Home Blog Page 1705

“როდესაც რეკომენდაციების კუთხით „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტში იყო, ვაშაძეს ბრიუსელში ხვდებოდნენ”

თვალშისაცემი იყო გიორგი ვაშაძის საერთაშორისო აქტივობა, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთი-ორჯერ მქონდა საუბარი, როდესაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტში იყო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძეს ბრიუსელში სხვადასხვა კაბინეტში ხვდებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თმით, რა თქმა უნდა, როცა რადიკალებს ხვდებიან და მათ პლატფორმას უთმობენ, ამით რადიკალიზმს ახალისებენ, რაც ძალიან ცუდია.

„პოლარიზაციის შემცირება მხოლოდ ხელისუფლებას არ შეუძლია, ამაზე ოპოზიცია და უცხოელი აქტორებიც არიან პასუხისმგებელი, რომ მათი მხრიდან რადიკალების წახალისება არ მოხდეს, რაც, სამწუხაროდ, ხდება. ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ხდება მათი დაფინანსება. სხვადასხვა პლატფორმაზე მათთვის ტრიბუნის მიცემით ხდება ამ რადიკალიზმის და ზოგ შემთხვევაში, ექსტრემიზმის წახალისება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6215 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6322 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8768 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9054 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0286 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა. ე.წ. კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმა ექვსი ათასი რუბლის (დაახლოებით 65 დოლარი) ოდენობით.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ მიზნად არ გვაქვს დაჯარიმება, უბრალოდ, საჭიროა, რომ ადამიანებმა სათანადოდ ჩაცმულებმა იარონ. ვიმედოვნებ, რომ, ინფორმირების გზით, ეს საკანონმდებლო ნორმა აისახება ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებზე და ისინი დაიცავენ ელემენტარულ წესებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, დაუტ ხუტაბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 8 ივნისს ე.წ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი სხეულით ან საცურაო კოსტიუმით გამოჩენა აიკრძალა.

ისლანდიის მთავრობის განცხადებით, მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა

ისლანდიის მთავრობის განცხადებით, 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა.

განცხადება ისლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე არის განთავსებული.

„რუსეთის ფედერაციაში, სომხეთის რესპუბლიკაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში არსებული ისლანდიის საელჩოები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მიმდინარე პირობებში საელჩოს ფუნქციონირება მოსკოვში რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური სამსახურის პრიორიტეტებს არ შეესაბამება.

“გადაწყვეტილება საელჩოს დახურვის შესახებ ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტას არ გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კიევში ლიეტუვას საელჩომ შესთავაზა რუსეთში ისლანდიის წარმომადგენელს თავისი მუშაობა კიევიდან გააგრძელოს.

“არც ჩინური და არც რუსული ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს” – სანდრო რაქვიაშვილი

არც ჩინური და არც რუსული ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – მთავრობის საქმე არაა პორტის მშენებლობა, თორემ მნიშვნელობა არ აქვს ჩინელები ააშენებენ, ამერიკელები თუ არგენტინელები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი ინვესტიცია შეიძლება ყოფილიყო პრობლემური.

“ჩვენ არასწორად ვიქცევით იმ ნაწილში, რომ მთავრობა აშენებს პორტს, მთავრობის საქმე არ არის პორტის მშენებლობა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ჩინელები ააშენებენ პორტს, ამერიკელები თუ არგენტინელები. მაგრამ იმიტომ, რომ მთავრობა აშენებს და ფულს შოულობს სხვადასხვანაირად თუნდაც ჩინეთში, ეს უკვე პრობლემაა, იმიტომ, რომ პოლიტიკურ პრობლემად იქცევა. თავისთავად ინვესტიციები პრობლემა არაა, საიდანაც გინდა, იქიდან შემოვიდეს, მაგრამ პრობლემაა ჩვენი არასწორი მოწყობა შიგნით, იმდენად რამდენადაც მთავრობა არასწორად იქცევა, ნებისმიერი, იგივე ამერიკული ინვესტიციაც შეიძლება პრობლემური გახდეს. ამიტომ აქ უფრო კომპლექსური საკითხია, თავისთავად ჩინური ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც რუსული ინვესტიციები წარმოადგენს პრობლემას, არც თურქული და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამაშია პრობლემა, მთავრობა რომ ეკონომიკაში ერევა, მერე ეს ეკონომიკა კი არ ხდება, ეს ხდება პოლიტიკა. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, უკეთესია ამერიკელებთან იმეგობრო და არა ჩინელებთან, ეგ ცხადია, მაგრამ პორტს რატომ აშენებს მთავრობა, ეს არის პრობლემა, ამიტომ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ამ მთავრობის ხელში, გინდ ამერიკული იყოს გინდ ჩინური, ყველა შეიძლება პრობლემური გახდეს. სულ გვგონია, რომ ფულის წარმომავლობაა პრობლემა, მაგრამ პრობლემა ჩვენი შიდა მოწყობაა,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ მოკავშირეობას, რაქვიაშვილის თქმით, პოლიტიკურად ჩინეთთან დაახლოება არ უნდა დავუშვათ და სიფრთხილეა აუცილებელი.

“ნებისმიერ ქვეყანასთან რაც უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება მით უკეთესი, ერთადერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი არის ყველაზე აგრესიული და ტირანული ქვეყანა მსოფლიოში, რუსეთზე უარესი ქვეყანაა ბევრად, უბრალოდ გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეზობელი არ არის და ამ კუთხით, პოლიტიკურად დიდ საფრთხეს წარმოადგენს და დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ მასთან ურთიერთობის დალაგებას. ისე ზოგადად, თუ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები იმით დამთავრდება, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება, რატომაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურად დავახლოვდეთ, რომ ის რაც ჩინეთს განასახიერებს პოლიტიკურად, ჩვენზე გადმოვიდეს,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მოსკოვზე მეორე მარშამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მეორე ამბოხის საფრთხე ჩრდილავს რუსეთის ნებას, კიევზე შეტევა დაიწყოს.

„კრემლის ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, რომ კიევზე მეორე შეტევის განუხორციელებელ სურვილს მოსკოვზე მეორე მარშის შესახვედრად მომზადების გადაუდებელი აუცილებლობა დაჩრდილავს და ამ მოვლენამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი”, – წერს დანილოვი “ტვიტერზე”.

მისი თქმით, რუსეთში უკმაყოფილო საზოგადოების პროტესტი დაწყებულია და ვერაფერი შეაჩერებს.

„ტუბიდან პასტა გადმოსულია – რუსეთში სხვადასხვა ფერის უკმაყოფილო ხალხის პროტესტის ზრდა – უკან ჩაბრუნება შეუძლებელია”, – აცხადებს დანილოვი.

“ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება”

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ღმერთმა არ ქნას რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება გახდეს საჭირო. ამის შესახებ ლუკაშენკომ დასახლება ბელოვეჟსკიში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია იმ ბირთვული იარაღის ნახევარი, რომლის განთავსებასაც მეზობელ ქვეყანაში რუსეთი გეგმავს.

„ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის განთავსებას და ატომური ელექტროსადგურის არსებობას პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უსაფრთხოების ფაქტორი უწოდა.

„ბირთვულ ქვეყანას ჯერ არავინ დასხმია თავს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბელარუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა ემზადებიან, ნებისმიერ მომენტში დაიცვან ქვეყანა.

„რთული დროა. ამაზე არ ვისაუბრებ. თქვენ ამას ხედავთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენ გესმოდეთ: ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, საკმარისი ვიომეთ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. როგორც ისტორიკოსმა, მე ეს კარგად ვიცი. რამდენი ადამიანი დაზარალდა იმ საშინელ ომში, რომლის მოწმეებიც დღესაც ცოცხლები არიან. ყოველ ოჯახში დაიღუპნენ ადამიანები. ამიტომ მე არ მინდა, რომ ჩემი ხალხი, განსაკუთებით ჩემს დროს, ომობდეს. თქვენ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. ისინი ჩვენთვის ახლობელი ხალხია, უცხოები არ არიან. ბევრი ნათესავია იქ, აქ. ეს საშინელი საქმეა. ვაკეთებთ დასკვნებს, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული გაკვეთილებია. თუმცა, მინდა, რომ თქვენ გესმოდეთ, ჩვენ იარაღს არ ვაჟღარუნებთ, მაგრამ ვემზადებით, ნებისმიერ მომენტში დავიცვათ საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაღუპულია ექიმი და დაიჭრა მედდა

რუსულმა ძალებმა ხერსონში ჯანდაცვის დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ექიმი დაიღუპა და ექთანი დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, – განაცხადა ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.

ხერსონის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორციელდება ზომები აგრესორი ქვეყნის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფიქსირებლად.

“ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შედეგია” – შოთა ბურჯანაძე

6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა სამუშაოებმა და ავიარეისების დამატებამ საქართველოში ტურისტებისა და შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

„კოვიდ პანდემიის შემდეგ რომ გაიზრდებოდა ტურისტების რაოდენობა და შემოსავლები ამის ოპტიმიზმი გვქონდა, მაგრამ ეს ზრდა გადადგმული ნაბიჯების გარეშე არ მომხდარა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზრუნავს, რომ საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოვიდნენ, ასევე მნიშვნელოვანია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დამატებული ფრენები აზიიდან და ევროპიდან. შესაბამისად ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგიც გამოიღო და დღეს უკვე 2019 წელთან შედარებით გვაქვს 100 %-ზე მეტი ზრდა შემოსავლებში, რაც რა თქმა უნდა ამ გაწეული სამუშაოების შედეგია“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით. წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით.

“უკრაინა თეთრი სახლის მხარდაჭერის დაკარგვისათვის უნდა მოემზადოს“ – The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას „უკრაინა თეთრი სახლის [მხარდაჭერის] დაკარგვისათვის უნდა მოემზადოს“ (ავტორი – რიჩარდ ქემპი, სამხედრო ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გაჭიანურებული კონტრშეტევის პირობებში დრო უკრაინის მხარეზე არ არის. უკრაინელებს უწევთ არამარტო უძლიერესი რუსული თავდაცვის გამაგრებული ხაზის გადალახვა, არამედ აღმოსავლეთევროპული კლიმატისა და აშშ-ის წინასაარჩევნო პოლიტიკის გათვალისწინებაც.

მიუხედავად გარკვეული იმედგაცრუებისა უკრაინის არმიის წინსვლასთან დაკავშირებით, სამხედრო ენაზე თუ ვიტყვით, უეჭველია, რომ სანამ უკრაინის არმია „სუროვიკინის ხაზის“ გარღვევას მასიურად დაიწყებს, აუცილებელია ჯერ საომარი ველი მცირე შეტაკებებით შეისწავლოს და გენერალური ბრძოლისათვის მოემზადოს. ბოლოსდაბოლოს, 1991 წელს ერაყზე თავდასხმის წინ დასავლურმა სამხედრო კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური საჰაერო კამპანია ჩაატარა, რომელიც დაახლოებით იმდენივე ხანს გრძელდებოდა, რამდენ ხანსაც უკრაინის კონტრშეტევა.

უკრაინის არმია, რომელსაც მოწინააღმდეგისათვის დარტყმების მისაყენებლად ავიაცია არ აქვს, კონტრშეტევის მომზადების დროს იძულებულია დაზვერვას, სარაკეტო ქვედანაყოფებს და არტილერიას დაეყრდნოს, რათა მტრის ფრონტის ხაზის პოზიციები და ზურგის ობიექტები გაანადგუროს. იმავდროულად უკრაინელები ლოკალური შეტაკებების დროს მოწინააღმდეგის თავდაცვის სუსტ ადგილებს ეძებენ და პოულობენ კიდეც. ახლა, როგორც ჩანს, კიევმა შეტევის ყველაზე ხელსაყრელი მიმართულება განსაზღვრა – ზაპოროჟიედან სამხრეთით, ქალაქ მელოტოპოლისაკენ და შემდეგ – აზოვის ზღვისკენ. ალბათ, ამ მიმართულებით მთავარი შემტევი ძალა ნატოს მიერ გაწვრთნილ მე-10 ოპერატიული კორპუსი იქნება, რომელსაც ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრა ძალუძს, ყირიმის იზოლირების მიზნით.

მაგრამ როდის გაარღვევს უკრაინის არმია რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების პირველ ხაზს? ან გაარღვევს კი? ეს ჯერ უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ ბრძოლები ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი იქნება. მელიტოპოლისაკენ ყოველი მეტრი დანაღმულია, ყოველი კილომეტრი მოფენილია სატანკო „ხაფანგებით“, ტრანშეებით, საცეცხლე-საარტილერიო დოტებით, მრავალჯერადი მავთულხლართებით… და რაც ძალიან ცუდია უკრაინელებისათვის, ჰაერში რუსეთის ავიაცია ბატონობს – დამრტყმელი ვერტმფრენები და რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები…

თანამედროვე ომების შედეგებს ზუსტად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, პროგნოზების გაკეთება რთულია – გაიმარჯვებს თუ არა საბოლოოდ (ან ნაწილობრივ მაინც) უკრაინა, ეს არც კიევში და არც მოსკოვში წინასწარ არ იციან. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე ზაფხულის ძვირფასი ორი თვე დაიკარგა კონტრშეტევის მთავარი მიმართულებების ძიებაში და მტრის სუსტი ადგილების პოვნაში, ეს არცთუ სასიამოვნოა. ახლოვდება შემოდგომა: სექტემბრამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება, ამინდი გაუარესდება და უკრაინის შავმიწანიადაგიან ტერიტორიაზე გამავალი გრუნტის გზები ისე ატალახდება, რომ იქ ვერანაირი მძიმე ტექნიკა ვეღარ გაივლის. სამხედრო თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მსხვილი კონტრშეტევა შეჩერდება, ნოემბერ-დეკემბრის წაყინვებამდე და შეიძლება მომავალი წლის ზაფხულამდეც კი: გააჩნია, როგორი სამხედრო-პოლიტიკური და საერთაშორისო სიტუაცია იქნება. ეს გარემოებები კარგად ესმით როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს.

მაგრამ არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, ვიდრე კაპრიზებიანი შემოდგომა და ზამთარი, რომელიც ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია – ესაა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. დიდი ალბათობით, ეს ფაქტორი კიევის წინააღმდეგ იმუშავებს.

ჯო ბაიდენს, ალბათ, სურვილი აქვს, რომ ეს ომი მანამდე დასრულდეს, სანამ წინასაარჩევნო კამპანია სერიოზულად გააქტიურდება: მან კარგად იცის, რომ აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ომი არასასურველ მოვლენას წარმოადგენს. საომარი მოქმედებების გაგრძელება, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ხმებს დაუკარგავს – მით უმეტეს, თუ უკრაინას საქმე გაურთულდება. ამ შემთხვევაში ჯო ბაიდენს საარჩევნო ურნებთან უკმაყოფილება ელოდება, ყველაფერს მას დააბრალებენ.

რა თქმა უნდა, ამერიკელებს სხვა პერსპექტივაც აშფოთებთ, რომელიც შესაძლოა უფრო ძლიერი შიშია, ვიდრე გაჭიანურებული ომის შიში. ესაა უკრაინის სავარაუდო გამარჯვება, რომელიც კრემლის კოლაფსს გამოიწვევს და რუსეთის პოტენციურ დაშლას. ეს იქნება ისეთი კატასტროფული მოვლენა, რომელიც დიდ გეოსტრატეგიულ ძვრებს და ქაოსს გამოიწვევს მსოფლიოში, გლობალური უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის ჩათვლით. ეს შეიძლება მოხდეს, ან არ მოხდეს, მაგრამ ის თეთრი სახლის ჩინოვნიკების სულში ცნობიერებაში ცოცხლობს და ცნობიერებაზე გავლენას ახდენს.

ამით გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომაა ამერიკა გულუხვი უკრაინის მიმართ, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. ცხადია, ვაშინგტონს შეეძლო კიევისათვის მეტი მიეცა და უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა აძლევს. ამის ნაცვლად ბაიდენის ადმინისტრაცია იმდენი გასცა, რამდენიც აუცილებელი განსაზღვრული წარმატების მისაღწევად, მაგრამ არასაკმარისია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სრული დამარცხებისათვის. ამის მაგალითის სახით შეიძლება დავასახელოთ უკრაინისათვის ავიგამანადგურებელ F-16-ისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმა. კიევს რომ ასეთი თვითმფრინავები და რაკეტები ჰქონოდა, მნიშვნელოვანი უპირატესობით ისარგებლებდა. თეთრის სახლის უსაფრთხოების სფეროს მრჩევლები თვლიან, რომ ამ იარაღს უკრაინისათვის კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა შეიძლება სასარგებლო იყოს სამომავლოდ, ხანგრძლივი თავდაცვისათვის.

იმავეს ფიქრობს აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის ნატოში მიღების თაობაზეც: მსგავსი მომენტები პოლიტიკური თამაშების დროს იქნება გამოყენებული, ვთქვათ, სამშვიდობო მოლაპარაკების დროს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე. არ არის გამორიცხული ამ საკითხზე საიდუმლო კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში ვაშინგტონელ და მოსკოველ კოლეგებს შორის.

აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი რამ გაირკვევა. უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობა, მაგრამ როგორ განხორციელდება, ჯერ-ჯერობით მოფიქრებული არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს მაინც დაიბრუნებს ცეცხლის შეწყვეტამდე, ასეთ სიტუაციაში დაწყებული მოლაპარაკება რუსეთისათვის დამარცხების ნიშანი არ იქნება. კრემლი, სავარაუდოდ, გაჯიუტდება და უკან არ დაიხევს.

როგორც ჩვენ ვნახეთ უფრო ადრე, როცა მოსკოვმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილების ოკუპირება მოახდინა, კრემლის ამბიციები საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ არ გაქრება. თუ რუსეთის ბრძოლის ველზე არ იქნება დამარცხებული, აგრესიის განახლება მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ, როგორც ჩანს, აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2024 წლის ნოემბრის შედეგები აინტერესებს, როცა ამერიკელები საარჩევნო ურნებთან მივლენ.

წყარო

„გამოვა თუ არა იტალია ჩინური პროექტიდან „ერთი გზა – ერთი სარტყელი“, ანუ როდის გათავისუფლდება რომი პეკინის ბრჭყალებისაგან“

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „გამოვა თუ არა იტალია ჩინური პროექტიდან „ერთი გზა – ერთი სარტყელი“, ანუ როდის გათავისუფლდება რომი პეკინის ბრჭყალებისაგან“ (ავტორი – იან უილიამსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო დროს მსოფლიო სულ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდება ჩინურ ინიციატივას „ერთი გზა – ერთი სარტყელს“ (BRI – Belt and Road Initiative), მაგრამ არცერთი სახელმწიფო არ გამოსულა პეკინის მიმართ ისეთი კრიტიკით, როგორც ეს იტალიამ გააკეთა: თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ თავისი ქვეყნის გადაწყვეტილებას აღნიშნული სქემისადმი (ინიციატივისადმი) მიერთების შესახებ „იმპროვიზირებული და დაუფიქრებელი“ უწოდა. ამ ორი დღის წინათ გაზეთ „კორიერე დელა სერასათვის“ (Corriere della Sera) მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ იტალიისათვის ძალიან მცირე სარგებლის მომტანია და ამიტომ, მისი აზრით, უახლოეს ხანში მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი უნდა იყოს „ჩინეთის ბრჭყალებისაგან გათავისუფლება“.

ჩინური ინიციატივა ხშირად არის წარმოდგენილი ისეთ საერთაშორისო პროექტად, რომლის წყალობით მსოფლიო კიდევ უფრო უკეთესი გახდება – ჩინელები ყველგან გაიყვანენ გზებს და მაგისტრალებს, ააგებენ რკინიგზებს, საზღვაო პორტებს, ელექტროსადგურებს… სინამდვილეში კი „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ პეკინის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს გავლენის გასაფართოებლად. მასში ჩართულ ქვეყნებს უამრავი ვალი უგროვდებათ…

როგორც იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აცხადებს, ჩინური პროექტი იტალიისათვის წამგებიანია, პეკინი ცდილობს მხოლოდ თავისი ინტერესები განახორციელოს: ჩინეთის ექსპორტი მატულობს, იტალიური კი მცირდება.

იტალია BRI-ს ინიციატივას 2019 წელს შეუერთდა, ჯუზეპე კონტის მთავრობის მმართველობის პერიოდში. შეთანხმებას ხელი მოეწერა რომში სი ძინპინის ხამაურიანი და პომპეზური ვიზიტის დროს – მას ქვეყნის ხელმძღვანელობა გადაჭარბებული პატივით მოეკიდა. სი ძინპინს და მის მეუღლეს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მიტარელამ დიდი საღამო მოუწყო ანდრე ბოჩელის გამოსვლის ჩათვლით. შესაბამისად, იტალია პირველი სახელმწიფო იყო „დიდი შვიდეულიდან“, რომელიც „ერთი გზა – ერთ სარტყელს“ შეუერთდა, რაც ტავის დროზე პეკინმა დიდ დიპლომატიურ გარღვევად შეაფასა დასავლეთის მიმართ. ბუნებრივია, იტალიამ ამის გამო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან საყვედურები და კრიტიკა დაიმსახურა – ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩინურ ინიციატივას „ტროას ცხენად“ თვლიან – როგორც მსოფლიოში პეკინის ინსტერესებისა და გავლენის რეალიზების უმნიშვნელოვანეს საშუალებას.

ახლა იტალიას დეკემბრამდე აქვს ვადა, რომ პეკინს სქემიდან გამოსვლა შეატყობინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წევრობა BRI-ში ავტომატურად გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმაც ვარაუდი გამოთქვა, რომ იტალია, ალბათ, შეთანხმებას არ გააგრძელებს. რომის განზრახვამ პეკინის მუქარები გამოიწვია – „ცისქვეშეთისათვის“ იტალიის დემარში სერიოზული დიპლომატიური მარცხი იქნება. ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ BRI-დან გასვლა იტალიისათვის ავტორიტეტისა და რეპუტაციისათვის ზიანის მომტანი იქნება. სხვათა შორის, ბოლო დროს ჩინელი დიპლომატები აქტიურად ლობირებდნენ ჩინურ ბიზნესს იტალიაში, რაც, თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის რისხვის მიზეზი გახდა. გვიდო კროზეტოს თქმით, მას, რასაკვირველია, არ სურს, რომ იტალია დაზარალდეს, მაგრამ აშკარად შეშფოთებულია პეკინის განზრახვით, რომლის თანახმად, ჩინეთის არმია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან არმიად უნდა გადაიქცეს. „ჩინელი კომუნისტები თავიანთ მიზნებს არ მალავენ და ღიად აცხადებენ“, – ამბობს ინტერვიუში გვიდო კროზეტო.

ჩინეთსა და იტალიას შორის ურთიერთობა შესამჩნევად გაუარესდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. იტალიის პარლამენტის უშიშროების საკითხების კომიტეტმა მოხსენება წარადგინა, რომლის მიხედვით, ჩინეთის კომუნისტური პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა, თითქოსდა ვირუსის სამშობლოს იტალია წარმოადგენდა (იმ მიზეზით, რომ პანდემია ევროკავშირის ქვეყნებში პირველად იტალიაში დაიწყო). მოგვიანებით, ჩინეთის ოფიციალური ტელევიზიით გავრცელდა კადრები, რომელშიც ბალკონებზე გადმომდგარი იტალიელები ტაშით ხვდებოდნენ ჩინეთის ეროვნულ ჰიმნს, ხოლო მედიცინის მუშაკები მადლობას უხდიდნენ ჩინეთს დახმარებისთვის. ეს კადრები ყალბი აღმოჩნდა.

ამერიკული საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის AidDataს მონაცემებით, დღეისათვის ჩინეთი ინიციატივა „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ჩარჩოებში მსოფლიოს 165 ქვეყანაში 13 ათასზე მეტ პროექტს ახორციელებს. თუ იტალია მართლაც დატოვებს ამ პროექტს, ეს ფაქტი ჩინეთის კომპარტიის პრესტიჟისათვის დიდი დარტყმა იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო დროს, ჩინეთის განვითარების ტემპების შენელების კვალობაზე, BRI-ს პროექტიც სერიოზულ სიძნელეებს განიცდის – პეკინი მის დაფინანსებას ამცირებს და მზარდ ვალებს ებრძვის.

რუსეთი და ჩინეთი იტალიას წარსულში მორჩილ და უპრეტენზიო ეკონომიკურ პარტნიორად თვლიდნენ. დღეს ჩინეთის კომპარტია თავისი დიპლომატების მობილიზებას ახდენს, რომ BRI-ს მიმართ იტალიაში სტატუს-ქვო შეინარჩუნოს, მაგრამ პეკინი სულ მალე დარწმუნდება, რომ იტალია ჩინეთის „ზრუნვას“ უკვე საკმარისად და მომაბეზრებლადაც კი თვლის.

წყარო

“ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა დაისაჯოს, „გრუზიად“ რომ არ გადავიქცეთ” – ლევან ანთაძე

ყველა მოძალადე პოლიციელი უნდა დაისაჯოს, „გრუზიად“ რომ არ გადავიქცეთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ანთიძემ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის დაზიანებების მიყენების შესახებ ბრძანება გუშინ პოლიციას სწორედ „რუსულმა ოცნებამ“ დაავალა. ამასთან, დაკავებული ილია ანთიძის მამა ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვინც გუშინ ბათუმში მოქალაქეებს ძალადობდა.

„ფაქტი ერთია, აქ ბრძანება ჰქონდათ ამ რუსი „ქოცებიდან“, რომ რაც შეიძლება მძიმე დაზიანებები მიეყენებინათ დაპატიმრებულებისთვის, ამას მაქსიმალურად ასრულებდნენ ჩვენი, აჭარის მილიციის ზონდერები, ხელმძღვანელები.

სპეცრაზმი ჰყავდათ შემოყვანილი, რომელთა საქმე ადამიანების დარბევა კი არა, კრიმინალთან ბრძოლაა.

ხელმძღვანელიდან დაწყებული, ბოლო პოლიციელამდე, ყველა ვინც ძალადობდა, ყველა უნდა დაისაჯოს, რომ არ გადავაქციოთ საქართველო „გრუზიად“ და ღორების ქვეყნად“,- განაცხადა ლევან ანთაძემ, რომლის კომენტარსაც პარიის პრესსამსახური ავრცელებს.