“უკრაინა გააფრთხილეს, რომ მას კრემლი ავისმომასწავებელ ფინალს უმზადებს და კიევს გამარჯვების მცირე შანსები აქვს”-Daily Express

187
spot_img

„რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ორი წლის ნიშნულს უახლოვდება. მკაცრი რეალობა კიევისათვის სულ უფრო აშკარა ხდება“, – ნათქვამია ბრიტანული „დეილი ექსპრესის“ (Daily Express) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა გააფრთხილეს, რომ მას კრემლი ავისმომასწავებელ ფინალს უმზადებს და კიევს გამარჯვების მცირე შანსები აქვს“ (ავტორი – ადამ ჩაპმანი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა ფინანსურ დახმარებას და იარაღს დასავლელი მოკავშირეებისაგან იღებს, მაგრამ ბოლო დროს მხარდაჭერის ინტენსიურობამ იკლო. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობის შეცვლა მხოლოდ წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად თუ მოხდება.

უნგრეთი უკრაინისთვის სერიოზულ დაბრკოლებად რჩება: გასულ პარასკევს, 15 დეკემბერს, ვიქტორ ორბანმა კიევისათვის განკუთვნილი 50 მილიარდიანი ევროს დახმარება დაბლოკა.

აშშ-შიც ისეთი ამბები ხდება, რომლებიც კიევისათვის ძალზე არასასიამოვნოა: კონგრესმა მხარი არ დაიჭირა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კანონპროექტს უკრაინისათვის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. საერთოდ, ამერიკის საზოგადოებაში უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხის აქტუალურობა სულ უფრო სუსტდება.

ბრიტანელი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის – სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი ვიცე-მარშალისა და ექს-სამხედრო მფრინავის შონ ბელის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შანსები ყოველდღიურად კლებულობს და სულ უფრო გაურკვეველი ხდება. მისი თქმით, რუსეთის უპირატესობა ბრძოლის ველზე სულ უფრო აშკარა ხდება: „რუსეთი გოლიათია უკრაინელი დავითისათვის. მართალია, უკრაინა უდიდეს ძალისხმევას იჩენს კრემლის შეჩერებისათვის, მაგრამ კიევს სამხედრო ავიაცია ფაქტობრივად არ აქვს. უკრაინა არც ნატოს წევრი არ არის. ამჟამად სიტუაცია კიევისათვის სასარგებლოდ არ ყალიბდება“.

ბრიტანელი გადამდგარი ვიცე-მარშალი წუხს, რომ უკრაინამ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას კონტრშეტევის დროს. „რუსეთს საკმაოდ ფართო თავდაცვითი ზღუდეები აქვს: ჯერ დანაღმული ველები, შემდეგ სამრიგიანი ტრანშეები და ბოლოს – ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილები“, რომელთა გადალახვა ძალიან რთულია. უკრაინის არმიამ წინსვლა მხოლოდ 15 კილომეტრით მოახერხა, გარღვევის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყო. ამ ომის მკაცრი რეალობა ისაა, რომ კიევის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაცია მისთვის წამგებიანია“.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ბიძია სემს შეუძლია დახმარების „ონკანი გადაკეტოს“, – გვაფრთხილებს შონ ბელი: „თუ აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვლება, ვინ იცის, რა მოხდება? საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინისათვის სასიკეთო არ იქნება. ვლადიმერ პუტინი გრძელვადიან თამაშს იწყებს“.

მართლაცდა, კრემლი უკვე სარგებლობს უკრაინის მყიფე მდგომარეობით. უნგრეთის მიერ დახმარების დაბლოკვის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ რუსეთმა უკრაინაზე დროებით შეტევა გააფართოვა – იმ იმედით, რომ უკრაინას იარაღი სწრაფად ამოეწურება.

წყარო: