“ეტყობა, სააკაშვილს პარტიულმა ადამიანებმა იმედები ვერ გაუმართლეს და ახლა სოფო ჯაფარიძეს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება” – გია ცაგარეიშვილი

72
spot_img

ეტყობა, სააკაშვილს პარტიულმა ადამიანებმა იმედები ვერ გაუმართლეს და ახლა სოფო ჯაფარიძეს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება ქალაქებსა თუ სოფლებში, თავიდან ბოლომდე კომიკური სიტუაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაკარგული აქვს თავისივე განცხადების საფუძველზე და მას არც აქტიურ და არც პასიურ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ აქვს.

„ეტყობა, პატიმარი სააკაშვილის სულმა რეიკარნაცია განიცადა ქალბატონ სოფოში. ვერ გეტყვით, ეს რა პროცესია. ეტყობა, პარტიულმა ადამიანებმა ვერ გაუმართლეს იმედები ბატონ სააკაშვილს და ახლა კონკრეტულად ამ ადამიანს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება ქალაქებსა თუ სოფლებში. თავიდან ბოლომდე კომიკური სიტუაციაა და არავითარი შედეგის მომტანი ეს არ იქნება. დააკვირდით პატიმარი სააკაშვილის განცხადებების დინამიკას, შეიძლება, მომავალ კვირას გააკეთოს განცხადება, რომ ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას და უკრაინის მოქალაქეა, აუცილებლად დაეხსნება საპატიმროს, წავა უკრაინაში და გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას. ერთი კვირა გაივლის და იტყვის, რომ მისი ადგილი აქ არის, ეს არის მისი ჯვარი და მისია. გავა ერთი თვე და იტყვის, არა, ისევ უკრაინაში ხედავს თავის თავს ოდესის გუბერნატორად ან რომელიმე სახლის სახურავზე მორბენალი. შემდეგ იტყვის, რომ არა, საქართველოში უნდა მას პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. ეს პოლიტიკური მეტეორიზმი მუდმივად ხდება მის თავს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, უნდა ქალბატონმა სოფომ იაროს კარდაკარ, უნდა ხაბეიშვილმა, უნდა რომელიმე სხვა ლიდერმა იაროს. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს. ისიც თავიდან ბოლომდე მანიპულაცია და სიყალბეა, რასაც მისი მშობელიც ავრცელებს და თავად ეს ვაჟბატონიც ავრცელებს ხოლმე საპატიმროდან, როდესაც ამბობს, რომ მე წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა. სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის წაურთმევია. პრეზიდენტ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მას უნდოდა ოდესის გუბერნატორობა და გამორიცხული იყო, უკრაინის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეკავა ადმინისტრაციული თანამდებობა და პოლიტიკური თანამდებობა უკრაინაში. ამიტომ მან გამოაგზავნა განცხადება, უარყო საქართველოს მოქალაქეობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და მყისიერად, ფაქტობრივად, მეორე დღეს დაინიშნა ოდესის გუბერნატორად. ახლა რატომ უნდა, შეთხზას რაღაც ლეგენდა, რომ თურმე ის არის დევნილი და მას მოქალაქეობა წაართვეს. არავის წაურთმევია მისთვის მოქალაქეობა. გამომდინარე აქედან, უნდა ქალბატონმა სოფომ იაროს, უნდა სხვამ იაროს ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა დაკარგული აქვს თავისივე განცხადების საფუძველზე და მას არც აქტიურ და არც პასიურ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ აქვს. ასეა ჩვენი კანონმდებლობით, ეს არის ევროპული სტანდარტით და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

სოფო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.