კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკითაა გაჟღენთილი -ირაკლი ქადაგიშვილი

83
spot_img

ეს არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. არჩევნების შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას

ქადაგიშვილის განცხადებით, კელი დეგნანის განცხადება  პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელ მოწოდებას შეიცავს. მისივე განცხადებით, ახლა ელექტრონულ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა იწყება.

„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე – „გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!“ ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წელიწადნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო. ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს.

გვეუბნებიან, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდეც, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს – ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა, ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია. „ბანკსაც კი ქურდავენ“ ამ დონის თეორიაზე დაჰყავთ უკვე საქმე, რომ საზოგადოებაში დღესვე დაიწყონ მზადება და წაგებული არჩევნები რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“.

როგორც დეგნანი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.