“არ მგონია, პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

57
spot_img

არ მგონია, პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს. ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, იმედი არ აქვს, რომ ფინანსების გაკონტროლება რამე კარგს მოიტანს.

„ჩვენს ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომ ყველა პარტია არღვევს მას. არცერთი პარტია – ჩვენით დაწყებული, „ქართული ოცნებით“ დამთავრებული – ლეგალურად არ მუშაობს. თუ საჭირო იქნება, შეიძლება, ყველა დააჯარიმო და დახურო კიდეც, იმხელა ძალაუფლება აქვს სახელმწიფო აუდიტს და შემდეგ ექნება ახალ სააგენტოს, ანტიკორუფციულ ბიუროს, სადაც ეს უფლებამოსილება გადადის. არ მგონია, სერიოზული იყოს და პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს. ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს. ვიდრე არ გავაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი პარტიის გაუქმება შეიძლება – მთავრობას ისეთი ძალაუფლება აქვს – და არ ვიფიქრებთ, რომ კანონმდებლობა შევცვალოთ, ეს რისკი სულ იარსებებს. პრობლემა ისაა, რომ, ჩვენ გარდა, არცერთი ოპოზიციური პარტია არ ითხოვს ამ კანონმდებლობის შეცლას. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტიების ფინანსები ასე უნდა კონტროლირდებოდეს. საქართველოში როცა ვენეციის კომისია იყო და ვთხოვეთ, კანონმდებლობა შეგვეცვალა, ოპოზიციიდან მხარი არავინ დაგვიჭირა. უცნაური სიტუაციაა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარტიების ფინანსები უნდა კონტროლირდებოდეს. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ფინანსების გაკონტროლება რამე კარგს მოიტანს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.