რატომ არის დაინტერესებული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში არეულ-დარეულობით და იმით, რომ ამ „დიფუზიურ ომში“ საქართველოც ჩაერთოს?

172
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

როცა მსოფლიო ამგვარ, ტურბულენტურ, არეულ-დარეულ, დიფუზიურ (ეს სიტყვა ბევრს ნერვებს უშლის, მაგრამ ყველაზე უკეთ ახასიათებს იმას, რაც არის) მდგომარეობაშია, სწორხაზოვანი დამოკიდებულებების ადგილი აღარ არის. ეს გუშინ გამართული ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეშიც აისახა: მიუხედავად იმისა, რომ ნატო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით რუსეთს არ აძლევს საშუალებას რაიმე გადამწყვეტ სამხედრო წარმატებას მიაღწიოს და ამდენად, არაპირდაპირ, ირიბად, მაგრამ მაინც ძალზე ინტენსიურად ჩართულია ამ ომში, აცხადებენ – რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ კონფრონტაციას არ ვესწრაფვითო და ცდილობენ ამ აგრესიულ, ბირთვულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გარკვეული „წითელი ხაზები“ დაიცვან; ამას წინათ სი-აი-ეის მიერ „ნიუსვიკისთვის“ მიცემული ექსკლუზივით ისიც კი გაცხადდა, რომ როგორც აშშ, ისე რუსეთი მათ შორის არსებულ „საიდუმლო შეთანხმებას“ ზედმიწევნით იცავენ და უკრაინის სამხედრო კონფლიქტი „კონტროლირებადი ესკალაციის“ ფარგლებიდან არ გავა. „დიფუზიური ომი“ კი სწორედ ამას ნიშნავს: ესკალაციის იმ დონეზე შენარჩუნებას, რაც საჭიროა, რათა ზავი არ შედგეს და წესრიგი ვერ აღდგეს. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში ყველაზე თვალსაჩინო ხდება, რომ სწორხაზოვანი პარადიგმებით და მტერი-მოკავშირე ცალსახა იდენტიფიკაციებით აღარავინ მოქმედებს, თავად მსხვერპლის – უკრაინის გარდა, რომელიც განწირულია, თუნდაც ამ „საიდუმლო შეთანხმების“ ანდა ნატოს გუშინდელი კომუნიკის გამო. სწორედ ეს დიფუზიურობაა მიზეზი, რომ უკრაინამ ასეთი გამაოგნებლად უსინდისო პირობა მიიღო – იგი მაშინ ეღირსება ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს, როცა რუსეთს დაამარცხებს. არადა, „საიდუმლო შეთანხმების“ ძალით – ეს ვერ მოხდება!

ყველაფერი ეს იმდენადაა საინტერესო, რომ საქართველოს წინაშე არსებული რისკები სწორედ შეფასდეს და შესაბამისად, ამ ტურბულენტურ ვითარებაში, როცა რაიმე „მოდუს ვივენდი“ ფაქტობრივად არ არსებობს – საერთაშორისო წესრიგი თუ სამართალი გაუქმებულია, ჩვენი „მოდუს ოპერანდი“ – ე.ი. ქცევის წესები ადეკვატური იყოს.

უწინარეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რასაკვირველია, ნებისმიერი „მოდუს ვივენდის“ (რაც იყო, რაც ახლა აღარ არის, მაგრამ შეიძლება თავიდან სხვა სახით ჩამოყალიბდეს) ფარგლებში იქნება მტრული, სანამ იარსებებს საქართველოს ოკუპაციისა და მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის „ეგზისტენციალური პრობლემა“; ეს ურთიერთობები უკრაინის ომამდე მოკლედ ასე ხასიათდებოდა: „ჰიბრიდული ომი“; სამართლებრივად – ეს არც ომია და არც მშვიდობა. საქართველოსა და რუსეთს შორის ზავი არ არის, მაგრამ სამხედრო მოქმედებები შეწყვეტილია მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ძალით; ასევე: ამ ორ ქვეყანას შორის, ვინაიდან არსებობს შეურიგებელი წინააღმდეგობა, არ აღმოფხვრილა „casus belli” -რუსეთს საელჩოები აქვს გახსნილი მისი მიერვე ოკუპირებულ, ცალმხრივად აღიარებულ კვაზი-პოლიტიკურ წარმონაქმნებში, დიპლომატიური ურთიერთობები, ანუ მშვიდობიანი ურთიერთდამოკიდებულებანი ვერ იქნება.

ამ ცხადი გარემოებების და სამართლებრივად სავსებით მკაფიო და უცველად ურყევი მდგომარეობის მიუხედავად, რადგან „მოდუს ვივენდი“ დიფუზიურობით გაუქმებულია, საქართველოსა და რუსეთს შორის „ჰიბრიდულ ომში“ ერთგვარი პაუზაა და ეს პაუზა მოკლედ ამ ტერმინით შეიძლება დახასიათდეს: „ჰიბრიდული ზავი“. ამ „ჰიბრიდული ზავის“ მთავარი პირობა შეუთანხმებლადაც, არსებული გარემოებების ძალით, სავსებით ცხადია: ვიდრე „მოდუს ვივენდი“ არ აღდგება მსოფლიოში, მხარეები თავს შეიკავებენ რაიმე ესკალაციისაგან და ეცდებიან ისეთი „მოდუს ოპერანდი“ გამონახონ, რომ თავიდან აირიდონ პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი. რუსეთმა იმიტომ, რომ არ მოუწიოს ორ ფრონტზე ბრძოლა და საქართველომ იმიტომ, რომ უკრაინის კატასტროფული ხვედრი და უარესიც, არ გაიზიაროს. რასაკვირველია, ეს შექმნილი გარემოებების გამო ორმხრივად კეთილგონივრულია, ეს კეთილგონივრულობა უთქმელადაც, დუმილის სახით გამოიხატება (არანაირი შეთანხმება ამის თაობაზე – არც ღია არც ფარული არ არსებობს), არც სტაბილურად მტრულ ურთიერთობებს არ წყვეტს და წესით, არც ზემოთ ნახსენებ „საიდუმლო შეთანხმებას“ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

მაშ რატომ არის ასე სისხლხორცეულად დაინტერესებული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში არეულ-დარეულობით და იმით, რომ ამ „დიფუზიურ ომში“ საქართველოც ჩაერთოს? პასუხი თითქოს ცხადია, რადგან სხვაგვარი ახსნა უბრალოდ არ არსებობს – საქართველო გამოყენებული იქნება ერთგვარ დამატებით „საწვავად“, რათა ესკალაციის ცეცხლი არ განელდეს და იმ დონზე იქნას შენარჩუნებული, რომ “დიდი ზავი” არ დაიდოს და რაიმე „მოდუს ვივენდი“ არ აღდგეს. თუ ვინიცობაა უკრაინის ომი დაცხრომისკენ წავა, ან ესკალაციის შესუსტების შანსი რეალური გახდება, საქართველოს აალება დასჭირდებათ, ამიტომ – ყველა პირობა ამისათვის მუდამ სახეზე უნდა იყოს.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. უფრო გასაგებად კი შეგიძლიათ გუშინ საზოგადოებრივ არხზე გადაცემა „თავისუფალ თემაში“ ბ-ნი ირაკლი კობახიძის გამოსვლას მოუსმინოთ. მას ეს “მძიმე” ტერმინები არ გამოუყენებია: არც „დიფუზია“ და არც „ჰიბრიდულობა“. უფრო მარტივად ახსნა ეს ყველაფერი. არადა, რთული მდგომარეობაა, ძალიან რთული. დიდი ნიჭი უნდა ამის მარტივად ახსნას. ბ-ნ ირაკლის ეს შესანიშნავად გამოსდის. სამწუხაროდ, მე ვერ ვახერხებ. იმიტომაც ვერ, რომ მინდა სირთულეს გაუსვა ხაზი. ის კი, რადგან პოლიტიკოსია – გამარტივებას, ამ უსაშინელესი კვანძის როგორმე გახსნას, ლამობს. ღმერთმა ხელი მოუმართოს!