი ძინ პინის პირადი მოწვევა. მისი მოწვევა ფორუმზე, მათ შორის კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა უმაღლეს დონეზე იყო მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა, გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც დღეს ჩინეთთან გვაქვს, იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“უკრაინა გააფრთხილეს, რომ მას კრემლი ავისმომასწავებელ ფინალს უმზადებს და კიევს გამარჯვების მცირე შანსები აქვს”-Daily Express

„რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ორი წლის ნიშნულს უახლოვდება. მკაცრი რეალობა კიევისათვის სულ უფრო აშკარა ხდება“, – ნათქვამია ბრიტანული „დეილი ექსპრესის“ (Daily Express) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა გააფრთხილეს, რომ მას კრემლი ავისმომასწავებელ ფინალს უმზადებს და კიევს გამარჯვების მცირე შანსები აქვს“ (ავტორი – ადამ ჩაპმანი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა ფინანსურ დახმარებას და იარაღს დასავლელი მოკავშირეებისაგან იღებს, მაგრამ ბოლო დროს მხარდაჭერის ინტენსიურობამ იკლო. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობის შეცვლა მხოლოდ წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად თუ მოხდება.

უნგრეთი უკრაინისთვის სერიოზულ დაბრკოლებად რჩება: გასულ პარასკევს, 15 დეკემბერს, ვიქტორ ორბანმა კიევისათვის განკუთვნილი 50 მილიარდიანი ევროს დახმარება დაბლოკა.

აშშ-შიც ისეთი ამბები ხდება, რომლებიც კიევისათვის ძალზე არასასიამოვნოა: კონგრესმა მხარი არ დაიჭირა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კანონპროექტს უკრაინისათვის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. საერთოდ, ამერიკის საზოგადოებაში უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხის აქტუალურობა სულ უფრო სუსტდება.

ბრიტანელი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის – სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი ვიცე-მარშალისა და ექს-სამხედრო მფრინავის შონ ბელის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შანსები ყოველდღიურად კლებულობს და სულ უფრო გაურკვეველი ხდება. მისი თქმით, რუსეთის უპირატესობა ბრძოლის ველზე სულ უფრო აშკარა ხდება: „რუსეთი გოლიათია უკრაინელი დავითისათვის. მართალია, უკრაინა უდიდეს ძალისხმევას იჩენს კრემლის შეჩერებისათვის, მაგრამ კიევს სამხედრო ავიაცია ფაქტობრივად არ აქვს. უკრაინა არც ნატოს წევრი არ არის. ამჟამად სიტუაცია კიევისათვის სასარგებლოდ არ ყალიბდება“.

ბრიტანელი გადამდგარი ვიცე-მარშალი წუხს, რომ უკრაინამ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას კონტრშეტევის დროს. „რუსეთს საკმაოდ ფართო თავდაცვითი ზღუდეები აქვს: ჯერ დანაღმული ველები, შემდეგ სამრიგიანი ტრანშეები და ბოლოს – ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილები“, რომელთა გადალახვა ძალიან რთულია. უკრაინის არმიამ წინსვლა მხოლოდ 15 კილომეტრით მოახერხა, გარღვევის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყო. ამ ომის მკაცრი რეალობა ისაა, რომ კიევის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაცია მისთვის წამგებიანია“.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ბიძია სემს შეუძლია დახმარების „ონკანი გადაკეტოს“, – გვაფრთხილებს შონ ბელი: „თუ აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვლება, ვინ იცის, რა მოხდება? საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინისათვის სასიკეთო არ იქნება. ვლადიმერ პუტინი გრძელვადიან თამაშს იწყებს“.

მართლაცდა, კრემლი უკვე სარგებლობს უკრაინის მყიფე მდგომარეობით. უნგრეთის მიერ დახმარების დაბლოკვის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ რუსეთმა უკრაინაზე დროებით შეტევა გააფართოვა – იმ იმედით, რომ უკრაინას იარაღი სწრაფად ამოეწურება.

წყარო:

„იყო შაშვი მგალობელი… გარდაიცვალა ოთარ იოსელიანი“ – რას წერს „კომერსანტი“

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ), ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სტატია-ნეკროლოგს სათაურით „იყო შაშვი მგალობელი… გარდაიცვალა ოთარ იოსელიანი“ (ავტორი – ანდრეი პლახოვი, რუსი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ოთარ იოსელიანი ერთ-ერთი ბოლო რეჟისორი იყო ქართული და საბჭოთა კინოს ოქროს ეპოქიდან, რომელმაც განუმეორებელი კვალი დატოვა ფრანგულ კინოშიც, ევროპელი კინოავტორების მთავარ პანთეონში შესვლის შედეგად.

ოთარ იოსელიანი კინოში ე.წ. „დათბობის“ ეპოქაში მოვიდა, მაგრამ ცენზურასთან პრობლემები მაინც ექმნებოდა. რეჟისორის სრულმეტრაჟიან დებიუტში – „ფოთოლცვენაში“, რომელიც 1966 წელს გადაიღო, ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენენ ქარხანაში ქართველებისთვის წმინდა სასმელის – ღვინის ფალსიფიცირებას. ადგილობრივმა უფროსობამ კინოფილმი საქართველოს – „საკავშირო მეღვინის“ – რეპუტაციის შელახვად მიიღო. პარიზული პრემიერის შემდეგ, როცა ფილმი ჟორჟ სადულის პრიზით დაჯილდოვდა, ფრანგულმა პრესამ ვარაუდი გამოთქვა – „როგორც ჩანს, შავი ზღვის ნაპირებზე, [საბჭოთა საქართველოში], რაღაც საინტერესო ხდება“. ეს იყო ქართული კინოს აყვავების ნიშანი. ოთარ იოსელიანი აღიარებული ლიდერი გახდა.

კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ იმ დროს რეზო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის თავზე იღებდა ყველა დარტყმას და დაბრკოლებას, რომელიც ქართულ კინოს პარტიული უფროსობა თავს ატეხდა ხოლმე. იგი ხელს უწყობდა ახალგაზრდა ტალანტურ დამდგმელ რეჟისორებს და კინოსტუდიაში უნიკალური მიკროკლიმატი შექმნა – მინიმუმადე იქნა დაყვანილი შემოქმედებითი ცხოვრების ისეთი ჩვეულებრივი თანამგზავრები, როგორებიცაა შური და ინტრიგები. რეზო ჩხეიძის დამსახურებაა ის, რომ იმ შორეულ ეპოქაში ქართული კინო ეროვნული პრესტიჟის საქმედ იქცა, ხოლო მსოფლიოში ქართული კინოსკოლა „ანტიკურობისა და რენესანსის კუნძულად“ იქნა შეფასებული. პირველი პირველებს შორის სწორედ ოთარ იოსელიანი გახლდათ.

მისი ადრეული კვაზიდოკუმენტური ქმნილებები საბჭოური „ახალი ტალღის“ ეტალონად იქცნენ, ხოლო „იყო შაშვი მგალობელი“ (გადაიღო 1970 წელს) – საკულტო ფილმის ნიმუშს წარმოადგენდა, რომელსაც რუსული ინტელიგენცია აღმერთებდა.

„ფოთოლცვენის“ შემდეგ ცენზურისგან დაბრკოლება ხვდა ოთარ იოსელიანის ფილმს „პასტორალს“ (1976 წ.), რომელშიც სოფლის ყოფა-ცხოვრებაა ასახული – ირონიულად და სკეპტიკურად. იოსელიანი კიდევ დიდხანს რჩებოდა „ცუდ პატრიოტად“ და დისტანციას ინარჩუნებდა „ქართული მითებისაგან“. თუმცა რაც უფრო შორს იდგა საბჭოური რეალობისაგან, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების რბილი დამოკიდებულებისა,  მით უფრო ძნელი ხდებოდა შემოქმედებითი წინსვლა ცენზურის პირობებში.

და ამ დროს რეჟისორმა რკინის ფარდა გადალახა და უშეცდომოდ იპოვა „თავისი“ ქვეყანა – საფრანგეთი, სადაც არტისტული ქართველი დააფასეს ელეგანტურობის, მელანქოლიური იუმორისა და ფრანგული ენის კარგი ცოდნის გამო.

პარიზში, ცენტრალურ აფრიკაში, ტოსკანასა თუ პროვანსში – არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიას – ოთარ იოსელიანი, შეიძლება ითქვას, ერთიდაიგივე ფილმს იღებდა, რომლის თემა ჯერ კიდევ საქართველოში დაიბადა და მსხვილი პლანით გამოვლინდა „მთვარის ფავორიტებში“ (1984 წ.) და „პეპლებზე მონადირეში“ (1992 წ.). ეს იყო არიტოკრატიული  ტრადიციების გაქრობისა და სწრაფად გამდიდრებული „ნუვორიშების“ გამოჩენის ეპოქა, რომელიც ოთარ იოსელიანის ფილმებში სპეციფიკურადაა ნაჩვენები – ერთმანეთთან შერეული სევდით და ნაღველით.

ოთარ იოსელიანი როგორც ზომიერი კონსერვატორი, ძალიან აფასებდა წარსულის კულტურას და ნატურას – თუნდაც ეს ცივილიზაციისაგან ხელუხლებელი აფრიკული ყოფა და ქართული სოფლის პატრიარქალური ადათები ყოფილიყო.

იგი საფრანგეთში მოღვაწეობდა, მაგრამ უპირველესად ქართველი იყო. მისი დოკუმენტური სურათი „საქართველო, ეული“ (1994 წ.) ვალის დაბრუნებას წარმოადგენს თავისი ქვეყნისათვის ისტორიის მძიმე მომენტში. ფილმი მთლიანად შედგება ინტერვიუებისაგან, ქრონიკისა და ძველი კინოლენტების ფრაგმენტებისგან. მასში, როგორც გაზეთი „ლიბერასიონი“ წერდა, „ჩაბეჭდილია ხალხის სული – ღრმად ინდივიდუალური, რომელსაც კავშირი აქვს თავის მიწასთან, სახლებთან, ეკლესიებთან, ხეობებთან და რომელიც მუდამ ებრძვის დრაკონს, წმინდა გიორგის სახით, რომლის სახელიც ამ ქვეყანას ჰქვია“. დრაკონების სახით გამოდიან რომალები, მონღოლები, სპარსელები, თურქები და ცალკეულად – ბოლშევიკები. სამნაწილიანი ფილმის პირველი ნაწილში („პრელიუდია“) გადმოცემულია, თუ რა იყო საქართველო დრაკონებამდე, მეორეში („ცდუნება“) – საბჭოთა პერიოდი და მესამეში („გამოცდა“) – პოსტსბჭოური რეალობა. ფილმში არ არის დამალული საკუთარი ერის შეცდომებიც, რომლებშიც მნიშვნელოვანი „წვლილი“ თავადაზნაურობას ეკუთვნის. ერთ-ერთ თავის შემოქმედებით საღამოზე ოთარ იოსელიანმა თქვა, რომ არისტოკრატებმა თავიანთი ისტორიული მისია ვერ შეასრულეს, ქვეყანა ვერ გადაარჩინესო.

იგი საკუთარი თავის ერთგული იყო – თავის გემოვნებებში, ჩვეულებებში, სიმპათიებში და იმაშიც, რაც მას სძულდა. იგი ყოველთვის დამოუკიდებელი იყო – ცოტა ქედმაღალი, მაგრამ სულით ამაყი და იმავდროულად ნაზი ოთარი.

წყარო

შენიშვნა: სტატია-ნეკროლოგები გამოქვეყნდა აგრეთვე ფრანგულ გაზეთებში – „ლე მონდში“, „ლე ფიგაროში“ და სხვა გამოცემებში.

“მცდელობების მიუხედავად, ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთისთვის არაფერი დაუთმია”

მიუხედავად მცდელობებისა, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია და ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ლევან დავითაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად დაესწრო. მინისტრი ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობდა.

„ოპოზიციის მხრიდან გარკვეული თემატიკით სპეკულირება არახალია. ჩვენ დღესაც უშინაარსო პოლემიკის მომსწრე ვართ. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან საზოგადოებისთვის ამომწურავად იყო გაცემული პასუხი მაშინვე, როცა ჩვენ დავბრუნდით ამ ფორუმიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მქონდა პრესკონფერენცია, განმარტებები გავაკეთეთ ამ საკითხზე. მოხარული ვარ, თქვენ წინაშე მეტი განმარტება გავაკეთო, დავაზუსტო ინფორმაცია, რადგან ბევრი ინფორმაცია იყო არაზუსტი, მათ შორის არასწორად წარმოდგენილი საზოგადოებისთვის ისევ იმისთვის, რომ მოხდეს სახელისუფლო გუნდის დისკრედიტაცია.  ვხედავთ, რომ მიუხედავად წლების მცდელობისა, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ფაქტები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში ყოფნის მთელ პერიოდში, რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი დაუთმია და ეს არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს. სამწუხაროდ, ჩვენ წინა პერიოდში უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით და მივიღეთ ძალიან რთული, მძიმე მემკვიდრეობა, რომლის გამოსწორებაც მარტივი არ არის, მაგრამ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელიც მთლიან საზოგადოებას აქვს, მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სწორ, გამიზნულ ნაბიჯებს, საქართველოს თანმიმდევრულ გაძლიერებას, ძლიერ, მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებას, მათ შორის ჩვენს ევროპულ მომავალს, საბოლოოდ დიალოგს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შორის. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ნაწილში ვერ იქნება ჩვენი მოკავშირე, რადგან ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად ცდილობს, დააზიანოს ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია, მიზანმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციას, მათ შორის საზოგადოების შიგნით და ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას თითი-თითზე არ დაუდევს რეკომენდაციების შესრულებაში” – დავით მათიკაშვილი

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას თითი-თითზე არ დაუდევს რეკომენდაციების შესრულებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ვინმეს სურვილი თუ ექნება, აქტიური როლი შეასრულოს ამ მიმართულებით, მმართველი გუნდი ამის წინააღმდეგი არ არის.

„ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის, დაგვიანებით, მაგრამ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ოპოზიციამ რაიმე სახით შეიცვალოს ნირი და აქტიური სახით ჩაერთოს იმ ღონისძიებებში, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ჰქვია. აქამდე ის ასე არ მოქცეულა და ამიტომ შესაძლებელია, არც მომავალში მოიქცეს. თუმცა ის, რაც ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, არის ჩვენი ხელისუფლების, მმართველი გუნდის, აღმასრულებელი ხელისუფლების სრული მზაობა, რათა ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგას, რომ ჩვენი ქვეყნის დროულად ინტეგრაცია მოხდეს ჩვენს ევროპულ ოჯახში.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას თითი-თითზე არ დაუდვია რეკომენდაციების შესრულებაში. დღეს თუკი ვინმეს სურვილი ექნება, რომ აქტიური როლი შეასრულოს ამ მიმართულებით, მმართველი გუნდი ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ არის. თვითონ ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულიც კი არის ოპოზიციის მონაწილეობა და ჩართულობა. საზოგადოებისთვის ყველანაირად უკვე არის გასაგები და ნათელი, როგორ იქცევა ოპოზიცია, როდესაც მისი პირადი ვიწროპარტიული ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ერთმანეთთან კონკურენციაში მოდის. ის საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს ეყრდნობა, რამაც არ მისცა ოპოზიციას იმის საშუალება, რომ ჩართულიყო 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში. რადგან მათ არ სურდათ, რომ ჩვენს ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

“ნახევრად ხუმრობით ვიტყვი – ე, მანდ რაიმე დამაზიანებელი არ ეთქვა, სჯობდა თავი დაგვეცვა ამისგან” – სარჯველაძე ზურაბიშვილზე

ბევრი შეეცდება ისევე, როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი ავტორობა მიაწეროს წარმატებას, რაც ქვეყანას აქვს, მაგრამ დაზიანების გარდა, რაიმე წვლილი ზურაბიშვილს იმ წარმატებაში, რასაც სტატუსის მოპოვება ჰქვია, არ შეუქმნია – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, საზეიმო ღონისძიება სალომე ზურაბიშვილის გარეშეც შესანიშნავად წარიმართა.

„შევაფასოთ, რა განცხადებებს აკეთებდა ზურაბიშვილი 8 ნოემბრამდე და 8 ნოემბრის შემდეგ როგორია მისი დამოკიდებულება. 8 ნოემბრამდე იყო სრულიად დესტრუქციული, რეალობას აცდენილი განცხადებები და რიტორიკა. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო მისი განცხადებებიდან, რომ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 2022 წელს არ იმსახურებდა, იყო საუბრები, რომ ქვეყანა ფორმალურად ატარებს რეფორმებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონოდა მოლოდინი და იმედი სტატუსის მოპოვების. ეს რამდენად შეიძლება პროდუქტიული ყოფილიყო სტატუსის მოსაპოვებლად, მგონი ყველასთვის მარტივია დასკვნის გამოტანა.

ყველასთვის გასაგებია, რომ ევროკავშირში საჩუქრად არ არიგებენ კანდიდატის სტატუსს, არც ავანსად, სტატუსი ქვეყანას ენიჭება დამსახურების მიხედვით. სხვათა შორის ამის დასტურია 8 ნოემბრის შემდეგ შეცვლილი რიტორიკა და დღეს ალაპარაკება მათ შორის ოპოზიციის არაერთი ლიდერისა სტატუსის დამსახურებაზე, რომელიც გვარწმუნებდა მანამდე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია სტატუსის მოპოვება. დამაზიანებელი იყო საუბრის წამოწყება მოსახლეობის, საზოგადოების, ქართველი ერის მიერ სტატუსის დამსახურებაზე და ამის საფუძველზე ინტრიგის შექმნა, თითქოსდა ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს.

8 ნოემბრამდე, ვიდრე მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ქვეყანას სტატუსი ეკუთვნოდა და მიიღებდა, რიტორიკა იყო განსხვავებული თვისობრივად იმისგან, რაც მოვისმინეთ 8 ნოემბრის შემდეგ. ახლაც ბევრი შეეცდება ისე როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი ავტორობა მიაწეროს ამ წარმატებას, რაც ქვეყანას აქვს, მაგრამ ვფიქრობ, დაზიანების გარდა, რაიმე წვლილი არ შეუქმნია სალომე ზურაბიშვილს იმ წარმატებაში, რასაც ჰქვია სტატუსის მოპოვება, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ითხოვდე სტატუსს და იმავდროულად საუბრობდე, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. (ღონისძიების) წინა დღეს გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ სურვილი ჰქონდა დასწრებოდა ამ ღონისძიებას და თქვა, რომ თუ სთხოვდნენ თუ ნებას დართავდნენ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის… მოკლედ ცოტა გაუგებრად თქვა ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, მე მაინც და მაინც მსურველი არ ვიქნებოდი ის გამოსულიყო, რადგან ნახევრად ხუმრობით ვიტყვი – ე, მანდ რაიმე დამაზიანებელი არ ეთქვა, სჯობდა თავი დაგვეცვა ამისგან. ვფიქრობ, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ისნის რაიონის გამგეობამ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

ისნის რაიონის გამგეობამ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
ლეხ კაჩინსკის ქუჩის N13-სა და ვაზისუბნის II მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, 4100 კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ახალი ლედ განათება და ტერიტორია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებით გამწვანდა.
ასევე, მოსახლეობის თხოვნით, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N13-ში 32 გარაჟის დემონტაჟი განხორციელდა, ხოლო სკვერის ირგვლივ, 1400 კვ.მ. ფართობზე, გზის საფარი მოწესრიგდა.
დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ კახა კახიშვილთან ერთად დაათვალერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 1 245 980 ლარით დაფინანსდა.

“მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა”

კარგი იქნებოდა პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება – ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა ქვეყნის ყველა ინსტიტუციის წარმომადგენელი ყოფილიყო ერთად და ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე საქართველოსთვის.

„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება. ეს იყო ერთიანი ზეიმი და საქართველოს მოქალაქეთა ზეიმი, ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ის საკუთარ პარტიულ ღონისძიებად გააფორმა. პრეზიდენტმა ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. მისი განცხადებები, ინტერვიუები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა პრემიერის ანგარიშის წარდგენას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი და აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ რაიმე განსხვავებულს მოისმენს და დიდი ალბათობით, იქნება პოპულისტური განცხადებები.

„მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრი მოსულიყო პარლამენტში და საქართველოს მოსახლეობის წინაშე გაეკეთებინა ეს ანგარიში. არ ვფიქრობ, რომ რაიმე იქნება. ეს იქნება ანგარიში, რომელიც დიდწილად მიეძღვნება პოპულისტურ განცხადებებს. მნიშვნელოვანი იქნებოდა გაგვეგო, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ გეგმის შესრულებას, რაც 9 ნაბიჯის შესრულებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად. მაგალითად, სოციალურ დახმარებებზე არის საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილი, რაიონებში, პრაქტიკულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ამიტომ ამ ნაწილში მე რაიმე ღირებულს არ ველოდები და ვფიქრობ, იქნება იგივე გზავნილები, რაც გააჟღერა მან რამდენიმე დღის წინ, როცა საქართველოს უნდა ეზეიმა ნამდვილად ერთიანი პოზიციით კანდიდატის სტატუსი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

7 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე 92 ჟურნალისტი დაიღუპა

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე 92 ჟურნალისტი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზას მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში არ საუბრობენ ჟურნალისტების გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ბოლოს მოკლული ჟურნალისტები რამი ბადირი და ასემ ქამალ მუსა არიან, რომლებიც ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლნენ.

მედია ოფისმა ღაზის სექტორის ომში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი 92-მდე დაასახელა.

შეგახსენებთ, პალესტინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით 18 800 პალესტინელი დაიღუპა და მათი 70% ქალები და ბავშვები იყვნენ.

დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია – ლევან დავითაშვილი

თუ ვინმეს იმის წარმოჩენა უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და [რუსეთთან] რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის – დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, საქართველო ფორუმში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ დაარსების დღიდან მონაწილეობს და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური საკითხები განიხილება.

„ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე – დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ,“ – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას ჩინეთში გამართულ ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, დავითაშვილის განმარტებით, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა.

„ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით,“ – განაცხადა მინისტრმა.