Home Blog Page 1713

“რუსეთი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განიხილავს”

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოელი სატელიტები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს ქმნიან და ეს სავსეა კატასტროფული შედეგებით. უკიდურესად სახიფათო განვითარების ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები, კიევის რეჟიმს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს აცნობა, რომ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ბირთვული იარაღი გადაიტანონ.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტს დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განვიხილავთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების პირობებს განსაზღვრავს.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 38 წლის მამაკაცი ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ის კატოვიცეს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქუთაისიდან პოლონეთში გეგმური რეისით ჩავიდა.

მამაკაცს ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.

“MAP-ის მინიჭება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ზრდის, უმჯობესია იმავე წესით, დაჩქარებული ტემპებით მიიღონ საქართველო NATO-ში, როგორც მიიღეს შვედეთი და ფინეთი”- სალუქვაძე

2021 წლის კომუნიკე 2023 წლის კომუნიკესგან არაფრით განსხვავდება. ზუსტად იგივე ფრაზებია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, „მაპი“ არის გაწევრიანების შემადგენელი ნაწილი და ა.შ. ანუ, ეს სტანდარტული ფრაზები გასდევს ყველა კომუნიკეს წლების განმავლობაში, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ვილნიუსის ნატოს სამიტის შეფასებისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე მახსოვს 2018 წელს დავწერე სტატია, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოს „მაპი“ არ სჭირდება და ამას ვასაბუთებდი იმით, რომ ყველა შეფასებით, რასაც ნატო აკეთებდა, საქართველო შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, განსაკუთრებით ეს ჩვენს თავდაცვის ძალებს ეხება. „მაპიდან“ წევრობამდე შეიძლება წლების განმავლობაში იყო მოლოდინში. მაგრამ ის, რომ „მაპს“ განიჭებენ ეს უკვე არის მყარი სიგნალი იმისა, რომ ოდესმე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ზრდის რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს. ეს არის პირდაპირ წითელის ანთება რუსეთისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და უკვე უნდა ველოდოთ „მაპიდან“ წევრობამდე მორიგ საფრთხეს რუსეთისგან. ამიტომ ვამბობდი, რომ საქართველოსთვის უმჯობესია, რომ იმავე წესით, დაჩქარებული ტემპებით მიიღონ, როგორც მიიღეს შვედეთი და ფინეთი“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

ექსპერტი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებენ ნატოს გაფართოების და ამ კონტექსტში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

„თქვეს, რომ ამ განცხადების გამო არ მიიწვიეს ვილნიუსში. ეს მარტივად ბათილდება – პრემიერი ვიზიტით იყო რეიკიავიკში, სადაც ეს სიტყვა მაისში წარმოთქვა, მანამდე იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა წარმოდგენილი იქნებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრით. რაც შეეხება ფრაზას, თუ სწორად მახსოვს ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვეს შეკითხვა, რომ ღარიბაშვილმა თქვა, თითქოს ნატო საფრთხის შემცველია და ამის გამო აიწია თემა. იგივე თქვა სტოლტენბერგმა მანამდე, სამიტამდე. რაში გვჭირდება ეს განცხადებები – გავიხსენოთ პუტინის მუქარები და ულტიმატუმები. უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე ულტიმატუმები წაუყენა ნატოს – დაუბრუნდით 30 წლის წინანდელ საზღვრებსო. ანუ, პირდაპირ იყო დაფიქსირებული, თუ რის გამო იწყებდა ამ ომს. თითიდან გამოწოვილია და სირცხვილია, რომ ამ თემებზე მსჯელობა გვიწევს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

” სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში – იქნება!”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : “თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია – თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.

„ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ ნატო-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე – ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოლდოვა დსთ-ს დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს

მოლდოვა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) დატოვებისთვის პროცედურებს იწყებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიშენეუმ, დსთ-ს სამი შეთანხმების გაუქმება გადაწყვიტა.

პირველი შეთანხმება, რომლის დენონსაციასაც მოლდოვა აპირებს, ეხება დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, მეორე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას, ხოლო მესამე კი სასაზღვრო ძალებისთვის სპექტექნიკისა და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას.

ყველა ეს შეთანხმება 1990-იან წლებშია გაფორმებული. მოლდოვა დღემდე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მიმდინარე წლის თებერვალში თქვა, რომ მოლდოვა დსთ-ს ათობით ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს დაიწყებს.

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ.

„ორიოდე თვის წინ დასრულდა დონალდ ტრამპის რამდენიმეწლიანი დავა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთთან ტრამპის არალეგალური კავშირების შესახებ პოლიტიკური და იურიდიული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. აქედან ჩანს, რომ რუსეთთან კავშირის დაბრალება ლიბერალების საყვარელი იარაღია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში.

საქართველოში რუსული ფაქტორით მანიპულირება კიდევ უფრო იოლია იმ პირობებში, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. შესაბამისად, ყველაფერს, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მის საქმიანობას უკავშირდება, ქართველი ლიბერალები – ნაციონალები და მათი პატრონები უაპელაციოდ პრორუსულს და რუსულს არქმევენ.

მათი გადმოსახედიდან, რუსულია ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებს ემსახურება: რუსულია, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში მშვიდობას უფრთხილდება; რუსულია ბიძინა ივანიშვილი და მისი უპრეცედენტო, 3-მილიარდიანი ქველმოქმედება, რომლითაც უამრავი ქართული საქმე გაკეთდა; რუსულია მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო, თავად პატრიარქიც, რომელიც 45 წელია საქართველოს ემსახურება; რუსულია ერეკლე მეორე, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი; რუსულია იმის მტკიცება, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ოჯახური კავშირია; რუსული დეზინფორმაციაა ნებისმიერი სიმართლე, რომელიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს; რუსულია ქართული კანონი, რომელიც ამერიკული კანონის შერბილებული ვერსიაა, მეტიც, რუსულია თვით ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანიც; რუსულია, რომ ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით ქართული ეკონომიკა არ გაანადგურა; რუსულია საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელსაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დღიდან კიევი არცერთი წამით არ დაუტოვებია; რუსულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც, თუ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდება; რუსულია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო, მაგრამ თუ იმავეს ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, ეს უკვე დასავლურია; ისიც კი რუსულია, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსულ ტანკებს საქართველოში არ შემოუძღვა.

არარუსული და მედასავლეთე მხოლოდ უცხოური აგენტურაა, რომელიც გლობალური ომის პარტიის დაკვეთით ჯერ ხელისუფლების რიგებიდან ადამიანებს აწამებდა, აპატიმრებდა და ბიზნესებს ართმევდა, ტელევიზიებს იტაცებდა და 2008 წელს რუსულ ტანკებს საქართველოში შემოუძღვა, ხოლო ახლა ოპოზიციის რიგებიდან ცდილობს ქვეყანა არიოს და საქართველოში მეორე ფრონტი გააჩაღოს.

ლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, ამქვეყნად ყველაფერი ან პრორუსულია ან პროდასავლური. მათ ლექსიკონში ქართულისთვის სივრცე საერთოდ არ რჩება. უსამშობლო ე.წ. ლიბერალებს შესაძლოა მართლა ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს სამშობლოზე გული შეიძლება შესტკიოდეს და გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით იღებდეს.

ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მარტივი მანიპულაციაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებაა, რაც აუცილებლად ქვეყანაში რუსული ტანკების შემოსვლით დასრულდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ამ კამპანიას ე.წ. ლიბერალები დასავლეთის სახელით და ხშირად დასავლური დაფინანსებით აწარმოებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ივლისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც გამოიდარებს. დღისით +30, ღამის ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +20 ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

“ზელენსკიმ დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა ქვეყანას” -ალეკო ელისაშვილი

ზელენსკიმ დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა ქვეყანას…მოწოდება მექნება მასთან, რომ სააკაშვილი არ არის საქართველო და მხოლოდ სააკაშვილის ქომაგობა არ არის საქართველოს ქომაგობა”,- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“პინგ-პონგი აქვს “ქართულ ოცნებასა” და ზელენსკის მთავრობას, რომელი უფრო მეტ საზიზღრობას გააკეთებს და იტყვის ერთმანეთზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და ფრაზა, რომ ჩვენ მაინც ვრჩებით უკრაინის მხარდამჭერად, იყო ძალიან ადეკვატური იმიტომ, რომ სინამდვილეში, ზელენსკიმ დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა ქვეყანას.

ელჩს რომ მოკიდებენ ქეჩოში ხელს, პანჩურს ამოარტყამენ და გამოაგდებენ, ამის მომდევნო ნაბიჯია ომი ხოლმე – ომის წინ ხდება ასეთი რაღაც. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის. ზელენსკის ახლა აკრეფილი აქვს “ქართულ ოცნებაზე” როგორც ჩანს და მთავარი “შემჩიჩხინებელი” საქართველოს საკითხებში ჰყავს ბატონი არახამია, რომელიც მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება.

ზელენსკი ახლა არ ზის და ქართულად გადაცემებს არ უყურებს, მაგრამ ვინმე თუ უთარგმნის,  ჩემი გულითადი თხოვნა იქნება ადამიანისადმი, რომლითაც ვარ აღტაცებული და არ მეგონა, ასეთი ვაჟკაცი თუ იყო ზელენსკი, კერკეტი კაკალი გამოდგა, ვიყავი და ვარ მისით აღტაცებული, რჩევა და მოწოდება მექნება მასთან, რომ სააკაშვილი არ არის საქართველო და მხოლოდ სააკაშვილის ქომაგობა არ არის საქართველოს ქომაგობა. ნახევარ საქართველოს მაინც სძულს სააკაშვილი. მით უფრო იქ არ ჰყავდათ კაცო სააკაშვილი, ან გამოეპარათ ან გამოაპარეს, ამას ხომ არ ვიგონებ, მათი საზღვარიც ხომ გადმოლახა უკანონოდ?” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

13 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი” ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო გოძიაშვილის, ციალა გაბაშვილის, გელოვანის, ირაკლი ფარჯიანის,  თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის,  არზაყან (დიმიტრი) ემხვარის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე  ქავთარაძის, თავხელიძის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), თოლენჯის, ხარაბაძის, წალენჯიხის, ყვარლის, უორდროპის, ჯავადის, მეგობრობის, ლაისტის, აფშინაშვილის, ბაჟანის, წულაძის, დოლიძის, ციხისძირის, დიდგორის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, სოლომონ დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის და იან პრიბილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლაზოს, ალექსანდრე წერეთელის, გელა ჭედიას, შუშის, ელვერ კუპატაძის, რომან ჭელიძის, მონასტრის, ილორის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, წყალსადენის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედანის (ნაწილობრივ), ზანდუკელის, მაყაშვილის, ჭოველიძის, ივანე კერესელიძის, დავით თორაძის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), კრწანისის, ბერძნის, ეფრემ მცირეს, გორგასალის, მეფე სოლომონ II, წინანაურის, მარტვილის, მანანა მელქაძის, ოპრეთის, ნადიკვარის, სულიკო  თორთლაძის, ბეჟან კალანდაძის, რუსუდან მეფისაშვილის, ნოდარ ტაბიძის, შოთა ნიშნიანიძის, იოსებ გრიშაშვილის, ორთაჭალის, ჩხეიძის, ნუგზარ შატაიძის, ერისთავის, ხივინის, ალადაშვილის და ერევნის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 VI მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, რევაზ ურიდიას, მიქატაძის, აკაკი სურგულაძის, კიკნაძის, ნოე ჩხიკვაძის, ნოვოროსიისკის, ვახტანგ მახალდიანის, ჭყონდიდელის, ეროსი მანჯგალაძის, თოფურიძე ვალენტინის, ალილუევის, ხუდადოვის, ოლგა კონსკაიას და ჩოხატაურის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კამალოვის, კახიანის, კიკნაძის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის, რევაზ ურიდიას, სართანიას, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის, ლადო მესხიშვილი, მიქატაძის, ლევან ქართლელიშვილის, კობალაძის, მესხიშვილის, ავთანდილ მანაგაძის და პლატონ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი – ეს ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში”- ჯო ბაიდენი

საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი – ისეთი, რომელიც თავისუფალია.

„ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი… და ეს ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, ყველგან. არა მხოლოდ უკრაინაში – ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა ადგილში, სადაც ხალხი ბრძოლას აგრძელებს იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილ იყოს. ასე რომ, ამაღამ ყველა თქვენგანისთვის ჩემი “მესიჯია” – გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა წარმოადგენს, და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ბაიდენმა.

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საუკეთესო სტრატეგია ის იქნება, რომ დინებას მიჰყვეთ. მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას ნუ დაგეგმავთ, რადგან გარემოებები სწრაფად იცვლება და ბევრი იმპროვიზაცია დაგჭირდებათ. ამ დღეს ინდივიდუალურ მუშაობაზე გაცილებით ნაყოფიერი იქნება თანამოაზრეთა გუნდთან ერთად მუშაობა.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი საქმე მოსალოდნელი შედეგის სრული გააზრებით უნდა აკეთოთ და მთელი პროცესი აკონტროლოთ. სასურველი შედეგის მიღებას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კოლეგებთან კომუნიკაცია დროებით შეზღუდოთ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადადოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დროა დაწყებული საქმეების დასრულების, შედეგების შეჯამებისა და საბუთებზე ხელმოწერისთვის. ამის შემდეგ ახალი პროექტის დაწყება და ყურადღების სხვა საქმეებზე გადატანა გაცილებით ადვილი იქნება. გონივრულად შედგენილი სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ, რომ მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

კირჩხიბი

გარშემომყოფები მუდმივად დახმარებას გთხოვენ და ყურადღებას გიფანტავენ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. მეგობრებს უნდა დაეხმაროთ, მაგრამ არც თქვენი პირდაპირი მოვალეობები უნდა დაივიწყოთ. ეს დღეს მსუბუქი საქმეების კეთებისთვის ხელსაყრელია, ამიტომ სერიოზული საკითხები სხვა დღისთვის უნდა გადადოთ.

ლომი

შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძოთ – ნერვული სტრესი ან ხანგრძლივი მუშაობა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. თუ შესაძლებელია, დატვირთვა შეამცირეთ და საკუთარ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციეთ. ამ დღეს მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები წარმატებული იქნება.

ქალწული

არახელსაყრელი და ემოციურად დაძაბული დღეა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რთულ საკითხებსა და მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწიოთ, ამიტომ გირჩევთ ყველა სერიოზული საქმე ხვალისთვის გადადოთ. საქმისგან განსხვავებით, პირად ცხოვრებაზე არაფერი გაქვთ სანერვიულო.

სასწორი

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ ეცადეთ, მათ შორის ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი აირჩიოთ და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანოთ. ახალი პროექტების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს – ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახლა მათ ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას ვერ შეძლებთ და შუა გზაზე გაჩერებით.

მორიელი

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელოთ. ეს შეცდომების თავიდან აცილებასა და თავდაჯერებულად მოქმედებაში დაგეხმარებათ. დროა, დაასრულოთ დიდი ხნის დაწყებული და თაროზე შემოდებული საქმე, რომელიც ყურადღებას გიფანტავთ.

მშვილდოსანი

დღევანდელ პრობლემებს თანამოაზრეთა გუნდის ან ძველი მეგობრების დახმარებით ადვილად მოაგვარებთ. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ – შეგიძლიათ საკუთარ სიმართლეში კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი დაარწმუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

თხის რქა

ამ დღეს გამუდმებით წვრილმანი პრობლემები იქმნება, რაც თითქმის მთელს თქვენს სამუშაო დროს წაგართმევთ. არადა, დილიდან ოცნებებში დაფრინავთ და მონოტონური, უინტერესო საქმის კეთება გიჭირთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანებისთვის დრო გამონახოთ და, თუ საჭიროა, პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროთ.

მერწყული

თუ გსურთ ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელოთ, ეცადეთ, პოზიტიურად აზროვნება ისწავლოთ და სასურველი შედეგისთვის განეწყოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა დღის მანძილზე დაგროვილმა სტრესმა სამსახურსა და პირად ურთიერთობებში ხელი არ შეგიშალოთ.

თევზები

შესაძლოა, ბოლო დროს საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ვალდებულება აიღეთ. გირჩევთ, საქმეები კოლეგებს გაუნაწილოთ. ისინი საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებიან და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ურთიერთობაში მეტი ტაქტი და თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ – ეს სასურველის სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ. საღამო თავის მოვლას და პირად საქმეებს უნდა დაუთმოთ.

„ვაგნერმა“ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკა გადასცა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ „ვაგნერის“ კუთვნილი ორი ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, გადაცემულ აღჭურვილობასა და იარაღს შორისა არის ასობით ტანკი, „გრადი“ და „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, „პანცირის“ სარაკეტო სისტემა, თვითმავალი საარტილერიო სამაგრები, ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა.

უწყების ინფორმაციით, ჩამოთვლილი აღჭურვილობისა და იარაღის ათეულობით ელემენტი საბრძოლო პირობებში არასდროს ყოფილა გამოყენებული.

გარდა ამისა, არმიამ „ვაგნერელებისგან“ მიიღო 2500 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა და დაახლოებით 20 000 მცირე ზომის იარაღი.

„ყველა ტექნიკა და იარაღი მიტანილია ზურგის ზონებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სარემონტო-აღდგენითი განყოფილებები ახორციელებენ ტექნიკურ მოვლას და გამოსაყენებლად მომზადებას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.