რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ), ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სტატია-ნეკროლოგს სათაურით „იყო შაშვი მგალობელი… გარდაიცვალა ოთარ იოსელიანი“ (ავტორი – ანდრეი პლახოვი, რუსი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ოთარ იოსელიანი ერთ-ერთი ბოლო რეჟისორი იყო ქართული და საბჭოთა კინოს ოქროს ეპოქიდან, რომელმაც განუმეორებელი კვალი დატოვა ფრანგულ კინოშიც, ევროპელი კინოავტორების მთავარ პანთეონში შესვლის შედეგად.
ოთარ იოსელიანი კინოში ე.წ. „დათბობის“ ეპოქაში მოვიდა, მაგრამ ცენზურასთან პრობლემები მაინც ექმნებოდა. რეჟისორის სრულმეტრაჟიან დებიუტში – „ფოთოლცვენაში“, რომელიც 1966 წელს გადაიღო, ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენენ ქარხანაში ქართველებისთვის წმინდა სასმელის – ღვინის ფალსიფიცირებას. ადგილობრივმა უფროსობამ კინოფილმი საქართველოს – „საკავშირო მეღვინის“ – რეპუტაციის შელახვად მიიღო. პარიზული პრემიერის შემდეგ, როცა ფილმი ჟორჟ სადულის პრიზით დაჯილდოვდა, ფრანგულმა პრესამ ვარაუდი გამოთქვა – „როგორც ჩანს, შავი ზღვის ნაპირებზე, [საბჭოთა საქართველოში], რაღაც საინტერესო ხდება“. ეს იყო ქართული კინოს აყვავების ნიშანი. ოთარ იოსელიანი აღიარებული ლიდერი გახდა.
კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ იმ დროს რეზო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის თავზე იღებდა ყველა დარტყმას და დაბრკოლებას, რომელიც ქართულ კინოს პარტიული უფროსობა თავს ატეხდა ხოლმე. იგი ხელს უწყობდა ახალგაზრდა ტალანტურ დამდგმელ რეჟისორებს და კინოსტუდიაში უნიკალური მიკროკლიმატი შექმნა – მინიმუმადე იქნა დაყვანილი შემოქმედებითი ცხოვრების ისეთი ჩვეულებრივი თანამგზავრები, როგორებიცაა შური და ინტრიგები. რეზო ჩხეიძის დამსახურებაა ის, რომ იმ შორეულ ეპოქაში ქართული კინო ეროვნული პრესტიჟის საქმედ იქცა, ხოლო მსოფლიოში ქართული კინოსკოლა „ანტიკურობისა და რენესანსის კუნძულად“ იქნა შეფასებული. პირველი პირველებს შორის სწორედ ოთარ იოსელიანი გახლდათ.
მისი ადრეული კვაზიდოკუმენტური ქმნილებები საბჭოური „ახალი ტალღის“ ეტალონად იქცნენ, ხოლო „იყო შაშვი მგალობელი“ (გადაიღო 1970 წელს) – საკულტო ფილმის ნიმუშს წარმოადგენდა, რომელსაც რუსული ინტელიგენცია აღმერთებდა.
„ფოთოლცვენის“ შემდეგ ცენზურისგან დაბრკოლება ხვდა ოთარ იოსელიანის ფილმს „პასტორალს“ (1976 წ.), რომელშიც სოფლის ყოფა-ცხოვრებაა ასახული – ირონიულად და სკეპტიკურად. იოსელიანი კიდევ დიდხანს რჩებოდა „ცუდ პატრიოტად“ და დისტანციას ინარჩუნებდა „ქართული მითებისაგან“. თუმცა რაც უფრო შორს იდგა საბჭოური რეალობისაგან, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების რბილი დამოკიდებულებისა, მით უფრო ძნელი ხდებოდა შემოქმედებითი წინსვლა ცენზურის პირობებში.
და ამ დროს რეჟისორმა რკინის ფარდა გადალახა და უშეცდომოდ იპოვა „თავისი“ ქვეყანა – საფრანგეთი, სადაც არტისტული ქართველი დააფასეს ელეგანტურობის, მელანქოლიური იუმორისა და ფრანგული ენის კარგი ცოდნის გამო.
პარიზში, ცენტრალურ აფრიკაში, ტოსკანასა თუ პროვანსში – არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიას – ოთარ იოსელიანი, შეიძლება ითქვას, ერთიდაიგივე ფილმს იღებდა, რომლის თემა ჯერ კიდევ საქართველოში დაიბადა და მსხვილი პლანით გამოვლინდა „მთვარის ფავორიტებში“ (1984 წ.) და „პეპლებზე მონადირეში“ (1992 წ.). ეს იყო არიტოკრატიული ტრადიციების გაქრობისა და სწრაფად გამდიდრებული „ნუვორიშების“ გამოჩენის ეპოქა, რომელიც ოთარ იოსელიანის ფილმებში სპეციფიკურადაა ნაჩვენები – ერთმანეთთან შერეული სევდით და ნაღველით.
ოთარ იოსელიანი როგორც ზომიერი კონსერვატორი, ძალიან აფასებდა წარსულის კულტურას და ნატურას – თუნდაც ეს ცივილიზაციისაგან ხელუხლებელი აფრიკული ყოფა და ქართული სოფლის პატრიარქალური ადათები ყოფილიყო.
იგი საფრანგეთში მოღვაწეობდა, მაგრამ უპირველესად ქართველი იყო. მისი დოკუმენტური სურათი „საქართველო, ეული“ (1994 წ.) ვალის დაბრუნებას წარმოადგენს თავისი ქვეყნისათვის ისტორიის მძიმე მომენტში. ფილმი მთლიანად შედგება ინტერვიუებისაგან, ქრონიკისა და ძველი კინოლენტების ფრაგმენტებისგან. მასში, როგორც გაზეთი „ლიბერასიონი“ წერდა, „ჩაბეჭდილია ხალხის სული – ღრმად ინდივიდუალური, რომელსაც კავშირი აქვს თავის მიწასთან, სახლებთან, ეკლესიებთან, ხეობებთან და რომელიც მუდამ ებრძვის დრაკონს, წმინდა გიორგის სახით, რომლის სახელიც ამ ქვეყანას ჰქვია“. დრაკონების სახით გამოდიან რომალები, მონღოლები, სპარსელები, თურქები და ცალკეულად – ბოლშევიკები. სამნაწილიანი ფილმის პირველი ნაწილში („პრელიუდია“) გადმოცემულია, თუ რა იყო საქართველო დრაკონებამდე, მეორეში („ცდუნება“) – საბჭოთა პერიოდი და მესამეში („გამოცდა“) – პოსტსბჭოური რეალობა. ფილმში არ არის დამალული საკუთარი ერის შეცდომებიც, რომლებშიც მნიშვნელოვანი „წვლილი“ თავადაზნაურობას ეკუთვნის. ერთ-ერთ თავის შემოქმედებით საღამოზე ოთარ იოსელიანმა თქვა, რომ არისტოკრატებმა თავიანთი ისტორიული მისია ვერ შეასრულეს, ქვეყანა ვერ გადაარჩინესო.
იგი საკუთარი თავის ერთგული იყო – თავის გემოვნებებში, ჩვეულებებში, სიმპათიებში და იმაშიც, რაც მას სძულდა. იგი ყოველთვის დამოუკიდებელი იყო – ცოტა ქედმაღალი, მაგრამ სულით ამაყი და იმავდროულად ნაზი ოთარი.
შენიშვნა: სტატია-ნეკროლოგები გამოქვეყნდა აგრეთვე ფრანგულ გაზეთებში – „ლე მონდში“, „ლე ფიგაროში“ და სხვა გამოცემებში.