“თბილისიდან 13-15 წლის მოზარდები ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან” – კალაძე

202
spot_img

ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში „შეხვედრა რაგბის ირგვლივ“, 2023 წლის 11 აგვისტოდან 21 აგვისტომდე, თბილისიდან, ნანტიდან, ზაარბრიუკენიდან და კარდიფიდან, 13-15 წლის 60-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

„ბანაკი პორტ-ბარბის ღია სივრცეში იფუნქციონირებს, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს. ახალგაზრდები კარვებში იცხოვრებენ. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისიდან ბანაკში 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი გაემგზავრება.

„ბანაკში გასამგზავრებლად უკვე ემზადება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შერჩეული 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი. ბანაკში მონაწილეობისთვის შერჩეულ თბილისელ მოზარდებს შორის არიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 15-ვე მოზარდისა და სამი თანმხლები ახალგაზრდული მუშაკის მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აფინანსებს.