Home Blog Page 1712

“პრეზიდენტის მთავრობასთან დაპირისპირების საკითხი იქნებოდა, რომ სტრასბურგში გვარამიასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ღრმაა და პრეზიდენტს არ უნდა, რომ მთავრობასთან დაპირისპირების ფონზე ბიძინა ივანიშვილს აწყენინოს.

მისი თქმით, დაპირიპირების ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში გვარამიასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო.

„რასაც ორივე მხრიდან ვისმენთ, ეს უნდა დავინახოთ, როგორც აისბერგის წვერი. როგორც ჩანს, სინამდვილეში დაპირისპირება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უფრო ღრმაა. პრეზიდენტს არ უნდა, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ბიძინა ივანიშვილს აწყენინოს. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საკითხი იქნებოდა პრეზიდენტი სტრასბურგში კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩასულიყო გვარამიასთან დაკავშირებით. არ შეიწყალა, რაზე უნდა ესაუბრა, არ იცოდა და შესაბამისად, გადაწყვიტა და საერთოდ არ წავიდა. ეს არის ჩემი ვერსია ამ მოვლენების ახსნის. სალომე ზურაბიშვილი თუ გაბედულ ნაბიჯებს არ გადადგამს, პატივისცემას ვერ მოიპოვებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.

“იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში”

იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში, თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების სტრასბურგში გამგზავრებაზე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„თქვენ იცით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან კომუნიკაცია, მათ შორის, ჩვენთანაც. იცით და ვადასტურებ, რომ ეს იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები მასთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში. თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები. თუმცა, ჩვენ ამ იდეას თავიდანვე მივესალმეთ. ზოგადად, ჩვენს გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გაგვიწყვეტია მას შემდეგ, რაც დავტოვეთ ხელისუფლება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, შეხვედრები იყო, რომელსაც ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა, როგორც იცით. დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, თუმცა, იმედია ეს იდეა განხორციელდება, რადგან მრავალპარტიული წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ვისურვებდი, ჩართული იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი ამ ღონისძიებაში, მიუხედავად ყველაფრისა. მე არ ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებები არ შედგა, მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უნდა დაველოდოთ, რომ გაირკვეს ეს ყველაფერი, მანამდე არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ მთავრობას შეუშლია ხელი მისთვის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში მისი გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.

“ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს.

როგორც კახა კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ენას, რომელიც იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

„ქართული ენა- ენა, რომელიც გამოიხატავს ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას. ქართული ენა- ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს. დღესაც, ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. გილოცავთ დედაენის დღეს“, – წერს კახა კალაძე.

“კეზერაშვილს ახოცავენ ხელს და გამოჰყავთ ერთადერთ დამნაშავედ, მან უნდა იფიქროს საპროცესო გარიგებაზე და გახსნას მთელი სქემა”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმს ეხმაურება და ამბობს, რომ დანაშაულს სავარაუდოდ, ხელისუფლებამდე მივყავართ და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ, კეზერაშვილი ერთადერთ დამნაშავედ გამოჰყავთ.

არასდროს მქონია კავშირი ე.წ. ქოლ ცენტრებთან, BBC-სთან ბევრი შეკითხვა მაქვს – დავით კეზერაშვილი

ხუხაშვილის თქმით, კეზერაშვილმა უნდა იფიქროს დასავლურ საგამოძიებო სტრუქტურებთან საპროცესო გარიგებაზე და „გახსნას მთელი სქემა“.

„კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ”ბიზნესს”. იცის ყველა ფიგურანტი და ყველა სისტემა, რომელიც ამ ბინძური საქმით იყო და შესაძლოა დღესაც არის დაკავებული. ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა. სწორად ის ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახოცავს ახლა ხელს მას, აქცევს განტევების ვაცად და გამოჰყავს ერთადერთ დამნაშავედ. სინამდვილეში, ვფიქრობ დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და უკავშირდება ხელისუფლებას. ამაზე კარგს ის ამ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

“გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა” – პაპუაშვილი კლერ ბაზი მალორის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილს უგზავნის და სთხოვს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.

როგორც წერილშია აღნიშნული, მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

პაპუაშვილმა კომისიის მოსაზრების დაჩქარებულად წარმოდგენის საჭიროების ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგი დაასახელა.

„თქვენო აღმატებულებავ,

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ” საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.

ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.

მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.

აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშაოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე.

გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა,“ – აღნიშნულია პაპუაშვილის მიერ კლერ ბაზი მალორისდამი მიწერ წერილში.

„ლივერპულმა“, შესაძლოა, კვარაცხელიაში „ნაპოლის“ 130 მილიონი ევრო შესთავაზოს

„ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველის ანგარიშზე 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. შესაძლოა, „ლივერპულმა“ თავდამსხმელისთვის „ნაპოლის“ 130 მილიონი ევრო შესთავაზოს – ინფორმაციას Fichajes-ი ავრცელებს.

„22 წლის გარემარბი განსაკუთრებულ ფორმაშია და მისმა შესანიშნავმა გამოსვლამ იტალიასა და ევროპაში არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.

„ლივერპული“ მოხიბლულია ქართველი ფეხბურთელის შეძენის იდეით და შესაძლოა, სეზონის ბოლოს სოლიდური ფინანსური შეთავაზება წარადგინოს. ინგლისელებს შეუძლიათ 22 წლის მარცხენა გარემარბში იტალიელებს რეკორდული, 130 მილიონი ევრო შესთავაზონ.

კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა, იგი „ლივერპულისთვის“, შესაძლოა, სენსაციური შენაძენი გახდეს. მას აქვს უნარები, მერსისაიდელთა შეტევა გააძლიეროს, იურგენ კლოპის გუნდს ტემპი, არაპროგნოზირებადობა და გოლები შემატოს.

22 წლის მოთამაშე ამ სეზონში იტალიური კლუბის მთავარი ფიგურაა. ის „ნაპოლის“ დაეხმარა იტალიის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში ასვლასა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაში“, – წერია Fichajes-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და მარინკასათვის გრძელდება”- ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 415-ე დღე

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 181 090-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 650 ტანკს, 7 069 ჯავშანტექნიკას, 2 784 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 640 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 339 უპილოტო საფრენ აპარატს, 321 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას.

დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსები ფრონტის ოთხი მიმართულებით -ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით წინსვლის მცდელობას აგრძლებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

“ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და მარინკასათვის გრძელდება. გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების კოორდინირებული მოქმედებებისა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობის წყალობით, მტრის 49 თავდასხმის მოგერიება მოხდა”, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს დიბროვას და ბელოგოროვკას დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ბახმუტის მიმართულებით, მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქისთვის. გარდა ამისა, რუსებმა წარუმატებლად შეუტიეს ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს მიდამოებს.

„ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა არმიამ სცადა შეტევა სევერნის მიმართულებით, ამავდროულად დაბომბა მიმდებარე დასახლებები. მარინკას მიმართულებით, უკრაინელ დამცველებს მტრის უამრავი თავდასხმის მოგერიება მოუწიათ“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ფრონტის სხვა ნაწილებზე შედარებით სიმშვიდე იყო და მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმის მცდელობა არ დაფიქსირებულა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვთ.

„ჩვენთვის ცნობილია ყველა პროცესი, რომელიც ფრონტზე მიმდინარეობს. პრეზიდენტს ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს სამხედრო გეგმებს, ისინი მაშინ გახდება ცნობილი, როცა შესაბამისი გზით დამტკიცდება. ეს ყველაფერი გადაწყდება ბოლო მომენტში, როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება“, – აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს „ფრონტზე მოვლენების განვითარების არა ერთი, ორი, სამი ან ოთხი ვარიანტი აქვთ, რადგან ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელიც ყოველდღიურად ფასდება“.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განმარტებით, არსებობს გაგება უკრაინის მთელი ტერიტორიის 1991 წლის საზღვრამდე გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.

“ჩვენ არ გვაქვს “კონტრშეტევის” ინტერპრეტაცია. გვაქვს გაგება, რომ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, 1991 წლის მდგომარეობის ჩათვლით. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ამას არ გააკეთებენ, ომის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში სამხედრო კაბინეტზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, იმსჯელეს ფრონტის ხაზის მართვასა და უკრაინის აქტიურ მოქმედებებზე.

„დღეს ჩვენ ჩავატარეთ სამხედრო კაბინეტი, მუშაობის სპეციალური ფორმატი ჩვენი თავდაცვის სექტორის ხელმძღვანელებთან, ჩვენს მეთაურებთან, დაზვერვასთან და ოფისთან. განვიხილეთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა ფრონტის ხაზის მართვისთვის და უკრაინის აქტიური მოქმედებების უზრუნველსაყოფად, ჩვენი სახელმწიფოს რუსული ტერორისგან დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აქტიური მოქმედებები დააანონსა.

„ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი. ბიჭებს ვამზადებთ. ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს და მაქსიმალურად ვუახლოვდებით გამარჯვებას. მაქსიმალურად – ერთიანობის სული. მაქსიმალური ეფექტურობა და მაქსიმალური მომზადება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“45 წლის წინ თქვენ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს ვერავინ წაგართმევთ”

გაერო-ში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა, – ამის შესახებ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული.

„გაეროში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“.

45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.

გილოცავთ დედაენის დღეს!“ – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მილოცვაში.

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ მაზანაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

” ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტს ავრცელებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, დედაენა თითოეული ქართველისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია.

მისი თქმით, 1978 წლის 14 აპრილი საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია, რადგან ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.

„1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.

დედაენა თითოეული ჩვენგანისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ ქართული ენით და მწიგნობრობით, რომელსაც ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ისტორია გააჩნია. ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16 საუკუნოვანი გამოცდილება. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

“14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ” – ირაკლი ღარიბაშვილი

14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ, მათ მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

“წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია. ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისათვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა.

14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ.

ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე – წითელი პარასკევია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.

ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე ტარდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება სადგამი, “საფლავი”. სასულიერო პირები კი მსახურების დროს საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

ტაძარში ერთხელ შემოტარების შემდეგ გარდამოხსნას სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, როგორც სიმბოლო აღდგომამდე მაცხოვარის სამი დღე საფლავში ყოფნისა.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეცაა. მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.

ამასთან, მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, უფლის მოწაფეები საქადაგებლად სხვადასხვა ადგილას გაემგზავრნენ, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. არსებობს გადმოცემა, რომ საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.