Home Blog Page 1710

“საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ”

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი ათენში ჩავიდა, სადაც ის ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იქნება.

„მიხარია ათენში რომ ვარ, რათა განვიხილოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გავაგრძელებთ ბარიერების მოხნას ჩვენს რეგიონებს შორის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

უკრაინული მედია წერს, რომ ათენში ასევე ელოდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სადაც ის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით ჩავა.

“ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებისას შესაძლო მანიპულაციებზე ისაუბრა.

აბაშიძის თქმით, ელჩს დიპლომატიური ხაზები არაერთხელ გადაუკვეთავს. მისი განმარტებით, დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის დაძლევასა და ამომრჩეველთა ხმების დათვლაზე ცინიკურია იმ ფონზე, როცა თავად აშშ-ში პოლარიზაციამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ხოლო 2020 წლის არჩევნები ეუთო/ოდირმა ნეგატიურად შეაფასა.

„მოკლე კონტენტ-ანალიზი წარმავალი, დიპლომატიური ხაზებს მრავალჯერ გადაკვეთილი ელჩი კელი დეგნანის ინტერვიუდან:

“ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი”.

უხერხული და ცინიზმია აშშ-ის წარმომადგენლისგან საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე ნოტაციები, როცა მის ქვეყანაში დაპირისპირებამ, პოლარიზაციამ, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ უპრეცედენტოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

“ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი”.

რას ნიშნავს ამომრჩეველთა ხმების დათვლის უზრუნველყოფა? დეგნანი ცესკოს არ ენდობა თუ საარჩევნო პროცესებს, რომლებსაც ნეიტრალურმა საერთაშორისო შემფასებლებმა არაერთგზის დადებითი შეფასება მისცეს?! ხმების დათვლის უზრუნველყოფა ცესკოს მეტ ობსტრუქციას და პოლიციელებთან უფრო მწვავე დაპირისპირებას ხომ არ ნიშნავს? კვლაც უხერხული და ცინიზმია აშშ-ის ამ კონკრეტული წარმომადგენლისგან ჩვენი ბიულეტენების დათვლაზე საუბარი, როცა მისი ქვეყნის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ეუთო/ოდირმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა, ხოლო რიგმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა პროცესს უწოდეს მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარესი.

ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით, რადგან მიკერძოებული და ანგაჟირებული სუბიექტი არცერთ ქვეყანაში იმსახურებს საყოველთაო სიმპათიას“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

“ეტყობა, სააკაშვილს პარტიულმა ადამიანებმა იმედები ვერ გაუმართლეს და ახლა სოფო ჯაფარიძეს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება” – გია ცაგარეიშვილი

ეტყობა, სააკაშვილს პარტიულმა ადამიანებმა იმედები ვერ გაუმართლეს და ახლა სოფო ჯაფარიძეს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება ქალაქებსა თუ სოფლებში, თავიდან ბოლომდე კომიკური სიტუაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაკარგული აქვს თავისივე განცხადების საფუძველზე და მას არც აქტიურ და არც პასიურ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ აქვს.

„ეტყობა, პატიმარი სააკაშვილის სულმა რეიკარნაცია განიცადა ქალბატონ სოფოში. ვერ გეტყვით, ეს რა პროცესია. ეტყობა, პარტიულმა ადამიანებმა ვერ გაუმართლეს იმედები ბატონ სააკაშვილს და ახლა კონკრეტულად ამ ადამიანს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება ქალაქებსა თუ სოფლებში. თავიდან ბოლომდე კომიკური სიტუაციაა და არავითარი შედეგის მომტანი ეს არ იქნება. დააკვირდით პატიმარი სააკაშვილის განცხადებების დინამიკას, შეიძლება, მომავალ კვირას გააკეთოს განცხადება, რომ ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას და უკრაინის მოქალაქეა, აუცილებლად დაეხსნება საპატიმროს, წავა უკრაინაში და გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას. ერთი კვირა გაივლის და იტყვის, რომ მისი ადგილი აქ არის, ეს არის მისი ჯვარი და მისია. გავა ერთი თვე და იტყვის, არა, ისევ უკრაინაში ხედავს თავის თავს ოდესის გუბერნატორად ან რომელიმე სახლის სახურავზე მორბენალი. შემდეგ იტყვის, რომ არა, საქართველოში უნდა მას პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. ეს პოლიტიკური მეტეორიზმი მუდმივად ხდება მის თავს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, უნდა ქალბატონმა სოფომ იაროს კარდაკარ, უნდა ხაბეიშვილმა, უნდა რომელიმე სხვა ლიდერმა იაროს. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს. ისიც თავიდან ბოლომდე მანიპულაცია და სიყალბეა, რასაც მისი მშობელიც ავრცელებს და თავად ეს ვაჟბატონიც ავრცელებს ხოლმე საპატიმროდან, როდესაც ამბობს, რომ მე წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა. სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის წაურთმევია. პრეზიდენტ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მას უნდოდა ოდესის გუბერნატორობა და გამორიცხული იყო, უკრაინის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეკავა ადმინისტრაციული თანამდებობა და პოლიტიკური თანამდებობა უკრაინაში. ამიტომ მან გამოაგზავნა განცხადება, უარყო საქართველოს მოქალაქეობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და მყისიერად, ფაქტობრივად, მეორე დღეს დაინიშნა ოდესის გუბერნატორად. ახლა რატომ უნდა, შეთხზას რაღაც ლეგენდა, რომ თურმე ის არის დევნილი და მას მოქალაქეობა წაართვეს. არავის წაურთმევია მისთვის მოქალაქეობა. გამომდინარე აქედან, უნდა ქალბატონმა სოფომ იაროს, უნდა სხვამ იაროს ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა დაკარგული აქვს თავისივე განცხადების საფუძველზე და მას არც აქტიურ და არც პასიურ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ აქვს. ასეა ჩვენი კანონმდებლობით, ეს არის ევროპული სტანდარტით და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

სოფო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.

“ოპოზიცია გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული როგორც არჩევნებში, ასევე ასეთ კამპანიებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„უფრო კონკრეტულად:

1. ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების გარდა (მათ შორის კელი დეგნანი), კატეგორიულად ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმება იქმნებოდა. შესაბამისად შეთანხმებაში ეს დათქმა მოხვდა.2. შეთანხმების გარეშეც, წლებია ოპოზიცია ითხოვს არჩევნების დროს ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობას. უამრავი განცხადება და რეკომენდაციაა ამ თემაზე.
3. კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომელსაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი.
4. ელექტრონული არჩევნების დროს:
ა) არ იქნება დისტანციურად ხმის მიცემა!
ბ) ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო უბანზე, ელექტრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც არ არის მიერთებული ქსელთან!
გ) შედეგის გადაკონტროლება ხდება ბიულეტენების ხელით გადათვლით!
კითხვა: ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს მანიპულაცია, თუ აპარატი არც ქსელშია ჩართული, არც მოქალაქე აძლევს დისტანციურად ხმას და გადათვლა ხელითაც ხდება? თუ ვინმე მანიპულაციაზე მანიპულაციურად საუბრობს, ესეც უნდა ახსნას…
5. ცრუ ნარატივებით ნასაზრდოები, სასოწარკვეთილი პოლიტიკური ჯგუფები წინასწარვე ხვდებიან გარდაუვალ მარცხს. ამავდროულად იციან, რომელიმე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებას ან არჩევნების სხვა სახით მადისკრედიტირებელ, აგენტურულ სპეცოპერაციას აზრი აღარ ექნება.

შეიძლება მეხუთე სიმბოლური პუნქტი იყოს სწორი პასუხი, ყველაფერზე“, – წერს მამუკა მდინარაძე.

“სარჯველაძეს ჰგონია, შალვა პაპუაშვილთან ერთად ექსკავატორზე რომ ავმძვრალიყავით, ამით რამე უკეთეს ცოდნას მივიღებდით?!”

სარჯველაძეს ჰგონია, ჩვენ მაგალითად, შალვა პაპუაშვილთან ერთად ექსკავატორზე რომ ავმძვრალიყავით, ამით რამე უკეთეს ცოდნას მივიღებდით?! – ასე ეხმიანება „გირჩის” დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას, რომ ოპოზიცია, რომელიც შოვის ტრაგედიაზე ხმამაღლა საუბრობს, შოვში არ ყოფილა, სადაც შეიძლება კითხვებზე პასუხები მიეღო ან პირიქით, მეტი კითხვა გასჩენოდა.
რაქვიაშვილის თქმით, მათ “ქართული ოცნების” სპექტაკლში მონაწილეობა არ მიუღიათ და შოვში ჩასვლაზე არ უფიქრიათ.
„მგონი, არ ესმით, რა არის არის საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია არ გამოიძიებს ტექნიკურ ქმედებებს მაშველების, პილოტების და ა.შ. პროკურორები შეიძლება არ იყვნენ ადგილზე, მაგრამ გამოიძიონ მოწმეების (გამოკითხვის), დოკუმენტების გაცნობის შედეგად. საგამოძიებო კომისია სხვა რამით არის დაკავებული და უცნაურია, რომ პარლამენტარებმა ეს არ იციან.
ის, რომ “ქართული ოცნების” სპექტაკლში მონაწილეობას არ იღებდა ოპოზიციის ნაწილი (თუმცა, მგონი ვიღაცები იყვნენ იქ), ჩვენ არც კი გვიფიქრია იქ წასვლა, რადგან ცხადია, რომ იქ მაშველების საქმეა და მგონი, “ქართული ოცნების” ლიდერები ხელს უშლიდნენ პირიქით, თუ ეს განსაკუთრებული მიღწევაა, „ოქეი,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6192 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6192 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6219 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8547 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“მინდა „დავამშვიდო“ ხატია დეკანოიძე და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი ბრძოლა არ წაუგია” – თამარ ჩიბურდანიძე

უპრეცედენტო იყო ჩვენი მოძრაობის დაფუძნება ქართულ პოლიტიკაში. მოულოდნელი მეხის გავარდნა იყო ბევრისთვის, ვინც ცდილობდა ქართველი ხალხის მოტყუებას, გამანადგურებელ ომში ქვეყნის შეთრევასა და სიყალბის სიმართლედ გასაღებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციამ აშკარად გაიაზრა, რომ „ხალხის ძალა“ მათი ღირსეული მეტოქეა, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ მოძრაობას ჯერ მუშაობა არ დაუწყია და მათი საქმიანობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ პროლოგი იყო.

„მესმის და ვიზიარებ ოპოზიციის წუხილს „ხალხის ძალის“ სამართლიანი მოთხოვნის გამო, რომ ამერიკის მსგავსად საქართველოშიც კანონიერი პასუხი გაეცეთ არჩევნების გამყალბებლებს. ეს აუცილებლად მოხდება, როგორც არ უნდა შეშფოთდეს თუ აღშფოთდეს ჩვენი ოპოზიცია თავისი უცხოელი ლობისტებით. ამით კი დაზღვეული იქნება მოახლოებული არჩევნები გაყალბებისგან, რისთვის მზადებაც უკვე დაწყებულია ოპოზიციასა და მათ ენჯეოებში.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის მხრიდან „ხალხის ძალის“ შეფასებას, მის ადგილას უფრო დაკვირვებული ვიქნებოდი, რადგან მის სიტყვებში აშკარად იკვეთება შიში იმ მოსალოდნელ რეალობაზე, რასაც მოახლოებულ არჩევნებზე მიიღებენ სწორედ „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შედეგად. ჩვენი მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, რომ მათთვის მწარე სიმართლე, ხალხისთვის კი აუცილებელი რეალობა გამოააშკარაოს. ბუნებრივია, ეს მტკივნეულია ისედაც სახედაკარგული ოპოზიციისთვის. „ხალხის ძალის“ ატანა მათთვის ნამდვილად ძნელია.

უპრეცედენტო იყო ჩვენი მოძრაობის დაფუძნება ქართულ პოლიტიკაში. მოულოდნელი მეხის გავარდნა იყო ბევრისთვის, ვინც ცდილობდა ქართველი ხალხის მოტყუებას, გამანადგურებელ ომში ქვეყნის შეთრევასა და სიყალბის სიმართლედ გასაღებას.

რაც შეეხება „ხალხის ძალის“ ერთწლიან მოღვაწეობას, თუნდაც იმ ერთი ამერიკული კანონით, რომელიც თავად ამერიკის ელჩმა დიდი შანტაჟით ჩააგდო საქართველოში, ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიუღებელმა კანონმა მიღებულ კანონზე მეტი გააკეთა.

მინდა „დავამშვიდო“ ხატია დეკანოიძე და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ არც ერთი ბრძოლა არ წაუგია და თუკი ისინი „ხალხის ძალს“ მის მიერ დაფუძნებულად თვლიან, მაშინ სწორად უგრძნიათ მათთვის მოახლოებული საშიშროება, ქვეყნისთვის კი კიდევ ერთი დიდი გადარჩენა.

როგორც ჩანს, ოპოზიციამ არ იცის, რომ „ხალხის ძალას“ ჯერ არ დაუწყია მუშაობა, ეს მხოლოდ პროლოგი იყო“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“არ მგონია, პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

არ მგონია, პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს. ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, იმედი არ აქვს, რომ ფინანსების გაკონტროლება რამე კარგს მოიტანს.

„ჩვენს ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომ ყველა პარტია არღვევს მას. არცერთი პარტია – ჩვენით დაწყებული, „ქართული ოცნებით“ დამთავრებული – ლეგალურად არ მუშაობს. თუ საჭირო იქნება, შეიძლება, ყველა დააჯარიმო და დახურო კიდეც, იმხელა ძალაუფლება აქვს სახელმწიფო აუდიტს და შემდეგ ექნება ახალ სააგენტოს, ანტიკორუფციულ ბიუროს, სადაც ეს უფლებამოსილება გადადის. არ მგონია, სერიოზული იყოს და პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს. ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს. ვიდრე არ გავაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი პარტიის გაუქმება შეიძლება – მთავრობას ისეთი ძალაუფლება აქვს – და არ ვიფიქრებთ, რომ კანონმდებლობა შევცვალოთ, ეს რისკი სულ იარსებებს. პრობლემა ისაა, რომ, ჩვენ გარდა, არცერთი ოპოზიციური პარტია არ ითხოვს ამ კანონმდებლობის შეცლას. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტიების ფინანსები ასე უნდა კონტროლირდებოდეს. საქართველოში როცა ვენეციის კომისია იყო და ვთხოვეთ, კანონმდებლობა შეგვეცვალა, ოპოზიციიდან მხარი არავინ დაგვიჭირა. უცნაური სიტუაციაა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარტიების ფინანსები უნდა კონტროლირდებოდეს. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ფინანსების გაკონტროლება რამე კარგს მოიტანს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვერ არიან კარგად, სოფო ჯაფარიძე დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის, რომელ პარტიას წარმოადგენს? – ირაკლი ზარქუა

ვერ არიან კარგად, სოფო ჯაფარიძე დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის, – ასე გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუა, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

„ვერ არიან კარგად, ამით შეიძლება შეფასდეს ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი. პატივცემული სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და კეთილი ინებოს, პატივი სცეს ამ ქვეყნის კონსტიტუციას. ახლა ხომ მაინც შეუძლოა, მოინანიოს და ერთხელ მაინც გადადგას ადეკვატური, საქართველოს ინტერესებისა და კანონმდებლობის შესაბამისი ნაბიჯი. სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა.

რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ეს გოგო მეცოდება, მის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ახლა წარმომადგენლად დანიშნა. აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? რომელ პარტიას წარმოადგენს, ეს რომ დადის და წამდაუწუმ სააკაშვილს, ბელადს ახსენებენ? სამი ფრთაა, რომელიც სააკაშვილის სახელს იყენებს და ამბობენ, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი განუყოფელი ნაწილიაო. ამ დროს სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ნიშნავს ქალბატონ ჯაფარიძეს, რომელმაც უნდა მოიაროს მთელი საქართველო. არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მცდელობა აქვთ. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე?

მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და სამი წარმომადგენელი მოვა თქვენთან, მაგრამ დაუჯერეთ სოფო ჯაფარიძეს, რადგან სოფო ჯაფარიძე არის წარმომადგენელი სააკაშვილის, რომელიც, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, არალეგიტიმურია, საარჩევნო პროცესში იყოს ჩართული. ასეთ დომხალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გამოვიდეს ამ ხელმოცარულებისგან? ამიტომაც არის, რომ ცდილობენ, ყველა პატარა თუ დიდ ტრაგედიაზე ხელი მოითბონ და პოპულისტური განცხადებები აკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

“დაფინანსების ნებისმიერი წყარო გამჭვირვალეა, ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პარტიას, ამას ვერ დამალავს” – სერგო ჩიხლაძე

დაფინანსების ნებისმიერი წყარო გამჭვირვალეა, ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პარტიას, ამას ვერ დამალავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძე გამოეხმაურა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

„აუდიტის სამსახური ისედაც აკეთებს ამას, ეს მისი საქმიანობის სფეროა და ამიტომ ახლა ეს რაღაც ახალი შეკვეთილი კამპანიაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაღაც სიახლე და აურზაური თუ ქარიშხალი ჭიქაში რასაც ჰქვია. აუდიტის სამსახური აკეთებს ამას, გამჭვირვალეა ეს ყველაფერი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. ჯიბის ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიიღონ ამაზე ინფორმაცია.

ესეც არის ტყუილი, რადგან გამჭვირვალეა დაფინანსების ნებისმიერი წყარო. ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პარტიას, ამას ვერ დამალავს. ყველაფერი დევს გამჭვირვალედ. იმავე აუდიტის საიტზე შეუძლია შევიდეს ყველას და ნახოს. არ ვიცი, რას ემსახურება ეს ამდენი სისულელის ფრქვევა“,  – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკითაა გაჟღენთილი -ირაკლი ქადაგიშვილი

ეს არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. არჩევნების შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას

ქადაგიშვილის განცხადებით, კელი დეგნანის განცხადება  პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელ მოწოდებას შეიცავს. მისივე განცხადებით, ახლა ელექტრონულ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა იწყება.

„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე – „გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!“ ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წელიწადნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო. ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს.

გვეუბნებიან, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდეც, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს – ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა, ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია. „ბანკსაც კი ქურდავენ“ ამ დონის თეორიაზე დაჰყავთ უკვე საქმე, რომ საზოგადოებაში დღესვე დაიწყონ მზადება და წაგებული არჩევნები რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“.

როგორც დეგნანი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.