Home Blog Page 1716

“ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ უფალს შეუძლია მოახდინოს ცვლილება” – მეუფე შიო

როდესაც ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, თუ გნებავთ, ჩვენი ერის ცხოვრებაზე, ჩვენი ერის ისტორიაზე, ჩვენი ერის მომავალზე, ჩვენც ამ იმედით ვივსებით. ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ უფალს შეუძლია მოახდინოს ეს ცვლილება როგორც პეტრესა და პავლეს შემთხვევაში, ისე ჩვენს ერშიც,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მართალი ცხოვრების გზა მიგვიყვანს მარადიულ ცხოვრებასთან.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვიხსენიებთ წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს და მათთან ერთად, შეიძლება ითქვას, მთელი მოციქულთა დასი მოგვმართავს ჩვენ, მოწოდებულთ.

ეს არის თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული მოწოდება, რომელსაც წმინდა სახარება ასე გადმოგცემს: „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა დაბადებულს.“

და აი, დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა მოციქულ პეტრეზე, წმინდა მოციქულ პავლეზე, მათ დიდებულ ღვაწლზე, თუ როგორი სიხარულით შეასრულეს მათ ეს ლოცვა-კურთხევა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, როგორი გულანთებულნი იყვნენ ისინი, როგორი ცეცხლოვანი იყო მათი მსახურება, რამდენი ტანჯვა დაითმინეს, რამდენი შეურაცხყოფა, რამდენი სირთულე და მაინც სიხარულით აღსავსენი იყვნენ, ამ სიხარულით მოღვაწეობდნენ და ამოწმებდნენ ქრისტეს, ემსახურებოდნენ მას. ქრისტეს, რომლის გულისთვისაც შემდეგ ორივე მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა.

და აი, ჩვენ ვფიქრობთ, რა იყო ეს მათი ასეთი საოცარი ძალა და სარწმუნოება, საიდან ჰქონდათ ეს?

ერთი მხრივ, ვიცით, რომ, მაგალითად, პეტრე როგორი ცეცხლოვანი იყო, მოშურნე, როგორი ვაჟკაცური, მაგრამ, ამავე დროს, სუსტიც იყო, როგორც გახსოვთ, მან როგორი სულმოკლეობა გამოიჩინა, როდესაც დაეჭვდა, შეორგულდა და ჩაძირვა დაიწყო ზღვაში, ასევე მან სამჯერ უღალატა უფალს, უარყო ქრისტე.

ასევე პავლე მოციქულიც, როგორც გახსოვთ, ქრისტეს მოძულე იყო, მტერი იყო ქრისტესი და მდევნელი ქრისტიანების. როდესაც წმინდა პირველმოწამე სტეფანეს ქვებით ქოლავდნენ, პავლე იქ იდგა და მონაწილეობდა ამ ყველაფერში. მაშ, რა მოხდა? რამ განაპირობა მათი ასეთი ფერისცვალება და სრული შეცვლა?

ეს არის საღვთო მადლის ძალა, სულიწმიდის ძალა, რომელმაც ეს მოახდინა მათში.

და აი, ჩვენ ხშირად გვავიწყდება ამ ძალის არსებობა, უფრო მეტად ვენდობით და ვესავთ ჩვენს ადამიანურ შესაძლებლობებს, ადამიანურ ძალებს და ამ დროს ხსოვნა ამ საღვთო მადლის ძალისა გვმატებს ჩვენ სიმხნევეს, იმედს და სასოებას.

და აი, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, თუ გნებავთ, ჩვენი ერის ცხოვრებაზე, ჩვენი ერის ისტორიაზე, ჩვენი ერის მომავალზე, ჩვენც ამ იმედით ვივსებით. ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ უფალს შეუძლია მოახდინოს ეს ცვლილება როგორც პეტრესა და პავლეს შემთხვევაში, ისე ჩვენს ერშიც. ადამიანები, რომლებიც განდგომილნი არიან ღვთისგან, შეიძლება მდევნელნიც კი არიან ეკლესიისა, ხვალ შეიძლება გახდნენ მოშურნე და ერთგული მსახურები ღვთისა, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ეძიებენ ჭეშმარიტებას.

აი, ასე უნდა ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამისკენ უნდა ვისწრაფოთ ჩვენც.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.

როგორც თქვენ იცით, ,,მოციქული” ნიშნავს წარგზავნილს და ყოველი ჩვენგანიც ვართ წარგზავნილი ამ ცხოვრებაში იმისთვის, რომ შევიმეცნოთ საღვთო ჭეშმარიტება, შევიმეცნოთ უფალი და დავამოწმოთ იგი ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი აზროვნებით, რაც ნიშნავს, რომ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, საღვთო კანონებით, რაც დაგვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით – წმინდა მოციქულ პეტრესთან და წმინდა მოციქულ პავლესთან, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ.

ისინი გვასწავლიან, რომ თუ შესცოდე, შეინანე, თუ დაეცი, ისევ ადექი. თუ გამოიჩინე სულიერი სისუსტე და სულმოკლეობა, გაძლიერდი და გამხნევდი ღმერთის სახელით, ღმერთის რწმენით, გიყვარდეს და გწამდეს უფალი!

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს გზა მართალი ცხოვრებისა მიგვიყვანს ჩვენ მარადიულ ცხოვრებასთან, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

“კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია”

არასდროს გამიკრიტიკებია „ნაციონალური მოძრაობა“, კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია „ფესიბუქის“ გვერდზე წერს.

ნიკა მელია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა მელია თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის. მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა“.

ნიკა მელიას თქმით, არის და იქნება იქ, სადაც ცვლილებები იქნება შესაძლებელი.

„ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ, საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი, თუნდაც სუსტი, არგუმენტები ჰქონდეს; გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც; არასდროს გამიკრიტიკებია პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი; კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც, პირადი გამორჩენის მიზნით, ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია.

ასევე, ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებ კობახიძისა და კეზერაშვილის იდენტურ „სურვილს“ – თუ მივდივარ, წავიდე. მათგან განხვავებით, მე მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით ვმოქმედებ, ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც ცვლილებები იქნება შესაძლებელი და რეალური. ვიყავი და ვარ იქ, სადაც სიმართლეა და პოლიტიკაში ხდება ხალხის ინტერესების ასახვა და არა ფულის; სადაც დაპირება არის რეალური, შესრულებადი და სადაც ადამიანი პასუხს აგებს თავის სიტყვაზე. არა ისე, როგორც ვისმენთ ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს ადიუტანტ ცისკარიშვილისგან – თუ სააკაშვილი იქნება გარეთ, მოვიგებთ, მაშინ როდესაც იცი, რომ ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი“, – წერს ნიკა მელია.

“ღვთის შეწევნით, კარგად ვარ” – მეუფე შიო

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მუფე შიო აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.

„მადლობა ღმერთს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, პეტრე-პავლობას. ღვთის შეწევნით, კარგად ვარ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კითხვის საპასუხოდ, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ალბათ ხელახალი კვლევები ჩატარდება. „დიახ, ალბათ, ექიმები გვირჩევენ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კითხვაზე, „სად არის კერა?“, – მეუფე შიო პასუხობს: „ვერ გეტყვით, ეს არის ყოფითი რაღაც, მოწამვლა არის, თუ გარკვეული ზემოქმედება“.

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა“. მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

“ყველა პოლიტიკოსმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პარტიასთან, პოლიტიკურ პლატფორმასთან სურს აფილირება”

ყველა პოლიტიკოსმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ პარტიასთან და პოლიტიკურ პლატფორმასთან სურს აფილირება. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა მელია თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის. მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა“.

თინა ბოკუჩავას თქმით, დამაზიანებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ერთიანობისკენ არ არის მიმართული.

„მუდმივი ურთიერთთავდასხმის რეჟიმი, რაშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ძალიან დამაზიანებელია. ჩვენ მაქსიმალური კონსოლიდაციით უნდა შევიდეთ შემდეგ არჩევნებზე, რომელიც, პრაქტიკულად, კარს არის მომდგარი, და დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით კონსოლიდაციით, არამედ, ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე. ამ პროცესს აზიანებს ნებისმიერი მცდელობა, რომ არ იყოს ერთი ფრონტი. ვგულისხმობ ფორმალიზებულ გაერთიანებას. ამ არჩევნებისთვის ბლოკების შექმნა შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ერთიანობისკენ არ არის მიმართული, დამაზიანებელია არა პარტიისთვის, არამედ საერთო მიზნისთვის, რომლის ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვინც თავს მივიჩნევთ ივანიშვილის რეჟიმის ოპოზიციაში და ვისაც გვსურს, დასრულდეს რუსული მმართველობა, ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, გახდეს ევროპის ნაწილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მაქსიმალურად უნდა გაერთიანდნენ პარტიის შიგნით და ოპოზიციურ ფრონტზე, რათა საერთო მიზანს მიაღწიონ.

„აკო მინაშვილი და კობა ნაყოფია პარტიის დაფუძნების დღიდან იყვნენ პარტიის ძალიან აქტიური წევრები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ერთობლივად, ასევე სააკაშვილის მონაწილეობით, ლიდერობით ბევრ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. სააკაშვილს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დასაკარგი არავინ არ არის. ახლა არის გადამწყვეტი დრო არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის და სააკაშვილისთვისაც. სააკაშვილი ჯანმრთელობის კუთხით ასეთ მძიმე მოცემულობაშიც კი ქვეყანასა და ქვეყნის მომავალზე საუბრობს. მაქსიმალურად უნდა გავერთიანდეთ პარტიის შიგნით, ისევე როგორც ოპოზიციურ ფრონტზე, რათა საერთო მიზანს მივაღწიოთ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

“საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია, წესიერი კაცია” – მეუფე იაკობი

საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა, ის ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს.

„მეუფე შიო წესიერი კაცია. გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად საუბრობს. საუბრობთ, შორენა თეთრუაშვილიო – შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან. ვერ გეტყვით {ვისი ინტერესია}. როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, მიზეზი. დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში.

მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.

მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

თიბისი ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ის მხარდამჭერია

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 10-17 ივლისს, გურჯაანში DATA BOOTCAMP ტარდება.

პროექტი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებს, შესაძლებლობას აძლევს, კვირეულის ფარგლებში დაესწრონ AI, ML, Computer Vision-ის ინტენსიურ ტრენინგებს და გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით.

17 ივლისს შემაჯამებელი დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები პრეზენტაციებს წარადგენენ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მონაწილეებს  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებული ქართველი წამყვანი სპეციალისტები შეაფასებენ.

თიბისის მხრიდან, მონაწილეებს,  MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი შეაფასებს. გამარჯვებულები, თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების, პრაქტიკული გადამზადების ორ კვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

R

“თბილისიდან 13-15 წლის მოზარდები ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან” – კალაძე

ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში „შეხვედრა რაგბის ირგვლივ“, 2023 წლის 11 აგვისტოდან 21 აგვისტომდე, თბილისიდან, ნანტიდან, ზაარბრიუკენიდან და კარდიფიდან, 13-15 წლის 60-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

„ბანაკი პორტ-ბარბის ღია სივრცეში იფუნქციონირებს, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს. ახალგაზრდები კარვებში იცხოვრებენ. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისიდან ბანაკში 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი გაემგზავრება.

„ბანაკში გასამგზავრებლად უკვე ემზადება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შერჩეული 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი. ბანაკში მონაწილეობისთვის შერჩეულ თბილისელ მოზარდებს შორის არიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 15-ვე მოზარდისა და სამი თანმხლები ახალგაზრდული მუშაკის მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აფინანსებს.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წყნეთში, ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა გაცემული არ ყოფილა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

კახა კალაძემ გარდაცვლილი ახალგაზრდას ხსოვნის პატივსაცემად თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.

მან უბედურ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ნებისმიერი თვითნებური და კუსტარული დაერთება კანონდარღვევაა.

„ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი უბედურება მოხდა, მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან მძიმე და რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, სიტყვების მოძებნაც კი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მართლაც ძალიან მძიმე შემთხვევაა და კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ ოჯახს. მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დათუნა ჟღენტის ოჯახს!

პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება, თვითნებობა, არის უკანონო. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, აწარმოოს მსგავსი ტიპის სამუშაო. მე არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადებები გავაკეთო, რა საკვირველია, გამოძიება მუშაობს და კითხვას გაეცემა პასუხი. მინდა გითხრათ ერთი რამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში, ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა და მისი დაერთება მოხდა თვითნებურად. ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, არც ერთ სივრცეში, აღნიშნულ პავილიონებს და ფანჩატურებს არ აქვს ელექტროენერგიის წყარო. არის რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკი, სადაც საჭადრაკო სივრცეებია და ამ სივრცეებში არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ფანჩატურებში ელექტრო გაყვანილობა არ იყოს გაკეთებული“,- განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ტყუილი უწოდა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რომ თითქოს ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს.

„ეს არის სრული ტყუილი და ცილისწამება. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სივრცე წლების განმავლობაში მიგდებული იყო და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნოდ დავპირდით, რომ იქ მოეწყობოდა სკვერი, მოეწყობოდა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებს დაესვენათ, განტვირთა შესძლებოდათ, ევარჯიშათ და ა.შ. ის, რომ, თითქოს, სამუშაოების გამო მოხდა მოზარდის გარდაცვალება, არის ძალიან დიდი ტყუილი და სიბინძურე. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო მედია საშუალებებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე და ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას ამ უბედურებისა და ტრაგედიის გამოყენებით. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მოზარდის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ყველა, ვისაც რაიმე ბრალი მიუძღვის, აგებს პასუხს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება

თბილისის 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და 12 მეტროსადგურის მოდერნიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შეირჩა კონსულტანტი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.

„მეტროსადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება „სადგურის მოედნის“ მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი. განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა. მათ შორის, რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები. „სადგურის მოედნის“ კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

„რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟე სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები,  უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროცესშია ჩართული.

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მეტროს მოდერნიზაციის პროექტში აქტიურად არიან ჩართული. ამისთვის უკვე გამოყოფილია 50,6 მლნ ევრო სესხის, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტის სახით. უკვე მომზადებულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EGIS-ის მიერ აღნიშნული მეტროსადგურების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბათუმში მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა

ბათუმში მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია TV25 ავრცელებს.

​ამ ეტაპზე მოზარდს ექსპერტიზა უტარდება და მიმდინარეობს დაკითხვები. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. ის წარსულში ნასამართლევი იყო და საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

რატომ არის დაინტერესებული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში არეულ-დარეულობით და იმით, რომ ამ „დიფუზიურ ომში“ საქართველოც ჩაერთოს?

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

როცა მსოფლიო ამგვარ, ტურბულენტურ, არეულ-დარეულ, დიფუზიურ (ეს სიტყვა ბევრს ნერვებს უშლის, მაგრამ ყველაზე უკეთ ახასიათებს იმას, რაც არის) მდგომარეობაშია, სწორხაზოვანი დამოკიდებულებების ადგილი აღარ არის. ეს გუშინ გამართული ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეშიც აისახა: მიუხედავად იმისა, რომ ნატო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით რუსეთს არ აძლევს საშუალებას რაიმე გადამწყვეტ სამხედრო წარმატებას მიაღწიოს და ამდენად, არაპირდაპირ, ირიბად, მაგრამ მაინც ძალზე ინტენსიურად ჩართულია ამ ომში, აცხადებენ – რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ კონფრონტაციას არ ვესწრაფვითო და ცდილობენ ამ აგრესიულ, ბირთვულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გარკვეული „წითელი ხაზები“ დაიცვან; ამას წინათ სი-აი-ეის მიერ „ნიუსვიკისთვის“ მიცემული ექსკლუზივით ისიც კი გაცხადდა, რომ როგორც აშშ, ისე რუსეთი მათ შორის არსებულ „საიდუმლო შეთანხმებას“ ზედმიწევნით იცავენ და უკრაინის სამხედრო კონფლიქტი „კონტროლირებადი ესკალაციის“ ფარგლებიდან არ გავა. „დიფუზიური ომი“ კი სწორედ ამას ნიშნავს: ესკალაციის იმ დონეზე შენარჩუნებას, რაც საჭიროა, რათა ზავი არ შედგეს და წესრიგი ვერ აღდგეს. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში ყველაზე თვალსაჩინო ხდება, რომ სწორხაზოვანი პარადიგმებით და მტერი-მოკავშირე ცალსახა იდენტიფიკაციებით აღარავინ მოქმედებს, თავად მსხვერპლის – უკრაინის გარდა, რომელიც განწირულია, თუნდაც ამ „საიდუმლო შეთანხმების“ ანდა ნატოს გუშინდელი კომუნიკის გამო. სწორედ ეს დიფუზიურობაა მიზეზი, რომ უკრაინამ ასეთი გამაოგნებლად უსინდისო პირობა მიიღო – იგი მაშინ ეღირსება ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს, როცა რუსეთს დაამარცხებს. არადა, „საიდუმლო შეთანხმების“ ძალით – ეს ვერ მოხდება!

ყველაფერი ეს იმდენადაა საინტერესო, რომ საქართველოს წინაშე არსებული რისკები სწორედ შეფასდეს და შესაბამისად, ამ ტურბულენტურ ვითარებაში, როცა რაიმე „მოდუს ვივენდი“ ფაქტობრივად არ არსებობს – საერთაშორისო წესრიგი თუ სამართალი გაუქმებულია, ჩვენი „მოდუს ოპერანდი“ – ე.ი. ქცევის წესები ადეკვატური იყოს.

უწინარეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რასაკვირველია, ნებისმიერი „მოდუს ვივენდის“ (რაც იყო, რაც ახლა აღარ არის, მაგრამ შეიძლება თავიდან სხვა სახით ჩამოყალიბდეს) ფარგლებში იქნება მტრული, სანამ იარსებებს საქართველოს ოკუპაციისა და მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის „ეგზისტენციალური პრობლემა“; ეს ურთიერთობები უკრაინის ომამდე მოკლედ ასე ხასიათდებოდა: „ჰიბრიდული ომი“; სამართლებრივად – ეს არც ომია და არც მშვიდობა. საქართველოსა და რუსეთს შორის ზავი არ არის, მაგრამ სამხედრო მოქმედებები შეწყვეტილია მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ძალით; ასევე: ამ ორ ქვეყანას შორის, ვინაიდან არსებობს შეურიგებელი წინააღმდეგობა, არ აღმოფხვრილა „casus belli” -რუსეთს საელჩოები აქვს გახსნილი მისი მიერვე ოკუპირებულ, ცალმხრივად აღიარებულ კვაზი-პოლიტიკურ წარმონაქმნებში, დიპლომატიური ურთიერთობები, ანუ მშვიდობიანი ურთიერთდამოკიდებულებანი ვერ იქნება.

ამ ცხადი გარემოებების და სამართლებრივად სავსებით მკაფიო და უცველად ურყევი მდგომარეობის მიუხედავად, რადგან „მოდუს ვივენდი“ დიფუზიურობით გაუქმებულია, საქართველოსა და რუსეთს შორის „ჰიბრიდულ ომში“ ერთგვარი პაუზაა და ეს პაუზა მოკლედ ამ ტერმინით შეიძლება დახასიათდეს: „ჰიბრიდული ზავი“. ამ „ჰიბრიდული ზავის“ მთავარი პირობა შეუთანხმებლადაც, არსებული გარემოებების ძალით, სავსებით ცხადია: ვიდრე „მოდუს ვივენდი“ არ აღდგება მსოფლიოში, მხარეები თავს შეიკავებენ რაიმე ესკალაციისაგან და ეცდებიან ისეთი „მოდუს ოპერანდი“ გამონახონ, რომ თავიდან აირიდონ პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი. რუსეთმა იმიტომ, რომ არ მოუწიოს ორ ფრონტზე ბრძოლა და საქართველომ იმიტომ, რომ უკრაინის კატასტროფული ხვედრი და უარესიც, არ გაიზიაროს. რასაკვირველია, ეს შექმნილი გარემოებების გამო ორმხრივად კეთილგონივრულია, ეს კეთილგონივრულობა უთქმელადაც, დუმილის სახით გამოიხატება (არანაირი შეთანხმება ამის თაობაზე – არც ღია არც ფარული არ არსებობს), არც სტაბილურად მტრულ ურთიერთობებს არ წყვეტს და წესით, არც ზემოთ ნახსენებ „საიდუმლო შეთანხმებას“ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

მაშ რატომ არის ასე სისხლხორცეულად დაინტერესებული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში არეულ-დარეულობით და იმით, რომ ამ „დიფუზიურ ომში“ საქართველოც ჩაერთოს? პასუხი თითქოს ცხადია, რადგან სხვაგვარი ახსნა უბრალოდ არ არსებობს – საქართველო გამოყენებული იქნება ერთგვარ დამატებით „საწვავად“, რათა ესკალაციის ცეცხლი არ განელდეს და იმ დონზე იქნას შენარჩუნებული, რომ “დიდი ზავი” არ დაიდოს და რაიმე „მოდუს ვივენდი“ არ აღდგეს. თუ ვინიცობაა უკრაინის ომი დაცხრომისკენ წავა, ან ესკალაციის შესუსტების შანსი რეალური გახდება, საქართველოს აალება დასჭირდებათ, ამიტომ – ყველა პირობა ამისათვის მუდამ სახეზე უნდა იყოს.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. უფრო გასაგებად კი შეგიძლიათ გუშინ საზოგადოებრივ არხზე გადაცემა „თავისუფალ თემაში“ ბ-ნი ირაკლი კობახიძის გამოსვლას მოუსმინოთ. მას ეს “მძიმე” ტერმინები არ გამოუყენებია: არც „დიფუზია“ და არც „ჰიბრიდულობა“. უფრო მარტივად ახსნა ეს ყველაფერი. არადა, რთული მდგომარეობაა, ძალიან რთული. დიდი ნიჭი უნდა ამის მარტივად ახსნას. ბ-ნ ირაკლის ეს შესანიშნავად გამოსდის. სამწუხაროდ, მე ვერ ვახერხებ. იმიტომაც ვერ, რომ მინდა სირთულეს გაუსვა ხაზი. ის კი, რადგან პოლიტიკოსია – გამარტივებას, ამ უსაშინელესი კვანძის როგორმე გახსნას, ლამობს. ღმერთმა ხელი მოუმართოს!

“ნიკა მელიას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა” – ირაკლი კობახიძე

მას {ნიკა მელიას} რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა არ ჰყოფნის თავმოყვარეობა, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაღმა მიდის, რეიტინგი სულ უფრო მცირდება.

„მელიას რაც შეეხება, მას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა აქამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა არ ჰყოფნის თავმოყვარეობა, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და ძლიერის მხარე დაიჭირა შიდაპარტიულ კონფრონტაციაში. ეს არის სააკაშვილის პოზიციის მიზეზი და საფუძველი. არაფერია საინტერესო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაღმა მიდის, რეიტინგი სულ უფრო მცირდება და ეს არის მთავარი. შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიის შიგნით არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა.

რაც შეეხება ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას, ეს არაჩვეულებრივი ნაბიჯი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვეხმარებიან, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში.

რაც მეტი შიდა კონფრონტაცია ექნებათ, მით მეტად დააზიანებენ ამ პარტიას, რაც ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან კარგია. ასე თუ გააგრძელებენ, ეს იდეალური იქნება“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „TV პირველის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ინტეგრაციას არ გამორიცხავს.ტელეკომპანიის ცნობით, პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიებს შორის თანამშრომლობა განიხილება, ამასთან, შესაძლოა, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეც განიხილონ.